ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსური ოპოზიციის გამარჯვება


სამხრეთ ოსეთში პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფების პროცესი ძალას იკრებს. როგორც მოსალოდნელი იყო, დე–ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტი ახალ კადრებს ნიშნავს და კოკოითის ხალხს ათავისუფლებს. ზოგადად, საზოგადოება სამხრეთ ოსეთში ოპტიმისტურადაა განწყობილი, რაზეც განსაკუთრებული გავლენა კრემლის პოლიტიკამაც მოახდინა. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კრემლმა ერთი საინტერესო ნაბიჯი გადადგა. რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობა დაატოვებინეს სერგეი ვინოკუროვს, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის საგანგებო კადრს, რომელიც სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა. მას საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ვინოკუროვი იყო ის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც გასული წლის ნოემბერ–დეკემბერში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც საქმე კინაღამ ოსურ რევოლუციამდე მივიდა, ცხინვალში ჩავიდა და იქაური ოპოზიციის ლიდერისგან, ალა ჯიოევასგან აქციების დაშლაზე ხელმოწერა მიიღო. ოსური საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციის ჩათვლით, ვინოკუროვს ახასიათებდა როგორც ჩინოვნიკს, რომელიც კრემლს სახელს უტეხდა ოსეთში, რადგან მის მიერ გაცემული დაპირებებიდან არც ერთი არ შესრულდა. ახლა, როდესაც არჩევნებმა ჩაიარა და დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთს პრეზიდენტიც ჰყავს, კრემლში ოსური ოპოზიციის მიერ დაწუნებული და შემარცხვენლად მიჩნეული ჩინოვნიკი ახალი კადრით, ვლადიმირ ჩერნოვით ჩაანაცვლეს. ოსურ ინტერნეტფორუმებში მრავლადაა ამ ცვლილებით გამოწვეული სიხარულის შეძახილები. იქ ამბობენ, რომ სამართლიანობა აღსრულდა.

ცვლილებებით ჯამბოლათ თედეევიც, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელიც გახარებულია. მას თიბილოვის ინაუგურაციისთვის ცხინვალში ჩასვლის უფლებაც კი არ მისცეს რუსული უშიშროების თანამშრომლებმა, თუმცა ტრენერმა, როგორც ჩანს თიბილოვთან შეხვედრა მოგვიანებით მაინც შეძლო. იგი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„სისხლის სამართლის საქმე მართლაც აღძრულია ხელისუფლების უზურპაციის მუხლით ჩემზე, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს. ასე რომ, ეს საქმე ჩაიფარცხება. ნოემბერ–დეკემბერში მე ცხინვალში საერთოდ არ ვყოფილვარ, უბრალოდ, კოკოითის თანაგუნდელები არ მაძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აქ რუსული უშიშროებაც არაფერ კავშირშია. საერთოდ, იმ აზრის ვარ, რომ ადამიანს არ შეიძლება ვინმემ დაუშალოს სამშობლოში წასვლა. კოკოითის დროს კი ცხინვალში ჩასვლის უფლება მოსახლეობის 50 პროცენტს არ ჰქონდა,“– აცხადებს ჯამბოლათ თედეევი.

ორი დღის წინ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქალაქ ოზერკსთან აფეთქდა ავტომანქანა, რომელიც ვადიმ ბროვცევს, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ეკუთვნოდა. მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება თიბილოვმა ახლახანს გამოსცა. ავტომანქანას ბროვცევის მამა მართავდა.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ამ დრომდე არაფერი განუცხადებია ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრების შესახებ, რომლებიც ნოემბერ–დეკემბერში განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგი ირწმუნებოდა, რომ მათ გაათავისუფლებდა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება სოსლან კოკოევიც, ოპოზიციური საიტის, „უასამონგას“ დამფუძნებელი. იგი ვლადიკავკაზში ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდის სასჯელს. პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი კავკასიის საკთხებში აცხადებს, რომ ბოლოდროს თიბილოვის მიერ განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, მათ შორის გენერალური პროკურორის ცვლილებაც მიანიშნებს, რომ იგი პოლიტიკური პატიმრების საკითხს აუცილებლად შეეხება.

დუშანბეს დიპლომატიური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში მოუწოდებს ტაჯიკეთის მოსახლეობას თავი შეიკავონ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გადაადგილებისგან. კანდონმდებლობის მიხედვით, ტაჯიკეთის მოქალაქეებს უფლება არ აქვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ 90 დღეზე მეტ ხანს. ამის გამო, ხშირად ისინი გადადიან სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში, გადაკვეთენ რუსეთის ფედერაციის საზღვარს და შემდეგ ცდილობენ დაბრუნდნენ უკან ისევ 90 დღით. თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, საელჩოს ცნობით, საბუთების მოწესრიგება გაუთვალისწინებელ პრობლემებს წარმოქმნის, რომელთა მოგვარება ტაჯიკეთის დიპლომატიურ კორპუსს აწვება მხრებზე. ამიტომ იგი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები მოაგვარონ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არამედ სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთით რუსეთის ფედერაციასთან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG