ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ცხინვალში რვა აპრილსაა დაგეგმილი.

ერთ–ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელდა კადრები, სადაც გასული წლის ნოემბერში დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა ჩანს. ვიდეო ცხინვალის სომატურ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდშია გადაღებული. კადრების ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯიოევა თანამოსაუბრესთან საიდუმლოდაა განმარტოებული სავარაუდოდ, საპირფარეშო, ან სააბაზანო ოთახში. იგი დაბალი ხმით საუბრობს, ცრემლებს ვერ იკავებს, იხსენებს საკუთარი დაკავების ამბავს და გამოთქვამს იმედს, რომ ხმას ვინმეს მიაწვდის.

„რაც ჩემს თავს მოხდა, არანაირად არ მოველოდი, მეგონა, ამგვარი რამ მხოლოდ ფილმებში შეიძლებოდა მომხდარიყო. მგონი ექვსნი იყვნენ თავიდან, რომ შემოვარდნენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები, ექვსივე მეცა და სხვადასხვა მხარეს დამიწყეს გაქაჩვა. ერთი კისრით მითრევდა, მეორე ხელით, მესამე ჩემს მეორე ხელს ექაჩებოდა. ამ დროს ქალები შემოცვივდნენ იმ ოთახში, სადაც ვიყავით და ხელი გამიშვეს. როგორც გადამწიფებული საზამთრო, დავეცი ძირს. დღემდე ყველაფერი მტკივა შინაგანად. მე არ მქონია არანაირი ინსულტი, ან ინფარქტი. მე მქონდა უმძიმესი სტრესი, იმასთან დაკავშირებით, რომ ასე გამისწორდნენ ფიზიკურად. რადგან ვერასდროს დავუშვებდი, რომ სამხრეთ ოსეთი და რუსეთი, რომელსაც მე მივეცი ჩემი სული საუკეთესო ნაწილები, ამ ასაკში, ასეთი დაცინვის უფლებას მისცემდნენ თავს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი გაკვეთილი. ისე ძლიერად მიტრიალებდნენ თავს, თითქოს კისერს მწყვეტდნენ. ხომ იცით, ძველ დროში ადამიანს რომ მიაბამდნენ ოთხ ცხენს და სხვადასხვა მხარეს ითრევდნენ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სული მტკივა. როგორც ჩანს, ჩვენ ისევ ვართ სხვადასხვა ბინძური ტექნოლოგიისთვის საცდელი მინდორი და ეს სავსებით ცხადია. თუმცა არავის სურს ამის დანახვა. ღმერთო ჩემო, მიჭირს წარმოდგენა, რას გვიშვრებიან ასეთ ერთგულ ხალხს რუსეთის მიმართ.“ .

ჯიოევა საკუთარი გარემოცვის დევნის ფაქტებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისთვის არსად იძებნება იური კოკოევი და მისი სხვა თანგუნდელებიც. მას შემდეგ, რაც ჯიოევას სახლში ძალოვანები შეიჭრნენ და ძალადობრივი გზით მოუსპეს მას პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება, ჯიოევას სახლში მომდარი ფაქტების შესახებ დეტალურად ორმა თვითმხილველმა ისაუბრა. ამერიკის ხმამ ორივე ამ ადამიანის კომენტარი ადრევე შემოგთავაზათ. ერთ–ერთი თვითმხილველი სწოდედ იური კოკოევი გახლდათ.

„მეუღლეს ვუთხარი, რომ როდესაც დადგება ჩემი უკანასკნელი წამი, მენდომება ვთქვა, რომ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც მექნება მოვალეობები, მაგრამ სადაც მე ასევე მექნება უფლებები, რადგან მე ადამიანი ვარ. კიდევ დავწერე მორიგი განცხადება ბროვცევის მიმართ და მოვთხოვე პასუხი განუკითხაობებზე, რაც მოხდა, უკვე მეოთედ მივმართე. ახლა დამაპატიმრებენ, თუ არა, აბსულუტურად აზრი აქვს დაკარგული. რა დავაშავე? ის, რომ არჩევნებში გავიმარჯვე? ესაა ჩემი ბრალი? მაგრამ რუსეთის წინაშე რაღა დავაშავე? თუ ჩემი მიმართვა არ გაჭრის, მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ბროვცევის მიმართ, როგორც რუსეთის მოქალაქე რუსეთის მოქალაქის მიმართ და თუ ესეც არ იმოქმედებს, მივმართავ სტრასბურგს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისთვის როგორც ჩემი, ასევე ჩემი მომხრეების მიმართ. არ ვიცით სადაა ჩემი კლასელი იური კოკოევი, უწესიერესი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იყო, ასევე ალიკ კოკოევი. მადლობელი დაგრჩებით, თუ ჩემი ხმა მიაღწევს რუსეთის მოქალაქეების ყურამდე.“

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ჯიოევა რუსეთისთვის მიუღებელი ფიგურა იყო:

„მათ ჭირდებათ ისეთი კადრი სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების ასრულება შეეძლება. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ რუსეთს იქ დასჭირდა სამხედრო ბაზებისთვის რამდენიმე სოფლის აღება, ისინი გარანტირებულად დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს შესრულდება. ჯიოევა კი არ იყო ისეთი ფსიქოტიპი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინტერესის იგნორირებას შეძლებდა,“– ამბობს ექსპერტი.

ამჟამად ჯიოევა საკუთარ სახლში, ფაქტობრივ შინაპატიმრობაში იმყოფება. იგი საავადმყოფოდან დამოწერეს, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა იმ დაინტერესებული ჟურნალისტების „მოგერიება“ დამაჯერებელი მიზეზებით, რომლებიც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში არჩევნების გამო ჩავიდნენ და ჯიოევასთან შეხვედრას ცდილობნენ.

მეორე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ცხინვალში რვა აპრილსაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG