ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოში მყარი მხარდაჭერა აქვს


NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო

35%-დან 41%-მდე გაიზარდა იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც თვლის რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე „ჰიბრიდული ომის“ ფონზე, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას მოსახლეობის 77 პროცენტი უჭერს მხარს. ნატოში გაწევრიანებას კი 72-მა პროცენტი ემხრობა.

ასეთი შედეგი აჩვენა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევამ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ჩატარდა. სულ 4000-მდე რესპოდენტი გამოიკითხა.

ნიშანდობლივია, რომ ორივე ეს მაჩვენებელი შემცირებულია. 2013 წლის ნოემბერში, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა - 85 პროცენტი, ნატოში შესვლას - 81 პროცენტი უჭერდა მხარს.

ნოემბერთან შედარებით, 36 პროცენტიდან 50 პროცენტადმდე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. 32 პროცენტი ამბობს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია და მხოლოდ 13 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს

„საქართველოს დღის წესრიგი ევროპული და ევროატლანტიკური განსაზღვრულია. ვერაფერი შეაჩერებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შესაძლოა ასეთ კვლევებში მომხრეთი რიცხვი გაიზარდოს ან პირიქით, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც (რაიმე ცვლილების) მაჩვენებელი არ არის.“

ევროინტერგარციის მომხრეთა მცირედი შემცირების ფონზე, ნოემბერში არსებული 35 პროცენტიდან, 41 პროცენტამდე გაიზარდა იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც თვლის რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. პარალელურად, 54 პროცენტიდან (ნოემბერი) 46 პროცენტამდე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც მიაჩნია რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.

საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებები ჩანს სხვა მიმართულებითაც. 2013 წლის ნოემბერში, 53 პროცენტი ფიქრობდა, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ახლა ასე მხოლოდ 36 პროცენტი ფიქრობს.

უკვე 19 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტი იყო. 73 პროცენტიდან 55 პროცენტამდე შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა ვინც თვლის, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ ნაკლად, 62 პროცენტი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებიდან წასვლის მიუხედავად, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად, რაც 49 პროცენტს არ მოსწონს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა და ქართული საზოგადოების მიერ ევროინტეგრაციის მხარდაჭერა შეაფასა.

„ზოგადად ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს მოსახლეობაში ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის დიდი ტენდენცია არსებობს. საქართველო მტკიცე ნაბიკებს დგამს ევროპისკენ და ივნისის თვეში დაგეგმილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მხრივ. საქართველოს სერიოზულ პროგრესს აჩვენებს ამიტომ ეს მაჩვენებელი მე არ მაკვირვებს.“

ახალი კვლევის მიხედვით, საზოგადოებისთვის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა: სამუშაო ადგილები (61%), ტერიტორიული მთლიანობა (37%), სიღარიბე (30%), ხელმისაწვდომი ჯანდაცვა (25%) და პენსიები (24%).

გამოკითხულთა 69 პროცენტი ამბობს, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა - 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იგივე დარჩა, 19 პროცენტი მიიჩნევს რომ გაუარესდა და მხოლოდ 13 პროცენტმა უპასუხა რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG