ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასოცირების შეთანხმებებით ევროპა ქვეყნებს საკუთარ ორბიტაზე ამაგრებს


ჰერმან ვან რომპოი
ჰერმან ვან რომპოი
ჰერმან ვან რომპოი ოთხშაბათს, თბილისში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და აღუთქვა, რომ ივნისის ბოლოსთვის, ევროკავშირი [საქართველოსთან] ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერს, რაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება.

„ამჟამად, საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ არ არის, მაგრამ შესაძლოა ეს მოხდეს და ამიტომ აქ ვართ ქართველების მხარდასაჭერად, იმის საჩვენებლად, რომ ისინი მარტო არ არიან, და დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფო მათთან არის და ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს.“

2008 წელს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების გამო, რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. მოსკოვმა მოგვიანებით მათი დამოუკიდებლობა აღიარა.

ევროპა და დასავლეთი შიშობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინისთვის მოსკოვი მსგავს სცენარს ამზადებს, სადაც კვირას, სეპარატისტებმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს. შედეგებმა კიევისგან გამოყოფისადმი უპირატესი მხარდაჭერა აჩვენა. კრიტიკოსებმა ამ კენჭისყრას უკანონო უწოდეს.

თბილისის ვიზიტამდე, ჰერმან ვან რომპოის მოლდოვაში, საპატიო ყარაულით დახვდნენ. მოლდოვამ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს უნდა მოაწეროს.

ნიკოლას რედმენი, ლონდონში ბაზირებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტიდან ამბობს, რომ დასავლეთი უკანდახევას არ აპირებს.

„ასოცირების ხელშეკრულებებზე ხელმოწერა იმის სიგნალია, რომ ევროპელები ამას სერიოზულად ეკიდებიან, რომ ამას არ გაურბიან, რომ მზად არიან ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე გავლენისა და უპირატესობისთვის რუსეთს მეტოქეობა გაუწიონ.“

მოლდოვას ევროკავშირთან კავშირს, პრო-რუსული, სეპარატისტული დნესტრისპირეთი ართულებს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას შორის არის მოქცეული.

ამ რეგიონმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ის არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. ამ ტერიტორიაზე ათასზე მეტრი რუსი სამხედროა განლაგებული.

აპრილში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ დნესტრისპირეთის მოსახლეობას მოლდოვის კვალდაკვალ წასვლა არავინ უნდა აიძულოს.

პუტინმა თქვა, რომ ამ რეგიონში რუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, და რომ მათ მომავლის შენების და თავისი ბედის საკუთარი ხედვა გააჩნიათ, ამ ადამიანებს იმის უფლებას თუ მივცემთ, რომ საკუთარი სურვილი აისრულონ, ეს არაფერია, თუ არა დემოკრატიის გამოვლენა.

ორისია ლუცევიჩი, "ჩატამ ჰაუსის" პოლიტიკის ინსტიტუდიან ამბობს, რომ ოდესაში, პრო-რუსულ და პრო-კიევურ მხარდამჭერთა შორის ახლახანს მომხდარმა ძალადობამ დნესტრისპირეთში რუსეთის კავშირებზე ყურადღების გამახვილება გამოიწვია.

„უკრაინაში არსებული კორუფციის იმ დონის გამო, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ოდესა იმ ტერიტორიების სავაჭრო გაცვლის და კონტრაბანდის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი იყო, სადაც დნესტრისპირეთიც შედის. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ გზას, რომელიც სამხრეთის დერეფნის გავლით, დნესტრისპირეთიდან ოდესაზე ტრანზიტით რუსეთისკენ მიდის.“

ივნისში, საქართველოსთან, მოლდოვასთან და შესაძლოა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მეშვეობით, ევროპა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების საკუთარი გავლენის ორბიტაზე დამაგრებას ცდილობს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია რუსეთმა ამ პროცესების უმტკივნეულოდ განხორციელების შესაძლებლობა დაუშვას.
XS
SM
MD
LG