ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს


"ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირს საშუალებას მისცემს უკეთესად შეაფასოს საქართველოში დანერგილი სტანდარტები"- ჰერმან ვან რომპოი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი თბილისში ევროპის სახლში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მას შემდეგ, რაც საქართველო ივნისის ბოლოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მისი თქმით:

"საქართველომ „გადაწყვიტა აერჩია დემოკრატიული მიმართულება, როგორც გარანტია კეთილდღეობის და ქვეყნის ერთობის. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს მხოლოდ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გამყარებას. ეს ნიშნავს თქვენს ქვეყანასა და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება 28 ქვეყნის პრეზიდენტის, ან პრემიერების მიერ.“

რომპოის განცხადებით, საქართველოში არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე და განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირს საშუალებას მისცემს უკეთესად შეაფასოს საქართველოში დანერგილი სტანდარტები „გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, იყოს ბიზნესის წარმოების უფრო ხელსაყრელი გარემო, სანდო და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.“

რომპოიმ აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ არის საბოლოო მიზანი. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის „ახალი ფაზის დასაწყისი იქნება.“

მისი თქმით, ევროპული გზის არჩევით საქართველო „გამოხატავს თავის ვალდებულებას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, საკუთარი მოქალაქეების უფლებების პატივისცემის და კანონის უზენაესობის მტკიცე მხარდაჭერის მიმართ.“
XS
SM
MD
LG