ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

7 წელი: „კაბელების საქმის“ მძიმე ფინალი


ბრალდებულები სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს

„ამ საქმეზე არსებობდა და ახლა არსებობს კითხვის ნიშნები“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისთვის გამოცხადებულ, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის გახმაურებულ საქმეზე დღეს დადგა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: 50 წლის ნუგზარ კაიაშაურს, გაერთიანებული შტაბის J6-ის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსს, 43 წლის დავით წიფურიას, იმავე დეპარტამენტში, ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსს;

34 წლის გიორგი ლობჟანიძეს, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის, არაელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსს; არჩილ ალავიძეს, იმავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და 51 წლის გიზო ღლონტს, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს;

ეს პირები განაჩენის გამოცხადებისთანავე დააპატიმრეს, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური და არეულობა მოჰყვა. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კერძოდ ბრძანა

„ამ საქმესთად დაკავშირებით თავიდანვე იყო გარკვეული კითხვის ნიშნები. ჩვენ ვსაუბრობდით პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი - საუდუმლო დაედო საქმეს, რამაც შეუზღუდა ადვოკატებს წვდომა გამოძიების მასალებზე.

ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება

ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეს, ამ განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება.“

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა. ამ დროს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდა. 30 ოქტომბერს, დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

1 ნოემბერს, თბილისში დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ალასანიამ პროკურატურის მოქმედებას „პოლიტიკურად მოტივირებული იერიში“ უწოდა, „მისი და ევროატლანტიკური კურსის“ წინააღმდეგ. უკვე 4 ნოემბერს, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი „საგამოძიებო ორგანოებთან დაპირისპირების გამო“ თანამდებობიდან გადააყენა.

გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც „კაბელების საქმის“ სახელით გაიცნო საზოგადოებამ, ეხებოდა, სახელმწიფოს თავდაცვისა და კიბერუსაფთხოების უმნიშველოვანეს კომპონენტს: თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას, შესაბამისი ქსელური აპარატურის შეძენითა და მონტაჟით.

ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2013 წლის სექტემბერში, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, საიდუმლო ტენდერში - კომპანია „სილქნეტს“ გაამარჯვებინეს. ჯამში, სახელმწიფოს ეს პროექტი 6 720 877 ლარი დაუჯდა, როცა იგივე მომსახურების მიღება , ბრალდების მტკიცებით, „სილქნეტის“ კონკურენტ „დელტაკომისგან“ (სწორედ ამ კომპანიამ იჩივლა 2014 წლის აპრილში - ზ.წ) გაცილებით იაფად - 2 618 004 ლარად შეიძლებოდა. შესაბამისად, დაკავებულებს ბრალად დაედოთ, სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვა.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ. დაცვის მხარე პროკურატურას ბრალს სდებდა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩართულ ავთანდილ გუნთიაშვილზე ზეწოლაში, რომელმაც 2015 წლის მარტში, მოულოდნელად ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას ხელი არ მოაწერა და საჯარო სამსახურში გააგრძელა მოღვაწეობა.

ასევე ისმოდა ბრალდებები „დელტაკომის“ მიმართ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას აზრით, პროკურატურამ სწორედ ეს კომპანია გამოიყენა მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე 50 პროცესი გაიმართა და ჯამში, 77 მოწმე დაიკითხა. საბოლოოდ, მოსამართლე ბუგიანიშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განაჩენით კმაყოფილია

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადექვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას.“

თავდაცვის სამინისტოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები ციხეში უკვე მეორედ შეაბრუნეს. 2014 წლის ოქტომბერში დაკავების შემდეგ, ისინი, 2015 წლის ივნისში, მოსამართლემ, ხუთი პარლამენტარის თავდებობის სანაცვლოდ, გირაოთო გაათავისუფლა. 2015 წლის აგვისტოში კი, ოთხი მათგანი: კაიშაური, წიფურია, ლობჟანიძე და ალავიძე თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზეც აღადგინეს.

სასამართლოს განაჩენს დღესვე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც განაცხადა,

უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი ალასანია

რომ „უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი - ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი.“

21 მაისს, „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარი პროკურატურის წინ საპროტესტო აქციას გეგმავენ. პარალელურად, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG