ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს „საქართველოს ბანკის“ ძარცვისთვის ბადრი ესებუას ეძებს


ბადრი ესებუას აყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა
ბადრი ესებუას აყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოსტ ფაქტუმ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდასხმა 32 წლის ბადრი ესებუამ განახორციელა.

ესებუა ყოფილი სამხედროა. თადარიგში გასვლამდე ის სენაკის სამხედრო ბაზაზე, მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, თუმცა ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, ისევე როგორც გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი 2008 წლის აგვისტოს ომისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეა.

ესებუა ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარის (ყოფილი გრიგოლიში) მკვიდრია, მის სახლში ამ დრომდე ჩხრეკა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები მეხუთე დღეა მის დაკავებას უშედეგოდ ცდილობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში სპეცბრიფინგზე განაცხადა:

"თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან გამოძიების პირველ ეტაპზე, მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება
ვლადიმერ ბორცვაძე, შსს მინისტრის მოადგილე

„ჩვენ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან გამოძიების პირველ ეტაპზე, მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენ მიერ ამ ფოტოების მედიის საშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა,“ აღნიშნა მინისტრის მოადგილე ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადააკვალიფიცირა. 21 ოქტომბრიდან გამოძიება გამოძიება სს კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-გამოყენებას და ძლიერ ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილის მიყენებას გულისხმობს.

შსს-ის ახალ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უკვე ტერორისტული აქტის მოწყობას, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში, სამხედრო ფორმიანი ნიღბიანი შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გალდავაც იყო ბანკის შენობა დატოვა. მოგვიანებით მან მძევლების ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მიდამოებში მიატოვა და მიიმალა.

შსს-მ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG