ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები


თბილისში, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო დაშავებულების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ე.წ. შეკიდული ჭერი სადგურში დღეს დილით, დაახლოებით 10:30-ზე ჩამოინგრა. მსხვერპლი არ არის.

დავით სერგეენკოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულები თბილისის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. დაშავებულების ნაწილი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოინახულა. მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო გადაიხდის.

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის თქმით, მათთან მყოფი პაციენტებიდან ორს ტვინის შერყევა აქვს, დანარჩენებს ქვედა კიდურები აქვთ მოტეხილი და ოპერაციას საჭიროებენ. პაციენტების ასაკი 25-დან 46 წლამდეა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და მისი სამი თანამშრომელი ისნის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროს აღნიშნულ სადგურში, სწორედ ამ კომპანიის მიერ ჩატარდა და მათი დაკითხვაზე დაბარებაც დღევანდელ ინციდენტს უკავშირდება.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, მეტროს სადგურ ”ვარკეთილის” მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალ დილიდან განახლდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG