ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თბილისში ჩავა


ამერიკის პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს 1992 წელს ეწვია ჯეიმს ბეიკერი იყო

ბეიკერის, პაუელის, რაისისა და კლინტონის შემდეგ, ჯონ კერი მეხუთე სახელმწიფო მდივანია, რომელიც საქართველოს ეწვევა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის 68-ე სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოვა. ვაშინგტონმა და თბილისმა ვიზიტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ის გაზაფხულის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

თებერვლის ბოლოს, ჯონ კერიმ წარმომადგენლობით ქართულ დელეგაციას ვაშინგტონში უმასპინძლა, მონაწილეობა მიიღო აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის კომისიის რიგით მეოთხე პლენარულ სესიაში და პირისპირ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვაშინგტონში კერიმ აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე იმყოფებოდა, სანამ სახელმწიფო მდივანი გახდებოდა და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ეწვევა თბილისს უკვე სახელმწიფო მდივნის რანგში. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს:

„ჩვენი ინფორმაციით, დადასტურებულად ვიცით, რომ ჩამოვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. ამერიკასთან ურთიერთობის ასეთი დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრის მთქმელია, ბოლო თვეებში, ვაშინგტონში ვიზიტი, შემდგომ ურთიერთობა მრავალმხრივ ფორმატში და მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული ნიშანია.“

ჯონ კერი საქართველოში მეორედ ჩამოვა. იგი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით, 2008 წლის 13 დეკემბერს იმყოფებოდა. მასაჩუსეტელი სენატორი მაშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეობისთვის ემზადებოდა და ექვს ქვეყანაში გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ჰქონდა.

2008 წელს, ჯონ კერიმ თბილისში განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგი, თუმცა ეს დიალოგი არ შედგება „საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე“. ამ ვიზიტიდან მალევე, 2009 წლის იანვარში, ვაშინგტონმა და თბილისმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.

2009 წლის მაისში, ჯონ კერიმ რესპუბლიკელ კონგრესმენ დევიდ დრეიერთან ერთად, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ამ პუბლიკაციის გაგრძელება, კერისა და დრეიერის მხრიდან, არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციების ინიცირება გახდა.

საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან პირველი კონტაქტი, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის 2013 წლის აპრილში ჰქონდა. ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე კერი ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე კერის თბილისში, ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე ელოდა, თუმცა ვიზიტი მხოლოდ ახლა შეთანხმდა. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს

„რაც უფრო ხშირად ექნება ჩვენს მთავრობას შეხვედრები და ინტერაქცია ამერიკის ადმინისტრაციასთან რასაკვირველია უკეთესია. მით უმეტეს, ამ ეტაპზე ჩვენთვის ამერიკასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი, როცა უკრაინაში ასეთი კრიზისია. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ობამას ესეც უბიძგებს იმისკენ, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ საქართველოს.“

ჯონ კერი ამერიკის რიგით მეხუთე სახელმწიფო მდივანია, რომელიც საქართველოს ეწვევა. პირველი ვიზიტი, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, 1992 წლის მაისში განხორციელდა. მაშინ თბილისში, ამერიკის 61-ე სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა და მის მეგობარს, ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პუტჩის შედეგად მოპოვებული ძალაუფლების ლეგიტიმაციაში დაეხმარა.

2004 წლის იანვარში, თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციას ამერიკის 65-ე სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დაესწრო. რუსეთთან ომამდე და ომის დროს, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოში, საქართველოს ორჯერ ეწვია, ამერიკის 66-ე სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. 2010 და 2012 წლის ზაფხულში კი, საქართველოს ასევე ორჯერ სტუმრობა, ამერიკის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
XS
SM
MD
LG