ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოს მომავალი კიდევ უფრო ნათელია"


ირაკლი ღარიბაშვილი და დეიმონ უილსონი

ირაკლი ღარიბაშვილის პირველ ვიზიტს შეერთებულ შტატებში ამერიკელი ექსპერტები დროულად და წარმატებულად მიიჩნევენ

შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 25 თებერვალს სიტყვით ატლანტიკურ საბჭოში გამოვიდა. ამერიკული აუდიტორიის წინაშე ეს ირაკლი ღარიბაშვილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო.

შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, ფრედერიკ კემპემ, გახსნა. პრემიერი ღარიბაშვილი აუდიტორიას დემოკრატმა სენატორმა -კრის მერფიმ- წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების შემდეგ კი გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელსაც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი უძღვებოდა. გამომსვლელებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ ატლანტიკურ საბჭოში 25 თებერვალს გამართული შეხვედრა დაემთხვა საქართველოს ისტორიაში იმ ტრაგიკულ დღეს, როცა წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

ბმული

საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ უახლეს პუბლიკაციაში დეიმონ უილსონი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან დღემდე ქვეყანამ თავდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმები დანერგა და ამ გზას დღესაც ერთგულად აგრძელებს. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება მანამ, სანამ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არ დასრულდება. ამ მოსაზრებას ასაბუთებენ იმით, რომ ამ შემთხვევაში ალიანსი მემკვიდრეობად გარდაუვალ კონფლიქტს მიიღებს. „ეს ლოგიკა ფუნდამენტურად არასწორია, ვინაიდან ის საშუალებას აძლევს მოსკოვს, რომ ალიანსში საქართველოს მომავალი განსაზღვროს და დამატებით სტიმულს აძლევს იმისთვის, რომ სტატუს კვო შეინარჩუნოს“ - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. პუბლიკაციის ბოლოს კი ავტორი საქართველოს მიერ რეფორმების წარმატებული დანერგვის გაგრძელების შემთხვევაში, მაპის - ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მიღების აუცილებლობას ასაბუთებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსენებაში შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მის გამოსვლაში ყველაზე მეტად საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის თემა გამოიკვეთა. პრემიერმა საქართველოს მიერ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და შემდგომ ეტაპად მაპის მიღება დაასახელა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში წინსვლა დაფიქსირდეს. და ამის რეალური გზა საქართველოსთვის მაპის - ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მინიჭება უნდა გახდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ამ აუცილებლობას, ვინაიდან ეს ინტეგრაციის ერთადერთი მექანიზმია, რომელიც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა - დანერგვის კონკრეტულ სამუშაო ჩარჩოებს გვთავაზობს. და როდესაც ამ უაღრესად მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე გადავალთ, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ყოვლისმომცველი რეფორმების თანმიმდევრულ პროცესს“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ტარდება. მან მსმენელებს ის ნაბიჯები გააცნო, რომელიც ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების გზაზე გადადგა. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსკოვის აგრესია გრძელდება, რაც მავთულხლართების გაბმის პროცესის განახლებითაც დასტურდება - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მიმდინარე პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო კომპრომისზე არ წავა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აღებულ კურსს არ შეცვლის. მითუმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ დიდი უმრავლესობით, 85 პროცენტზე მეტი რაოდენობით ერთხელ უკვე დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ხელისუფლების დასავლურ ორიენტაციას.

საქართველოს პრემიერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს სახელით სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ისევ ევროპულ ორიენტაციას დაუბრუნდება. მისი თქმით, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი და განსაზღვრონ, წინ აპირებენ წასვლას, თუ დაბრუნებას უკან, წარსულში.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსალოდნელ გამოწვევებზეც ისაუბრა: „ოლიმპიური თამაშები დასრულდა. და ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსეთი ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქართველოზე წნეხს სავარაუდოდ გააძლიერებს. და ამ კონტექსტში ჩვენ დიდად ვაფასებთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, კონგრესის, კვლევითი დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ მედიის მიერ მუდმივ და სწორ გზავნილს რუსეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ“ - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპით ხელმძღვანელობს. პრემიერის თქმით, პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ხდება და ისინი საერთაშორისო მონიტორების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომობის გარანტიებით მიმდინარეობს.

ამერიკელი ექსპერტები ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას და ზოგადად, მის ვიზიტს შეერთებულ შტატებში წარმატებულად და დროულად მიიჩნევენ. ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის საბჭოს ანალიტიკოსის -მაიკლ ჩეჩირეს- აზრით, ღარიბაშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა და მისი მოხსენება სიმტკიცითაც გამოირჩეოდა. „მან ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობათა სიმყარეს და საქართველოს მიზანმიმართულობას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს იყო ის მთავარი გზავნილი, რომლის კომუნიკაციაც პრემიერს სურდა და მან ეს შეძლო. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება მოახერხა პრემიერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური სიგნალი მოდის. მათ შორის, გამჭვირვალობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდას დავასახელებდი. ასევე იყო დიდი შეშფოთება ეკონომიკის საკითხებზე. თუმცა, როგორც პრემიერმაც აღნიშნა, ეკონომიკაც ზრდის რელსებზე ბრუნდება. ასე რომ ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი კიდევ უფრო ნათელი იქნება და რომ საქართველოს მომდევნო თვეებში დიდი სიახლეები ელოდება“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების კანონმდებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის უწყების თანამშრომლები. ასევე მოსულები იყვნენ მსოფლიო ბანკის, ათობით საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, მსხვილი კორპორაციების, ფონდების, საელჩოების, მედიის, უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG