ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ქართველმა პრემიერმა ავღანეთში დაჭრილი მებრძოლი დააჯილდოვა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა ვაშინგტონში. ოფიციალურ ცერემონიას პრემიერთან ვაშინგტონში მყოფი დელეგაციის წევრები, კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. პრემიერ ღარიბაშვილის დელეგაციას საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე შეეგება. მათ მოგვიანებით შეუერთდა აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.


ვიზიტის დაწყების დღე, ქართველმა ლიდერმა ახალ საელჩოში მისვლისას კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ღონისძიებისთვის გამოიყენა. მან სამშობლისთვის გაწეული თავდადებისთვის ჯილდო გადასცა ავღანეთში დაჭრილ ქართველ მებრძოლს ჯონი მაისურაძეს, რომელიც ვაშინგტონში მდებარე ვოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.

პრემიერ მინისტრმა მედიისთვის კომენტარის გარეშე დატოვა ღონისძოება, თუმცა ქართული დელეგაციის ვიზიტის დეტალებზე და მნიშვნელობაზე საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრებმა, საქართველოსა და ამერიკის ელჩებმა ისაუბრეს.

არჩილ გეგეშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით ხორციელდება. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს შეხვედრებს თეთრ სახლში, სადაც ობამას ადმინისტრაციის წევრებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის და რეგიონულ საკითხებს განიხილავს. იქნება შეხვედრები სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში, ასევე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში და მის ხელმძღვანელთან დანიელ იოჰანესთან, დანიშნულია საჯარო გამოსვლა ერთერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციაში-“ატლანტიკური საბჭო”, და მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომელსაც საპატიო სადილი დაასრულებს “ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში”. ბატონმა გეგეშიძემ აღნიშნა, რომ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში” დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში გათვალიწინებული იმ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განიხლვის საქმეში, რომელთა გაძღოლასაც კორპორაცია ისახავს მიზნად.

ალექსი პეტრიაშვილმა დაადასტურა, რომ ვიზიტი დატვირთული იქნება, განსაკუთრებით კი უელსში, ნატოს მომავალი სამიტის გათვალისწინებით. პეტრიაშვილის თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას სამხედრო ალიანსში. ჟურნალისტების კითხვაზე-თუ რამდენად შესაძლებელია საქართველომ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობისკენ სამოქმედო გეგმის გარეშე გადადგას ნაბიჯები, მან თქვა, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. მისი მოსაზრებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციის შესახებ ამერიკელ კონგრესმენთა წერილსა და მოწოდებებზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრების პარალელურად იგეგმება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით მოქმედი სამუშაო ჯგუფების შეხვედრაც-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მიულოცა ახალი საელჩოს გახსნა და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონის შუაგულში არსებული დიპლომატიური ნაგებობა კარგი შესაძლებლობა იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. იგი მიესალმა პრემიერის ვიზიტს აშშ-ში და ხაზი გაუსვა, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი ასევე კარგი შანსია, რომ საქართველოს მთავრობა კარგად წარმოჩინდეს ვაშინგტონის ოფიციალურ და არასამთავრობოთა წრეებში. ელჩმა ნორლანდმა დასძინა, რომ ვაშინგტონში ქართველი პრემიერის ვიზიტს დიდი ინტერესით ელიან.

XS
SM
MD
LG