ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის პირველი გამოსვლა პარლამენტში


პრეზიდენტი გამოსვლისას საგარეო კურის თემას შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთისკენ სწრაფვის ერთგული დარჩება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:12 0:00
ბმული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თავისი პირველი ანგარიშით წარსდგა პარლამენტის წინაშე. თავდაპირველად იგი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და გადალახა ის ნიშნული, რომელზე დაბიჯებაც არ შეიძლებოდა.

პრეზიდენტმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, რაც პერმანენტულად ყურადღების ფოკუსში ყოფნას იმსახურებს და მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების მიმართ გამოჩენილი დარღვევების შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებას ახდენს, ეს არ შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც სრულყოფილი აქტივობა, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბეჭვდითი თუ ელექტრონული მედიის თავისუფლების მიმართულებით. ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ ნათლად ევროპულ ყაიდაზეა ორიენტირებული და რაც მთავარია, 2013 წელს ჩვენ ჩავატარეთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის თვალთახედვით, დემოკრატიული არჩევნები. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ რამე არის მიღწეული და ახლა ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ. ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არასდროს არ შეიძლება ვიყოთ მშვიდად და ვთქვათ, რომ ნიშნული უკვე მიღწეულია,“- აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც, ეს 15 ივნისია. მისი განცხადების შემდეგ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქვეითი ასეული გაგზავნის შესახებ ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში, პარლამენტმა კენჭი უყარა, რაც დადებითად გადაწყდა.

პრეზიდენტი გამოსვლისას საგარეო კურის თემას შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო ერთგული დარჩება მუდამ დასავლეთისკენ სწრაფვის და დასძინა, რომ ვილნიუსში სამიტზე ყოფნისას მისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. „საქართველოსთვის პრობლემების შექმნით, რუსეთში პრობლემები არ მოგვარდება“,- ამბობს მარგველაშვილი. აფხაზურ და ოსურ მხარეს კი ერთობლივ ევროინტეგრაციას სთავაზობს. მისი აზრით, გაეროსა და ეუთოს მისიები უნდა გააქტიურდნენ და უფრო ქმედითები გახდნენ ამ მიმართულებით.

"არაღიარების კურსი არ ნიშნავს იზოლაციონიზმს. ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ეროპული კურსიდან პირდაპირი სარგებელი მიიღონ. ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ პროექტებში, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრატეგიით "ჩართულობა თანამშრომლობის გზით". აფხაზ და ოს თანამემამულეებს მინდა მივმართო იგივე სიტყვებით, რითაც მივმართე ჩემი წინასაარჩევნო საპროგრამო გამოსვლის დროს: ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი იქნება. ასევე, მინდა მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებსნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი, ერთიანი სახელმწიფო აკავშირებს. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული, რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად.

დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზების და ოსების იდენტობა და მისი დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას საქართველოს ერთიანობა წარმოადგენს. ამიტომ, თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების, და ზოგადად, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას ნიშნისმოგებით შეახსენა და მიუთითა, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატების, სასულიერო პირების და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დარბაზში მინისტრები არ იმყოფებოდნენ. მათი აზრით, ეს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მიმართ გამოხატული არასათანადო პატივისცემაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა, სახელწიფოს ამჟამინდელი მოწყობის თანახმად, არ ექვემდებარება პრეზიდენტს, ამდენად მათი წარმომდგენლობა პარლამენტში არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

პრეზიდენტის გამოსვლა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზედმეტად ფილოსოფიურად მიიჩნია. მისი შეფასებით:

„ჩვენ და ალბათ მოსახლეობის დიდი ნაწილიც ველოდებოდით კონკრეტულ წინადადებებს, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული წინადადება იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენმა განვლილი ოთხი თვის განმავლობაში და რაც კიდევ უფრო ცუდია, ვერ მოვისმინე, რის გაკეთებას აპირებს მომავალი თვეების განმავლობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა კარგია, ღირებულებითი და ფილოსოფიური ტიპის გამოსვლა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის კონკრეტული პრობლემები, სადაც ადამიანებს აწუხებთ კონკრეტული უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ვფიქრობ მოლოდინი, ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით არსებობს, რომ ის ყველა ამ საკითხზე გამოვა კონკრეტული ხედვით, თუ როგორ მოუგვარებს ადამიანებს ყველა ამ პრობლემას.“

პარლამენტში ამ დრომდე მიმდინარეობს პლენარული სხდომა, რაც შუადღის 12 საათზე დაიწყო პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყო.
XS
SM
MD
LG