ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯავახეთი - რუსეთის ახალი სამიზნე?


სარეკლამო დაფა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობის მიმდებარედ

„ორმაგი“ და „სამმაგი“ მოქალაქეობის მქონე პირები საქართველოსთვის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს

ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ფეთქებადსაშიში ვითარების ფონზე, უცხოური მედია სულ მეტ ყურადღებას უთმობს საქართველოს სამხრეთ რეგიონს - ჯავახეთს.

პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში, ჯავახეთში მცხოვრები, ეთნიკური სომხების მხრიდან, ორგანიზებულად შედის მოთხოვნა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული გზით მიღების თაობაზე.

რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში, რომელიც თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაშია განთავსებული, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ინფორმაცია ოფიციალურად უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

მეორეს მხრივ, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობის მიმდებარედ, მართლაც არის რამდენიმე ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე ანკეტის შევსება შეუძლიათ. თუმცა, პირად საუბარში, კერძო პირები, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფენ, ოფიციალურ კომენტარზე კი უარს ამბობენ.

ჯავახეთში რუსული პასპორტების მასობრივი დარიგების ფაქტს უარყოფს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც, თუმცა ადასტურებს, რომ „მეხუთე კოლონის“ გააქტიურება საქართველოში სახეზეა.

„ჩვენი სპეციალური სტრუქტურები, კონტრდაზვერვის სამსახური და სხვა უწყებები, რა თქმა უნდა ამ პროცესს აკვირდებიან და ამგვარი საფრთხე.. (ჯავახეთში) არ არსებობს.

...თუ კი ობიექტურ ანალიზს გავუკეთებთ, იმას თუ რა ხდება დღეს უკრაინაში და იქ, რითიც ისარგებლეს, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეებმა, არის სწორედ შიდა გათიშულობა, შიდა განწყობებზე თამაში.

შექმნა ისეთი განცდის, რომ საკუთარ ჯარს, თავდაცვას არ აქვს საშუალება ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ტიპის „არასამთავრობო ორგანიზაციებით“ ..(მეხუთე კოლონით) იყო ანტისახელმწიფოებრივი განწყობები ხელშეწყობილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან როცა დიდი დანაკლისი განვიცადეთ ავღანეთში, მაშინაც საიდანღაც ამოძვრნენ ისეთი ძალები, რომლებიც პირდაპირ აკრიტიკებდნენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს მისწრაფებას ნატოში და ზოგადად, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

აი, ამ ძალებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ბოლო პერიოდშიც გააქტიურდნენ.
ჩვენ ყველას შსს-ს, თავდაცვას და სხვა სტრუქტურებს გვაქვს სრული მობილიზაცია, რომ ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ. მთავარი იარაღი, რაც ჩვენს გვაქვს ამის საწინააღმდეგოდ არის ერთსულოვნება.“

თავის დროზე, რუსეთი აფხაზეთში, სამხეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და ბოლოს, ყირიმში, იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების "დაცვის" საბაბით შეიჭრა. სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, ხდებოდა რუსეთის მოქალაქეობის მასობრივი დარიგება, რათა სამხედრო ინტერვენცია „გამართლებულიყო“.

არის თუ მსგავსი სცენარის განმეორების საფრთხე ჯავახეთში? ექსპერტების თქმით, ეს პრობლემა ახალი არ არის. ოფიციალური თბილისი წლების მანძილზე, იძულებული იყო თვალი დაეხუჭა ჯავახეთში „ორმაგი“ და „სამმაგი“ მოქალაქოების მქონე პირების არსებობაზე.

ეს პროცესი 2005-2006 წლებიდან იღებს სათავეს, როცა საქართველოს პასპორტით რუსეთში სამუშაოდ წასვლა გართულდა, 2008 წლის ომის შემდეგ კი, „პასპორტიზაციამ“ უკვე მასიური ხასიათი მიიღო.

ჯავახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ტრადიციულად რუსეთის ტერიტორიაზე შრომითი მიგრაციით ირჩენს თავს, სომხეთის და რუსეთის მოქალაქეობის მიღება არ გასჭირვებიათ. როგორც ცნობილია, საქართველოსგან განსხვავებით, ერევანი და მოსკოვი ორმაგ მოქალაქებას აღიარებს.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის.

„ჩვენ ამ ტენდენციას თვალი მივადევნეთ 2006 წლიდან, თუმცა 2008 წლიდან უფრო გააქტიურდა. ასეთი მოსახლეობა, რომელსაც ორი პასპორტი აქვს, ჩვენ გვყავს საქართველოს მთიანეთში, სამეგრელოში და ზოგიერთ სხვა რეგიონში, მათ შორის თბილისშიც.

ჩემი დათვლებით, დაახლოებით 300 000 ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის ან ქვეყნების მოქალაქეობა აქვს.“

აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის გამო, თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის 29 აგვისტოს გაწყვიტა.

2009 წლის 5 მარტიდან კი შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით, მოსკოვსა და თბილისში, საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციები ამოქმედდა.

ორივე მხარე ათ-ათი დიპლომატით არის წარმოდგენელი, თბილისში რუსულ სექციას ანდრეი სმაგა ხელძღვანელობს, მოსკოვში, ქართულ სექციას კი გიორგი ჩხეიძე.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG