ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გზავნილი ჩამოიტანა თომას მელიამ


ბიძინა ივანიშვილი და თომას მელია

აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობა სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ აღასრულოს

საქართველოს მეორე დღეა, ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათშორისი წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, თომას მელია ხელმძღვანელობს. დელეგაციაში არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.

55 წლის მელია სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საქმეთა ბიუროში 2010 წლიდან მუშაობს. მანამდე, მას გავლენიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში - „Freedom House" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა ხუთი წლის გავმავლობაში ეკავა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „საქართველოში დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რასაც შედეგად ისეთი პარლამენტი მოჰყვება, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.“

ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა:

თქვენ ნახეთ როგორი წარმომადგენლობითი იყო დელეგაცია. ეს არის პრეზიდენტ ობამას და სახელმწიფო მდივნის, [ჰილარი] კლინტონის გამოგზავნილი დელეგაცია და თვითონ ეს ფაქტი, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა ასეთ დროს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს გამოხატავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ როგორ დიდი მნიშვნელობას ანიჭებს პრეზიდენტი ობამა, სახელმწიფო მდივანი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომ საქართველოში მოხერხდეს და ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ისინი ძალიან კარგად იცნობენ იმ პრობლემებს რაც არსებობს;

ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი ფაქტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოვახერხოთ. ისინი ჩამოვიდნენ არა ვინმეს, პოზიციის ან ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ისინი შეგვპირდნენ, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყებათშორისი დელეგაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ აღასრულოს, ხოლო ყველა პოლიტიკურ პარტიას - კანონის დაცვით სრულად ჩაერთონ ამ პროცესში.

გუშინ თომას მელია დელეგაციის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს სტუმრობდა. ამერიკელები, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. დღეს კი, დელეგაციის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უმასპინძლა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა თომას მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ გაიმარჯვოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამ მიზნით, ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა მათ შორის მედიის სფეროში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში. ძალიან ბევრი დამკვირვებელი მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ძალიან კარგია ჩვენთვის აშშ-ის მხრიდან ასეთი დაინტერესება.“

თომას მელია საქართველოში ბოლოს, შარშან, 26 მაისს, ოპოზიციის მიტინგის უსასტიკესი დარბევის შემდეგ იმყოფებოდა.

ვაშინგტონში დაბრუნებულმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სერიოზული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას მაინც რჩება დიდი სამუშაო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. მაშინ თომას მელიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პრულარიზმის, მედიის თავისფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG