ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლარიზებული სოციოლოგია: Edison Research - 52%, Gallup International - 52%


ზურაბიშვილი და ვაშაძე ისტორიული მეორე ტურის წინ
ზურაბიშვილი და ვაშაძე ისტორიული მეორე ტურის წინ

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიულ მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, საზოგადოებაში პოლარიზაცია პიკს აღწევს. პოლარიზებულია სოციოლოგიაც, ორივე პოლიტიკურ ბანაკში მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში არიან დარწმუნებულნი.

ამერიკული კვლევითი ორგანიზიაცია Edison Research-ის სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -მა დაუკვეთა და 25 ნოემბერს გამოაქვეყნა, საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტი, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.

Edison Research-ის კვლევაში ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები სრული ალოკაციის გათვალისწინებით ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 52%, სალომე ზურაბიშვილი - 48%.

ეს კვლევა 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ხმის უფლების მქონე 1038 მოქალაქე გამოიკითხა. შესაძლო ცდომილება 2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

ორი დღით ადრე, 23 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები კვლევითმა კომპანიამ Gallup International-მა გამოქვეყნა (ცნობილ ამერიკულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრენდ Gallup Inc-ში არ აგერიოთ).

ამ კვლევის მიხედვით, სრული ალოკაციის გათვალისწინებით, არჩევნებს 52%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფავორიტი სალომე ზურაბიშვილი იგებს, გრიგოლ ვაშაძეს კი გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს.

Gallup International-ის განცხადებით, კვლევა ორგანიზაციამ 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და საარჩევნო ხმის უფლების მქონე 2400 მოქალაქე გამოკითხა. ცდომილება აქაც 2%-ია.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ 37.74%, მესამე ადგილზე გასულმა დავით ბაქრაძემ კი 10.97%.

28 ოქტომბერს, 20:00 საათითვის, 3%-იანი ცდომილების დაშვებით, Edison Research-მა ეგზიტპოლის მიხედვით, ზუსტად ანალოგიური შედეგი დადო: ვაშაძე - 40%; ზურაბიშვილი - 40% და ბაქრაძე - 10%;

მაშინ, როცა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დაქირავებულმა კომპანია „ფსიქოპროექტმა“, ეგზიტპოლში ზურაბიშვილს 52,3%, ვაშაძეს - 28,1%, ბაქრაძეს კი 9% დაუწერა.

"ქართული ოცნებისა" და "ფსიქოპროექტის" 28 ოქტომბრის ეგზითპოლი, რომელსაც ივანიშვილმა "დიდი სირცხვილი" უწოდა
"ქართული ოცნებისა" და "ფსიქოპროექტის" 28 ოქტომბრის ეგზითპოლი, რომელსაც ივანიშვილმა "დიდი სირცხვილი" უწოდა

​„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აღიარა, რომ რომ ხელისუფლების მიერ შეკვეთილ ეგზიტპოლში 14%-იანი ცდომილება „დიდი სირცხვილი“ იყო, ამის გამო „ფსიქოპროექტი“ Gallup International-ით შეცვალეს, თუმცა ეს კვლევითი ორგანიზაციაც, მეორე ტურის წინ ზურაბიშვილს ისევ 52%-ს აკუთნებს.

Edison Research-ისა და Gallup International-ის წარმომადგენლები საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ ალოკაციის ანუ შეწონილი მონაცემების გარეშე, „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ რაოდენობა, რომელმაც კვლევის დროს, უარი თქვა პასუხზე, ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა ან აღნიშნა, რომ არცერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას 27%-დან 30%-მდე მერყეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG