ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე ტურის წინ: თავდასხმა ოპოზიციაზე და უკიდურესად საშიში რიტორიკა


ოპოზიციის ნაცემი აქტივისტები ახალქალაქში, ფოტო "სამხრეთის კარიბჭე"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია შეიარაღებული თავდამსხმელები, რომლებმაც, 30 ოქტომბერს ახალქალაქში, ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სცემეს, შემდეგ კი საპრეზიდენტო კანტიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში შევარდნენ და შტაბის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ოთხი დაშავებული: მიშა აღაბალიანი, აბრამ აბრაჰამიანი, ტიგრან აბრაჰამიანი და შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი სხვადასხვა დაზიანებით თავიდან ახალქალაქის ცენტრალურ საავდმყოფოში მკურნალობდნენ, დღეს კი თბილისში გადმოიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე აბრამ აბრაჰამიანის მდგომარეობაა, მას ყვრიმალის ძვალი და ცხვირი აქვს გატეხილი.

"სამხრეთის კარიბჭეს" ფოტო
"სამხრეთის კარიბჭეს" ფოტო

დაშავებულთა ცნობით, პირველ თავდასხმაში, რომელიც ახალქალაქიდან 5 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ხოსპიოსთან მოხდა, ახალქალაქი-ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი მონაწილეობდა;

მეორედ კი ოპოზიციის შტაბს უკვე დეპუტატის ძმა, მარტუნ მკოიანი, მკოიანების ოჯახის სხვა წევრები და „ქართული ოცნების“ 40-მდე აქტივისტი დაესხა თავს. შემთხვევის ადგილზე მარტუნ მკოიანის საფულე იპოვეს, სადაც მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც იდო.

აშოტ რაისიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის მელიქ რაისიანის შვილია და ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს ხელმძღვანელობს, თავდასხმას ასე იხსენებს:

პირველ თავდასხმაში ოცნების დეპუტატი ენზელ მკოიანი მონაწილეობდა, მეორეში მისი ძმა მარტუნ მკოიანი და ოჯახის სხვა წევრები. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მეორე ტურის წინ ჩვენ და ჩვენი მომხრეები დაგვაშინოს“
აშოტ რაისიანი, ახალქალაქში საპრეზიდენტო კანტიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი

„პირველ თავდასხმაში ოცნების დეპუტატი ენზელ მკოიანი მონაწილეობდა, მეორეში მისი ძმა მარტურ მკოიანი და ოჯახის სხვა წევრები. სანამ ჩვენს შტაბში შემოვარდებოდნენ, ხოსპიოსთან საარჩევნო კომისიაში ჩვენი წევრი მიშა აღაბალიანი და მისი მეგობარი სცემეს. 20-მდე იყვნენ, მათ შორის ნამდვილად იყო დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ორი ბიჭი. შემდეგ 40-მდე ადამიანი, რომლებსაც დეპუტატის ძმა მარტინ მკოიანი და მისი შვილი ხელმძღვანელობდნენ უკვე ოფისში შემოგვივარდნენ და ხელკეტები გვირტყეს.

40 კაცი 6 კაცს გვცემდა, მე პისტოლეტის ტარი ჩამარტყეს თავში. ეს თავდასხმა რა თქმა უნდა არჩევნებს უკავშირდება, ვაპირებდით ახალქალაქში, რამდენიმე უბნის გაყალბებული შედეგების გასაჩივრებას, მაგრამ ვეღარ მოვასწარით. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მეორე ტურის წინ ჩვენ და ჩვენ მომხრეები დაგვაშინოს“.

ახალქალაქი-ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ მისი ოჯახის წევრები ოპოზიციის შტაბში საქმის გასარჩევად ნამდვილად მივიდნენ.

ენზელ მკოიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროვოკაციულად არჩევნების დღიდან იქცეოდნენ, 30 ოქტომბერს კი მისი ძმის კუთვნილ ბენზინგასამართი სადგურების ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დემოსტრაციულად ჩამოხიეს.

ენზელ მკოიანი (შუაში) უკვე 19 წელია პარლამენტის დეპუტატია
ენზელ მკოიანი (შუაში) უკვე 19 წელია პარლამენტის დეპუტატია

ვინ არის ენზელ მკოიანი? ნინოწმინდის სოფელს სათხეში დაბადებული 59 წლის მკოიანი უკვე 19 წელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. 1999-2004 წლებში იგი პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა, 2004-2012 წლებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და 2016 წლიდან კი „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავს.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ დღეს მოითხოვა, ახალქალაქ-ნინოწმინდაში "ქართული ოცნების" დეპუტატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდეს. საპასუხოდ, ენზელ მკონიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კარგად დაგეგმილ პროვოკაციაზე ისაუბრა:

ეს არ იყო ოპოზიციის შტაბზე თავდასხმა, ჩვენებმა მათ გინებაზე და შეურაცჰყოფაზე პასუხი მოსთხოვეს, პარტიის ოფისის გარეთ, მე საერთოდ არ ვყოფილვარ იქ, თუ დაამტკიცებენ, რომ იქ ვიყავი, ხვალვე დავდებ მანდატს და წავალ ქვეყნიდან"
ენზელ მკოიანი, პარლამენტარი, "ქართული ოცნება"

„ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ახალქალაქში, „ნაციონალების“ შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი აგინებდა ქ-ნ სალომეს, გვაგინებდა ჩვენ, ჯერ კიდევ არჩევნების დღეს აპირებდნენ მისთვის პასუხი მოეთხოვათ, მაგრამ მე არ გავუშვი, რადგან გვითხრეს, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული არჩევნები და არ გვინდა აქ სკანდალებიო.

რაისიანმა გინება და მუქარა გააგრძელა არჩევნების შემდეგაც, ისევ ვთხოვე ჩვენს მომხრეებს თავი შეეკავებინათ. მაგრამ, მათ ეს სიბინძურე გააგრძელეს 30-ში, მოვიდნენ ჩვენი ოჯახის ბენზინგასამართ სადგურებში, ჩამოხიეს ქ-ნ სალომეს პლატაკები, აგინეს ბ-ნ ბიძინას, ყველა, ვინც 48 შემოხაზეთ თქვენი დედაო.

ეს არ იყო ოპოზიციის შტაბზე თავდასხმა, ჩვენებმა ამ გინებაზე და შეურაცჰყოფაზე პასუხი მოსთხოვეს, პარტიის ოფისის გარეთ. მე საერთოდ არ ვყოფილვარ იქ, თუ დაამტკიცებენ, რომ იქ ვიყავი, ხვალვე დავდებ მანდატს და წავალ ქვეყნიდან. ჩემი ძმა იქვე ცხოვრობს და გადავიდა სიტუაციაში გასარკვევად, პირიქით, ჩემს ძმას ჯიბე ჩამოახიეს და საფულე წაართვეს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს, რა „დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი“. დღეს, შსს-მ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დასაკითხად დაიბარა დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილი კარაპეტ მკოიანი, ძმა მარტურ მკოიანი და ძმისშვილი ედუარდ მკოიანი.

ოპოზიციის ოფისი ახალქალაქში, jnews.ge-ს ფოტო
ოპოზიციის ოფისი ახალქალაქში, jnews.ge-ს ფოტო

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, მსგავსი ინციდენტები "მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში შეფასდეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობა და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია“.

ახალქალაქში ოპოზიციაზე თავდასხმის გამოძიებასთან ერთად სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი ითხოვს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისტერიული რეაქცია ჰქონდა, ქვეყნისთვის საშიში და უპასუხსიმგებლო რიტორიკა შეწყვიტოს.

მმართველი პარტიის ლიდერები და წევრები ღიად აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატის კონკურენტის გამარჯვებას არ დაუშვებენ. ამ კონტექსტში, უკიდურესად სახიფათო „ოცნების“ დეპუტატ გედევან ფოფხაძე უპასუხისმგებლო განცხადება იყო, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG