ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგველაშვილი: ნახავდით ნაკლები ძალის მქონე იგივე პერსონაჟს და ეს არ იქნებოდა სასარგებლო


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი პრეზიდენტს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ესაუბრა. პირველ ნაწილში, რომელიც შგიძლიათ ნახოთ აქ, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებს განიხილავს. ინტერვიუს მეორე ნაწილში კი, მარგველაშვილი საქართველოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნის იმაზე, თუ რატომ არ იყრის კენჭს.

ბევრისთვის გასაკვირი იყო ის, რომ გადაწყვიტეთ არ იყაროთ კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. რატომ?

ეს იყო ის ხუთი წელიწადი, როცა რთული იყო ამ სივრცეში პრეზიდენტობის და პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება. იმიტომ, რომ შესანარჩუნებელი იყო ინსტიტუტი, რომელსაც მეთოდურად დემონტაჟით ემუქრებოდნენ.

ჩემი აზრით, პასუხი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ. ამბობენ, ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო და ორჯერ მდინარეში, რომელმაც კიდევ დაიკლო, შესვლა უფრო ძნელია. უფლებამოსილებების შეკვეცის პარალელურად, ყველა პრეზიდენტს აქვს მმართველობის, პოლიტიკური საქმიანობის თავისი სტილი. ეს ხუთი წელი მართლაც რთული იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც სქართველოს ჰქონდა. ჩვენი დინამიკისთვის, პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი და ბუნებრივად, ამ ძალიან აღელვებულ, ემოციურ, ხშირად ეგზალტირებულ პოლიტიკოსთა გუნდს ან ერთს, ამ მეორეს, ან მესამეს... ან მეათეს... როდესაც რამეს ბოლომდე არ შეუსრულებ, ან ნაწილობრივ გაუკეთებ, ისეთი აღშფოთება არის ხოლმე, რომ ეს ძნელი გადასატანია და მისაღებია პრეზიდენტისთვის, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

ეს იყო ის ხუთი წელიწადი, როცა რთული იყო ამ სივრცეში პრეზიდენტობის და პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება. იმიტომ, რომ შესანარჩუნებელი იყო ინსტიტუტი, რომელსაც მეთოდურად დემონტაჟით ემუქრებოდნენ. ამავე დროს, ამ ბალანსის დაკავება.

იგივე როლის შესრულება იგივე პიროვნებისთვის, ფაქტობრივად, ყველა წაღებული უფლებით, რომელიც აქამდე მქონდა, მათ შორის, მაგალითად საერთაშორისო, შიდა პროცესებზე, სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაზე - ამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა... ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს, ბევრად ნაკლები ძალით და ეს არ იქნებოდა სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის. ამიტომაც გამოვედი ამ თამაშიდან.

თუმცა, ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ვიღაც სხვას აძლევთ იმას, რაც თქვენ უკვე იცით - როგორ მოახდინოთ ნავიგაცია პოლიტიკურ ძალებს შორის. თქვენ იყავით ქვეყანაში სახელისუფლებო ძალთა ბალანსის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ დონემდე. მაგრამ ახლა გამოდის, რომ თქვენ პერსონალურად აღარ გინდათ იბრძოლოთ ეს ბრძოლა და ვიღაც სხვას მისცეთ ის.

აღარ მინდა, არა. გმადლობთ შეფასებისთვის. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ეს მეკეთებინა. ბევრი თვალსაზრისით მე ეს გავაკეთე. როგორც პოლიტიკოსმა, როგორც ადამიანმა, არ უნდა იფიქრო, რომ შეუცვლელი ხარ. შენს მერე მოვა სხვა და კარგი იქნება, თუ შენზე უკეთესად გააკეთებს საქმეს. მაგრამ უფრო რთული წინაპირობა ექნება იმიტომ, რომ უფრო ნაკლები რესურსი ექნება, მაგრამ ახალი იქნება ამ როლში. იქნებ ჩემზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება, იმის გაკეთება, რომ ერთდროულად არ იყვნენ არც ერთი მხარის და არც ერთ ძალის და არც ერთი ძალიან ხმამაღალი ხმის მსახური. არამედ, უფრო ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. მე ნამდვილად არ ვარ შეუცვლელი და საქართველო სავსე არის პოლიტიკოსებითაც და ნიჭიერი ადამიანებითაც.

ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია იყოს პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება დიდი ძალის გავლენის ქვეშ?

რუსები ვერასდროს შეირჩენენ და არც ჩვენ შევარჩენთ ამ ისტორიულ უსამართლობას. ისევე, როგორც დაგვინგრევია ჩვენზე ძლიერი იმპერიების ბურჯები საქრთველოში და გაგვინადგურებია ისინი და აღგვიდგენია ჩვენი მთლიანობა, ასევე გავუშვებთ რუსებს საქართველოდან.

უნდა იყოს... არა მარტო პრეზიდენტი, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ასეთი სივრცეები, სადაც პარტიული დისკუსიების მაგივრად, არის თანხმობა რაღაც ღირებულებებზე. ეს სჭირდება ყველა ერს. ამ სივრცეების გარეშე ერი, როგორც ერთობა, ვერ შედგება. ჩვენ, ყველანი განსხვავებულები ვართ, მაგრამ რაღაცებზე უნდა ვიყოთ შეთანხმებულები. პრეზიდენტი სწორედ ამ შეთანხმებების რაოდენობას უნდა აღრმავებდეს. ეს არის მისი როლი, რომელიც შეიძლება ისეთი მარტივი დასანახი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის დუღაბი, რაც კრავს ერს. ჩვენ ვერ შევქმენით ასეთი სივრცეები.

რა არის ის რამდენიმე თემა, რაზეც თქვენ საუბრობთ - ის საერთო თემები, რაზეც უნდა იყოს თანხმობა პრეზიდენტსა და პარტიულ ძალთა უმრავლესობას შორის?

თეორულად კი არა, პრაქტიკულად გეტყვით - ჩემთვის ეს იყო პიროვნული თავისუფლების აღიარება. ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთი და ვაღიაროთ ერთმანეთის პიროვნული თავისუფლება. ეს სათქმელად იოლია, მაგრამ როცა ხდება დაჯახებები, ეს ხშირად ძალიან დრამატული დისკუსიაა ხოლმე.

დემოკრატია - ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ მმართველობის სხვა ფორმას არ მივიღებთ. საქართველოს შემთხვევაში ეს არ არის თეორიული დისკუსია, სამწუხაროდ. ჩვენს გეოპოლიტიკაში ჩვენ გვთავაზობენ ახალ ვერსიებს და გვეუბნებიან, რომ არ არის სწორი, რომ თქვენ მიიღოთ დემოკარატია, რომ ეს არ არის სწორი. მოდით, ჩვენს ვერსიას გეტყვით რა არის დემოკრატია. ეს იდეები, განსაკუთრებით, რუსეთისგან მოდის, რომ თავისებური, ადგილობრივი, ენდემური დემოკრატია უნდა შეიქმნას. ეს იყო ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და რაც მთავარია, აბსოლუტური რწმენა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად დავამარცხებთ.

რუსები ვერასდროს შეირჩენენ და არც ჩვენ შევარჩენთ ამ ისტორიულ უსამართლობას. ისევე, როგორც დაგვინგრევია ჩვენზე ძლიერი იმპერიების ბურჯები საქრთველოში და გაგვინადგურებია ისინი და აღგვიდგენია ჩვენი მთლიანობა, ასევე გავუშვებთ რუსებს საქართველოდან.

მე ვისურვებდი, რომ ახალი კონსტიტუციით ასე არ შეეზღუდათ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმიტომ, რომ პრეზიდენტის როლი საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო ფორმატებში, ფორმატის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს.

ანუ, ინდივიდი - ქართველი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი, საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და თავისუფალი და საქართველოს მიწა-წყალზე არასდროს უნდა იყოს ოკუპანტი და სანამ იქნება, არც ერთი ქართველი ამას არ უნდა შეეგუოს. სხვათა შორის, მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის იოლად მიდიოდა ხოლმე ეს დისკუსია და ძალიან ხშირად თითოეული ამ თემისთვის ბრძოლა იყო საჭირო.

თქვენი აზრით, საზოგადოება გაიზარდა საიმისოდ, რომ იბრძოლოს ამისთვის? თქვენ, როგორც პრეზიდენტს, შეგეძლოთ წამოგეწიათ თემები, გაგევრცელებინათ ნარატივები ქვეყანაში იმისთვის, რომ ეს სამი პრინციპი დაგეცვათ. როცა თქვენ აღარ იქნებით და არ ვიცით ვინ და რა ღირებულებების მქონე ადამიანი იქნება შემდეგი პრეზიდენტი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება იმ პრინციპებს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. არის საზოგადოება ამისთვის მზად?

ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არის დღესაც, მზად იყოს სამი საუკუნის წინ და ათი საუკუნის წინაც იგივე ღირებულებებით ცხოვრობდნენ. ეს არის კულტურული შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენს წარსულთან ინდენტიფიკაციის საშუალებას გვაძლევს. ეს გენეტიკურად ჩვენს კულტურაშია ჩადებული. მაგრამ სხვა საკითხია რამდენად შეიძლება გადაიზარდოს ეს პოლიტიკურ დისკუსიაში. ერთია თეორიულად თქვა, რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და მეორეა მიიღო განსხვავებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან ეთნიკური შეხედულებების ადამიანი და მიიღო ადამიანის განსხვავებულობა. მე ვფიქრობ, რომ დისკუსიების დონე ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს, მაგრამ უნდა იყოს უფრო ინკლუზიური.

ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, საჯარო დისკუსიიდან და დისკურსიდან დავკარგეთ. მათ შორის ნაწილი ინტელექტუალებისა, რომელებიც გაუცხოებულები არიან პროცესთან და მიაჩნიათ, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. ამ ადამიანების დაბრუნება ამ თემებზე სალაპარაკოდ, არის მნიშვნელოვანი და მათ გარეშე ეს დისკუსია არის მწირი. მე მგონია, რომ კულტურულად ჩვენ მზად ვართ ამ დისკუსიისთვის, მაგრამ ტექნოლოგიურად მეტი ადამიანია ამ პროცესში ჩასართავი.

ახლა უკვე შეცვლილი მანდატით, რა უნდა იყოს პრეზიდენტის მოვალეობა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე?

მე ვისურვებდი, რომ ახალი კონსტიტუციით ასე არ შეეზღუდათ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმიტომ, რომ პრეზიდენტის როლი საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საერთაშორისო ფორმატებში, ფორმატის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს.

[მე ვცდილობდი] წარმოჩენას ჩვენი როლის და ამ როლის დეტალურ ახსნას და იმის გააზრებას, რომ მსოფლიო არის კონკურენტული ბაზარი და ამ გლობალურ ბაზარზე ჩვენ გვაქვს კონკურენცია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი საკითხი წინ წამოვწიოთ.

[ჩემს მხარდამჭერებს] ბოდიშს ვუხდი. ვცდილობ მუდმივად ავხსნა, რატომ გავაკეთე ეს. ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია მოქალაქეების მიმართ სამსახური, მაგრამ არ მიმაჩნდა, რომ საუკეთესო იქნებოდა ამ ფორმატში ისევ ჩემი სამსახური. ბოდიშს ვუხდი იმედგაცრუებისთვის, მაგრამ ავწონ-დავწონე და ასე მგონია, რომ უკეთესია.

მეორე, სანამ არ დამთავრდება ოკუპაცია, ეს არის მუდმივი მტკიცება, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, რუსეთის ფედერაცია, დღესაც და 100 წლის წინათაც, ახორციელებდა აგრესიულ პოლიტიკას რეგიონში და რომ ამას ჩვენ არ შევეჩვევით. არავის ეგონოს, მათ შორის, მესამე ქვეყანას, რომ ჩვენ მშვიდად მივიღებთ იმას და დავივიწყებთ, რომ ჩვენი მიწა-წყალი მიტაცებულია და ამავე პროცესში არ იქნება მიჩვევა. და რომ მათ ინტერესებშიც არის, რომ ერთად აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ბოლო პრიოდში, საქართველოს დემოკრატიის შეფასებისას, ყველა აღიარებს, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში არის ლიდერი, აქვს წინსვლა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. თქვენი აზრით, არის თუ არა ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ქვეყნის განვითარებაზე?

მე მარტივად გეტყვით - პირველ რიგში ქართული დემოკრატია არის ის, რისიც მე მჯერა. ეს არ არის თავს მოხვეული იდეოლოგია, არამედ ენდემურად, კულტურულად, ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენთვის, ქართველებისთვის და ამ ღირებულებას ვემსახურები.

ჩვენი მედიის ხარისხი, საზოგადოების ჩართულობა, ჩვენი პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური პარტიების რაოდენობა... მოდით, ამ ბელეტრისტიკის მიღმა შევხედოთ ფაქტს - საქართველოში ჩვენ ვერ გადავდგით ნაბიჯი, რომ ერთპარტიული სისტემიდან გადავეთროთ სტაბილურ, მრავალპარტიულ, ევროპულ სისტემაზე.

ეს ახსნები მომისმენია მოქალაქეთა კავშირისგან, მომისმენია ნაციონალური მოძრაობისგან, ახლა ვისმენ ამ ახსნას ქართული ოცნებისგან, რომ რაღაცა ღვთით მოცემული ნიჭით, ყველა პატრიოტი, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი და ჯანმრთელი გაერთიანდა ერთ პარტიაში, ხოლო დანარჩენები - უნიჭოები, უნიათოები და გაუნათლებლები არიან სხვა პარტიებში. ეს იგივე ნარატივია, რასაც ყვებოდა მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და რასაც ყვება ქართული ოცნება.

ერთპარტიული მმართველობა არის ნორმალური, ჯანმრთელი პლურალიზმის საწინააღმდეგო, რომელიც ბუნებრივია ადამიანისთვის. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ამიტომაც, მრავალფეროვნება უნდა არსებობდეს პოლიტიკაში. თუ ეს არ არის, დანარჩენი ყველაფერი არის ბელეტრისტიკა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ფორმატიდან ჯერ არ ამოვედით. მაგრამ აქედან ამოსვლა იქნება ქვეყნის წინსვლის წინაპირობა.

როდესაც მმართველი პარტია ვერ ბედავს პირდაპირ გითხრას, რომ მე ამ კანდიდატს ვუჭერ მხარს და ეს ჩემი კანდიდატი არ არისო, ეს ოპოზიციისთვის არ არის საჩუქარი? უბრალოდ უნდა გქონდეს უნარი აითვისო ეს საჩუქარი. პირველ რიგში, მადლობის თქმა უნდა ისწავლო...

ხედავთ სამომავლოდ იმას, რომ გამოვალთ ამ სიტუაციიდან?

დღეს მე ვხედავ პარტიას, რომელიც ისევე, როგორც მოქალაქეთა კავშირი, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობა, პათოლოგიურად აძლიერებს თავის ვექტორს და ამ პროცესში დარწმუნებულია, რომ სწორი გზით მიდის.

თუმცა, დღეს განსხვავებული სიტუაციაა, როცა ვხედავთ იმას, რომ არის ადამიანი, რომელსაც ფარდის მიღმა აქვს ძალაუფლება.

ბიძინა ივანიშვილზე ამბობთ? ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია. კარგია, რომ ეს მოხდა და გამოვიდა ფარდის მიღმიდან და გახდა პარტიის ლიდერი. ასეთივე ძლიერი ლიდერები ჰყავდათ სხვა პარტიებსაც. მათაც, ალბათ, ჰქონდათ არგუმენტები, რომ ყველაზე ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანები მაშინ შევარდნაძემ შემოიკრიბა, მერე სააკაშვილმა, ახლა ყველაზე ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანები ბიძინას ნათელი მზერით იქნენ გამოვლენილი და აი, ამხელა ბედნიერებაში ვართ. მაგრამ ეს ხომ ნათელია, რომ ეს არ არის ბუნებრივი, როცა მარტო ერთი პარტიაა.

უკავშირებთ, თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას თქვენსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას?

პრეზიდენტის ინსტიტუტი კი არ დასუსტდა, ჩემს შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება შეცვლილი, კონსტიტუციის მიხედვით. მე არ მგონია, რომ მინისტრების, პრემიერ-მინისტრების, პარლამენტების არაერთმა პლეადამ მოახერხა, რომ რეალურად რაიმე სახის ძალაუფლება წაეღოთ ჩემგან. პრეზიდენტის ინსტიტუტი თავის დროზე დაასუსტა სააკაშვილის ცვლილებებმა. მე, რაც მქონდა დარჩენილი, ის ბოლომდე გამოვწურე და უფრო ხშირად იმის იქითაც გადავედი. მაგრამ, რა შეტევის ტალღაც იყო პირველივე დღიდან, ბუნებრივია, ეს ამის ნათელი ასახვა იყო. ბუნებრივი იყო, რომ ეს მოხდებოდა.

მე არ ვიყავი დიდი მეგობარი ქართული ოცნების. ჯერ ახლა ვინ არის ქართულ ოცნებაში ბოლომდე არ ვიცი, სად მსახურობდნენ, ან ვინ იყვნენ. ძირითადი ნაწილი, როგორც მეუბნებიან, ძალიან აქტიურად იყო ჩართული სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბალ რგოლებში. ჩემთვის ვიზ-ა-ვი არასდროს ყოფილა ქართული ოცნების რომელიმე პოლიტიკოსი. ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკაში იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა რომ დამთავრდა, ბუნებრივია, იქ გაჩნდა დაპირისპირების ეს ტალღაც. აბა, საიდან უნდა წამოსულიყო. შეიძლება ინსტინქტურადაც... პოლიტიკოსებს ისე უყვართ დაძაბულობა და მითუმეტეს, თუ მათ მთავარ ხელმძღვანელთან დაძაბულობა გაქვს.

ეს უპრეცედენტოა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამას ვემსახურე წელიწადნახევარი, რომ ამ წერტილამდე მიმეყვანა, რომ ვერ დაეყენებინათ საკუთარი კანდიდატი, როგორც კი კონსტიტუცია შეიცვალა იმ წუთიდან. ამით უზრუნველვყავი თანაბარი სთამაშო გარემო ოპოზიციური კანდიდატებისთვის. ამას ხომ უნდა მიხვდნენ. საბოლოო ჯამში, ფაქტად ხომ ის დავუდე, რაც მე მინდოდა...

გარკვეულწილად ისაუბრეთ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ თქვენი პრეზიდენტობის დროს. რომ შეაჯამოთ ის, თუ რა უნდა ახსოვდეს საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან, რას იტყოდით?

მე არ შევაჯამებ იმისთვის, რომ შეგაფასონ, შეგაჯამონ და აგწონონ. ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს და გააკეთებენ ამას. მე გეტყვით ჩემი მიზანი რა იყო.

2014 წელს ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას არ ვეხატებოდი გულზე (ეს ბუნებრივია, რატომ უნდა გეხატებოდეს ადამიანი გულზე, რომელიც სულ შენ გაკრიტიკებს, თუნდაც წარსულში). პარალელურად, ქართულ ოცნებასაც არ ვეხატებოდი გულზე. ამ რთულ ვითარებაში შემენარჩუნებინა ის, რაზეც მიდიოდა მთავარი დარტყმა, შემენარჩუნებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველაზე მეტად პრეზიდენტის ინსტიტუტი - ეს იყო მიზანი.

ქვეყნის ინტერესების ლობირება და წარმოდგენა ქვეყნის გარეთ და ძალიან რთული მცდელობა იმის, რაც თითქოს იოლად ჩანს - თანხმობის სფეროების მოპოვება.

2015 წელს მე დავიწყე დისკუსია ოკუპაციასთან დაკავშირებით. ყველა პარტია მოვიდა დისკუსიაზე. ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან ამ საკითხზე სასაუბრო არაფერი ჰქონდა. ეს დისკუსია ეხებოდა ერთიანი საზოგადოებრივი პოზიციის - პოლიტიკურიც კი არა - შემუშავებას ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო. მაშინ ვერც წარმომედგინა, რომ რომელიმე პოლიტიკოსი იტყოდა, რომ მე პრეზიდენტთან, რომელიც არის ქვეყნის მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტი, მე არ ვილაპარაკებ ქვეყნის მთლიანობაზე.

შემდეგ ასეთი ბევრი იყო, არა მარტო ქართულ ოცნებასთან, არამედ ოპოზიციასთან მიმართებაშიც, როდესაც მე ხელი მოვაწერე კონსტიტუციას, რომელიც მათ არ მოსწონდათ, ვამბობდი, რომ ჩემთვის ეს ის დოკუმენტია, რომელზეც პრეზიდენტის ხელმოწერა უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს. ვერ გავაგებინე ეს. საერთო სივრცეების შექმნის მცდელობა - ეს იყო მთავარი, რაც მინდოდა გამეკეთებინა. რას დაიმახსოვრებენ არ ვიცი.

რისი გაკეთება გინდოდათ და ვერ გააკეთეთ?

აი, ამის გაკეთება მინდოდა. ყველაზე მეტი არმიღწეული, ალბათ, ამ თვალსაზრისით მაქვს. ბუნებრივია, როცა ამდენ გაჭირვებულს ხედავ, როცა ამდენ ადამიანს სამსახური უნდა, ჯანდაცვაში დახმარება უნდა, ამდენს ყოფითი პრობლემა აქვს, ეს ძალიან მძიმე არის იმ ადამიანისთვის, ვისაც - სტატუსით - ახსოვთ, რომ დახმარება შეუძლია. ეს მძიმე იყო პიროვნულად, მაგრამ ეს მესმის, რომ ამას ვერც გააკეთებს პრეზიდენტი.

რაც შემეძლო რომ მიმეღწია - მეტი თანხმობის სფეროები მეპოვა, მეტი დამეჯერებინა არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც, რომ თანხმობის წერტილების პოვნა არ ნიშნავს შენს სისუსტეს. შემეძლო დღეში 15-ჯერ მთელი პოლიტიკური სპექტრი შემეკრა ვიღაცის საწინააღმდეგოდ, საქართველოში შემეძლო ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანება გამეკეთებინა ვიღაცის წინააღმდეგ. ამის გაკეთებას არაფერი უნდა - ვიღაცას გალანძღავ და გაერთიანდები მის წინააღმდეგ. ეს არასდროს გამიკეთებია. მაგრამ გაერთიანება რაღაცისთვის, იყო და რჩება ძალიან რთულ საკითხად და მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი მაქვს ამის.

იმედია მომავალში გვექნება ეს.

ძალიან მინდა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ეს აკეთოს იმიტომ, რომ რამდენ ასეთ პლატფორმასაც იპოვის, იმდენად გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას.

როგორ ფიქრობთ, თქვენს მხარდამჭერებში, არის თუ არა იმედგაცრუება, რომ არ იყრით კენჭს? რას ეტყვით მათ?

ბოდიშს ვუხდი. ვცდილობ მუდმივად ავხსნა, რატომ გავაკეთე ეს. ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია მოქალაქეების მიმართ სამსახური, მაგრამ არ მიმაჩნდა, რომ საუკეთესო იქნებოდა ამ ფორმატში ისევ ჩემი სამსახური. ბოდიშს ვუხდი იმედგაცრუებისთვის, მაგრამ ავწონ-დავწონე და ასე მგონია, რომ უკეთესია.

გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ უარი თქვით კენჭი გეყარათ და ამომრჩევლის და მხარდამჭერების ბაზა გაგეერთიანებინათ, ამით შეუცნობლად აძლიერებთ რომელიმე კანდიდატს? თქვენ რას ფიქრობთ - იმის გამო, რომ თქვენი მხარდამჭერები შეიძლება არ გავიდნენ ხმის მისაცემად, შეეწყობა თუ არა ხელი ამით რომელიმე კანდიდატს?

მე მგონია, რომ მე როგორც ჩავატარე ეს პროცესი, კარგი ანალიზის შემთხვევაში მიხვედრადია, რომ მე ამით მივეცი შესაძლებლობა პლურალისტურ არჩევნებს საქართველოში. მე წელიწადნახევრის წინ მეუბნებოდნენ ვიყრიდი თუ არა კენჭს. მე ვაწარმოე კამპანია, ბოლო წუთამდე არ ვთქვი ვიყრი თუ არა კენჭს. ბოლო წუთამდე ეს გავაკეთე ერთი და იგივე პოსტულატით, რომ ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ ვერ უნდა დაასახელოს კანდიდატი. ამას ვაკეთებდი ხშირად და მუდმივად დაძაბულობის ქვეშ მყავდა ის ჯგუფი, რომელიც აპირებდა ჩემს საწინააღმდეგოდ კანდიდატის დაყენებას. მივიყვანე იმ წერტილამდე, რომ მმართველმა პარტიამ ვერ დააყენა საკუთარი კანდიდატი.

ეს უპრეცედენტოა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამას ვემსახურე წელიწადნახევარი, რომ ამ წერტილამდე მიმეყვანა, რომ ვერ დაეყენებინათ საკუთარი კანდიდატი, როგორც კი კონსტიტუცია შეიცვალა იმ წუთიდან.

ამით უზრუნველვყავი თანაბარი სთამაშო გარემო ოპოზიციური კანდიდატებისთვის. ამას ხომ უნდა მიხვდნენ. საბოლოო ჯამში, ფაქტად ხომ ის დავუდე, რაც მე მინდოდა...

თუმცა საბოლოო ჯამში...

საბოლოო ჯამში, ოპოზიციას აქვს ბევრად უფრო ძლიერი სათამაშო გარემო. როდესაც პარტია, რომელიც აკონტროლებს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დამთავრებული ყველაფერს და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ასეთი ძლიერი პარტია ვერ აყენებს სახელისუფლებო კანდიდატს, ოპოზიციისთვის ამაზე მეტი საჩუქარი რა გინდა.

თუმცა აქ არა მხოლოდ ოპოზიციაზეა საუბარი, არამედ დამოუკიდებელ კანდიდატზეც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია.

როდესაც მმართველი პარტია ვერ ბედავს პირდაპირ გითხრას, რომ მე ამ კანდიდატს ვუჭერ მხარს და ეს ჩემი კანდიდატი არ არისო, ეს ოპოზიციისთვის არ არის საჩუქარი? უბრალოდ უნდა გქონდეს უნარი აითვისო ეს საჩუქარი. პირველ რიგში, მადლობის თქმა უნდა ისწავლო, მაგრამ კარგი...

რომ გეუბნებიან, რომ ეს ჩვენი კანდიდატი კი არ არის, ის დამოუკიდებელი კანდიდატიოა, რა გავლენას ახდენს ეს რაიონულ საარჩევნო ორგანიზაციებზე, პარტ-აქტივზე, საარჩევნო გარემოზე ეს ყველამ იციან პოლიტიკოსებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ.

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი საარჩევნო პროცესი დინამიკაში წარმოიდგინოს, მიხვდება რა შესაძლებლობები გააჩნია. ან მიხვდებიან და აითვისებენ ამას, ან ვერა. მათი კონკურენციის ხარისხი თვისობრივადაა აწეული. ან აითვისებენ, ან ვერა, ან ისევ გაბუტულები იქნებიან, როგორც ხშირად არიან ხოლმე.

სხვათაშორის, ეგ ხშირად მსმენია, რომ ქართველ პოლიტიკოსები იბუტებიან.

ემოციურები არიან - ემოციური, დრამატული და ზედმეტად უშუალოები ურთიერთოებში.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუს პირველი ნაწილი, რომელიც საქართველოს საგარეო ურთიერთობებს და დასავლურ მისწრაფებებს ეხება, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG