ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორში მოსახლეობა ინდოელ ინვესტორებს უპირისპირდება


დიცის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს მიწები ომის დროს რუსებისგან სისხლის ფასად დაიცვეს და არც ახლა აპირებენ მასზე უარის თქმას

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში დღეს უცხოელ მიწის მესაკუთრეებს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. დიცი უშუალოდ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელია, სადაც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვარი გადის. საზღვრისპირა სოფლებიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად რუსი მესაზღვრეები „საზღვრის უკანონო გადალახვის“ ბრალდებით აკავებენ. მიზეზი, უმეტესწილად საყოფაცხოვრებო ხასიათს ატარებს: შეშის მოპოვება და მსხვილფეხა საქონლის საძოვრად გაყვანა. სოფლის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ომის შემდგომ უწყლოდ ცხოვრობენ, რადგან ორი მაგისტრალური წყალსადენი ოკუპირებულ მხარეს დარჩა, საძოვრების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ დანიშნულების მიწის ფართობის გასხვისებამ გამოიწვია დღეს დავა დიცში. ინდოელმა ინვესტორებმა, რომლებმაც დიცში 84 ჰექტარი ფართობი გასული წლის ნოემბეში კანონის სრული დაცვით შეიძინეს, დღეს მიწის დამუშავება დაიწყეს, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

დიცის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს მიწები ომის დროს რუსებისგან სისხლის ფასად დაიცვეს და არც ახლა აპირებენ მასზე უარის თქმას. მათივე განცხადებით, მიწის აუქციონზე გატანის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„მოვიდნენ ინდოელები, იყიდეს 140 ჰექტარი, დაპირისპირება ჩვენს შორის იმან გამოიწვია, რომ დაიწყეს ორმოების ამოთხრა ხეხილის დასარგავად. სოფელი ძალიან გაჭირვებულია, ოთხი წელია წყალი არ გვქონია. არავის დავუტოვთ ამ მიწას. ხვალ შევიტანთ სარჩელს პროკურატურაში და სასამართლოში და ვნახავთ, რა მოხდება“

„ეს სოფლის საკუთრებაა. ტენდერის ამბავი ახლა გავიგეთ, ფაქტის წინაშე რომ დავდექით. კინაღამ დავიხოცეთ აქ, რუსებს არ დავუთმეთ და ინდოელებს დავუთმოთ? სისხლისღვრა მოხდება ამ მიწის გულისთვის ამ სოფელში. ჩვენმა მამა–პაპამ ამ მიწას შესწირეს თავი და ჩვენც მისთვის მოვკვდებით“– ამბობენ ადგილობრივები.

საქმეში დღეს პოლიციაც ჩაერია. მათი განცხადებით, ინდოელ მესაკუთრეებს საბუთები სრულ წესრიგში აქვთ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დიცში გაყიდული მიწის თაობაზე მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაცია ცნობილი არ იყო. მისი თქმით: „მოსახლეობა გამოვიდა პროტესტისთვის. რამდენიმე წლის წინ, ეს ტერიტორია გადაეცა სოფლის მაცხოვრებლებს, მოსახლეობამ 25–25 მეასედი დაიტოვა შემდგომი გაფართოების მიზნით, რეზერვისთვის. მოხდა ისე, რომ სოფელმა არ იცოდა, გაიყიდა ფართობი. ვინ და როგორ გაყიდა, ამის თაობაზე საქმის კურსში არ ვართ, ალბათ დაინტერესდებიან სათანადო ორგანოები. ბოლოს, გასული წლის ნოემერში მიწა შეისყიდა შპს „მადლმა“ და ზუსტად ექვს დღეში გაყიდა ოთხ სხვადასხვა ინდურ კომპანიაზე. საბუთების მიხედვით, ყველაფერი წესრიგში აქვთ, რაც ჩვენ ვნახეთ: თანხა გადახდილია, ნოტარიულად დამოწმებულია, საჯარო რეესტრში გატარებულია.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, იმ ადგილებში, სადაც ეს ფართობებია, მიწები არ უნდა სხვისდებოდეს უცხოელებზე. ერთი რამის გამო: ზუსტად იმ ფართობზე გადის რუსების მიერ გავლებული სასაზღვრო ზოლი. შეიძლება უცხოელმა მოინდომოს და მიწა საზღვრის მიღმა მეზობელს მიყიდოს, რითაც საზღვარი 84 ჰექტარით აქეთ გადმოიწევს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თორემ ცხადია, მესაკუთრეს უფლება აქვს საკუთრება გაყიდოს, ან გააჩუქოს, სურვილის მიხედვით.“

კონფლიქტის ზონის სოფლებში მიწებისა და საძოვრების გასხვისების საკითხი პრობლემურად პირველად არ წარმოჩენილა. გასულ წელს, ასევე კონფლიქტის მოსაზღვრედ, სოფელ ზეღულეთში ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მიწის მესაკუთრეს, ამჯერად ეთნიკურად ქართველს დაუპირისპირდა. ადგილობრივების მხარდასაჭერად იმ დროს ოპოზიციის წარმომადგენლები სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილიც ჩავიდნენ, რასაც გახმარურებული ინციდენტიც მოჰყვა: სოზარ სუბარი ტრაქტორებს წინ გადაუდგა და მიწის დამუშავების საშუალება არ მისცა.

სააგენტო ინტერპრესნიუსმა დღეს გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ერთ–ერთმა ინდურმა ტელემაუწყებელმა საქართველოში მიწების ყიდვის თემას საგანგებო მასალა მიუძღვნა: „2011 წელს, - ნათქვამია ტელეკომპანია NDTV-ის სიუჟეტში, - საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის წარმოების გაფართოება უცხოელთა იმიგრირების მხარდაჭერით გადაწყვიტა, რომელთაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ცოდნა და კარგი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. თუმცა, ყველა ქართველი არ არის ბედნიერი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებით. ზოგიერთი მათგანი წუხს, რომ მცირე მიწების გაღატაკებული მფლობელები იოლად ცდუნდებიან თავიანთი მიწების უცხოელებზე მიყიდვით".

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG