ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის სჭირდება ეკონომიკური ინიციატივები


ვის სჭირდება ეკონომიკური ინიციატივები
ვის სჭირდება ეკონომიკური ინიციატივები

იური კოპაძე მცირე მეწარმეა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს, სადაც ამჟამად, ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაციული საზღვარი გადის. დვანში ორი ქართული საგუშაგოა, დვანს იქით კი ოსური სოფლები. ომის შემდგომ იური კოპაძემ უმუშევრობის პრობლემასთან ჭიდილი დამოუკიდებლად დაიწყო და კონფლიქტის ზონის სოფელში ქარხანა გახსნა. ამბობს, რომ ეს დიდი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის შემდეგ შეძლო, რადგან ომის შემდგომ ახალ და თან ეკომონიკურ პროქეტთან შეჭიდება დიდ რისკს უკავშირდებოდა.

მისი საწარმო ხილს მეზობლებისგან, თანასოფლელებისგან ყიდულობდა და ჩურჩხელას, ტყლაპსა და სხვა პროდუქტს აწარმოებდა, რომლის რეალიზაციასაც შემდგომ თბილისის დიდ მაღაზიებში ახდენდა. იური კოპაძემ საწარმოში 15 ადამიანი დაასაქმა და საქმესაც წარმატებული პირი უჩანდა. თანასოფლელებიც ახალი სამუშაოს პრერსპექტივას იმედის თვალით შესცქეროდნენ, თუმცა როდესაც საქმე ინვესტიციების ჩადებაზე მიდგა და იური კოპაძემაც ბიზნესის გაფართოების მიზნით ბანკებს მიაშურა, კრედიტის აღების თხოვნაზე ყველგან უარი მიიღო - კონფლიქტის ზონაა და ინვესტიციას ასეთ სარისკო ადგილას ვერ განვახორციელებთო.

დღეს ბატონი იურის საწარმო კიდევ მუშაობს. იქ შვიდი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ მეპატრონე მომავალს წარმატების ჭირილში ვეღარ განიხილავს და საკუთარ თავს ხშირად ეკითხება: „იქნებ შეცდომა დავუშვი, როდესაც აქ საწარმოს გახსნა გადავწყვიტეო?“

კონფლიქტის ზონა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლები დღეს უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება. ყველაზე დიდ პრობლემას აქ დასაქმებისა და თვითდასაქმების კუთხით არსებული უპერსპექტივო გარემო ქმნის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ბოლქვაძე ამბობს, რომ ეკონომიკური ინიციატივების წახალისების მიმართულებით სამინისტროს კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის ჯერ არანაირი პროექტი არ შეუთავაზებია. „ბანკები კერძო სტრუქტურაა, რომელსაც სახელმწიფო ვერაფერს დაავალდებულებს“,– ამბობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ავთანდილ მეტივიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა, რომელიც რეგიონში ეკონომიკურ საკითებს მართავს. ჩვენთან საუბრისას მეტივიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველა კარგ პროექტს მხარს უჭერს. დვანში არსებულ საწარმოზე მას აქამდე არაფერი სმენია. ამბობს, რომ სახელმწოფოს ბევრი შეთავაზება აქვს აქტიური ბიზნესმენებისთვის, თუმცა ზოგად ფრაზებს იქით გუბერნატორის მოადგილის ნათქვამი არ მიდის.

იური კოპაძემ საკუთარ საწარმოს „დინასტია“ დაარქვა. გახსნის დროს იმედი ჰქონდა, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებდა. დღევანდელი გადასახედიდან კი მისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკთხი: არის თუ არა სასარგებლო მის მიერ წამოწყებული საქმე კონფლიქტის ზონაში და ვის სჭირდება ეკომონიკური ინიციატივები.

XS
SM
MD
LG