ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირიკაშვილმა კახა კალაძეს გამარჯვება უკვე მიულოცა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. დღეს მან საარჩევნო უბნების დახურვისთანავე განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პრემიერის თქმით, ის ოფიციალურ შედეგებს დაელოდება, თუმცა კალაძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.

გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და თქვა, რომ „ეს არის თბილისის, თბილისელების, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება.“ პრემიერ-მინისტრის თქმით, ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა.

"ერთი რამ დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსი, არის სწორი. ის, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და ის, რომ დღეს, ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფითა და სიძულვილით, ეს დაინახა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე გველოდება. ჩვენს დედაქალაქს, მსოფლიოში ულამაზეს ქალაქ თბილისს, ელოდება კიდევ უფრო ლამაზი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კახა კალაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მხარდამჭერებს და ყველა ამომრჩეველს, რომელმაც დღეს საკუთრი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. "ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში”, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, წინასწარი მონაცემებით, ”ევროპულ საქართველოს”, ახლად შექმნილ პარტიას, რომელსაც ის ადგილობრივ არჩევნებზე წარმოადგენდა, მოსახლეობის სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პარტია დაელოდება საბოლოო შედეგებს, თუმცა ახლავე გეგმავს, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეების მეტი ნდობის მოპოვებაზე იზრუნოს.

”პირველ რიგში, მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა მადლობა გულითადი მხარდაჭერისთვის. ღმერთია მოწმე, რომ არც ერთი თქვენგანი არც კოორდინატორს მოუყვანია, არც ძველ ბიჭს, არც საჯარო სამსახურში დაგვიბარებიხართ, თქვენ ქალაქის სიყვარულმა მოგიყვანათ არჩევნებზე. მეც და ჩემი დაკვირვებლებიც ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ თითოეული ხმა დავიცვათ”, - განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანიასთან "რუსთავი 2". ელისაშვილი მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს, ამბობს, რომ ეგზიტპოლებს არ ენდობა და საბოლოო შედეგების დათვლას დაელოდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG