ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებში მონაწილეობა 1 570 500-მა ადამიანმა მიიღო


არჩევნები ბათუმში
არჩევნები ბათუმში

საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ცესკომ ბრიფინგი გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, დაიხურა.

წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 570 500-მა ადამიანმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველთა 45.64%-იანი აქტივობა ფიქსირდება. ცესკო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, თბილისში, ამომრჩეველთა აქტივობა 43.4%-ს შეადგენდა. დაახლოებით იგივე მონაცემი იყო 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც, როცა 20:00 საათისთვის თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.31%-ს არ აღემატებოდა.

„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა" - თქვა ანა მიქელაძემ. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი. ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევში და ქუთაისში. ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შევიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით.

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადასტურებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა - იუწყება სააგენტო "ინტერპრესნიუსი". ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 113 საჩივარი დაწერეს, რომელთაგან 106 "ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა“. ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა. ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია შეიმჩნეოდა. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო, უბნებზე ხშირად იქმნებოდა გაურკვევლობა. იყო პრობლემები საჩივრების რეგისტრაციის მხრივაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს 250 ადგილობრივი დამკვირვებლის საშუალებით უწევდა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას 22 ოქტომბერს წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG