ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო ბრძოლა


Georgia, protest

შეესაბამება თუ არა წინასაარჩევნო ვითარება საქართველოში საერთაშორისოდ მიღებულ წინასაარჩევნო კამპანიის სტანდარტებს?

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარე საპროტესტო აქციების, „ქართული ოცნების" აქტიური წევრების დაპატიმრებების, „ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია „ქართული ოცნების" ორმხრივი კომპრომატების, ფარული ჩანაწერების უზარმაზარი ტალღის და სხვა ნეგატიური მოვლენების ფონზე ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება.

შეესაბამება თუ არა წინასაარჩევნო ვითარება საქართველოში საერთაშორისოდ მიღებულ წინასაარჩევნო კამპანიის სტანდარტებს?

„სამართლიანი არჩევნები” საქართველოში არჩევნებამდე სამი დღით ადრე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნების” იურისტი, ნინო რიჟამაზე:

„კერძოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების და პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავების ფაქტების საგრძნობლად ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებები, ზოგადად, წინასაარჩევნოდ შექმნილი პირობები სერიოზულ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო კამპანიის თანასწორ გარემოში მიმდინარეობას და ამომრჩევლებში ამ პროცესების მიმართ უნდობლობის გაღვივებას იწვევს. ამიტომ ჩვენ ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია და დაინტერესებულია, მივიღოთ სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო, მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისგან.

ასევე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დაკავებები არ იყოს ცალსახა - მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ ხდებოდეს აქტივისტების დაკავება. ხუთივე ანგარიშში, რომელიც ჩვენ გამოვეცით, თითოეულ მათგანშია ეს მოწოდება. უკანასკნელ ანგარიშში თითოეულ უწყებას მივმართეთ მოთხოვნით, რომ შეესწავლათ და გამოეძიათ ყველა ძალადობრივი ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ჩვენს ანგარიშებში. ჩვენ ყოველ დღე ახალ-ახალ განცხადებას ვაქვეყნებთ „ეს შენ გეხება” კამპანიის ფარგლებში, სადაც არა მარტო „სამართლიანი არჩევნები”, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც არიან ჩართულნი. ხდება მოწოდება ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისკენ. სამოქალაქო სექტორის უმრავლესობის პოზიცია და ხედვა არის, რომ ეს პროცესები დადებითად არ აისახება არჩევნების საბოლოო შედეგზე.”


საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკარდო მილიორიმ განაცხადა:

„ძალიან შეშფოთებული ვარ მედიით და სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების უამრავი დაკავებების შესახებ.

დაპატიმრებები და ბრალდებები, რომლის შედეგადაც პოლიტიკური აქტივისტები არჩევნების პერიოდში თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სერიოზულად უნდა აღვიქვათ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავშეკავება გამოიჩინოს, განსაკუთრებით, ამ მგრძნობიარე დროს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება არათანაბრობის შთაბეჭდილება დატოვოს, სერიოზული შეშფოთების საგანი იქნება.”


თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი საერთაშორისო სტანდარტებს „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის” ხელმძღვანელი, კახა სოფრომაზე გვესაუბრება. ასოციაცია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებს.

„საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი საერთაშორისო სტანდარტებს მაშინ გასცდა, როდესაც ცვლილებები შეიტანეს საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ძალიან ბევრი ისედაც დამახინჯებული რეგულაცია კიდევ უფრო დაამახინჯეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დაიწყო აშკარად გამოცხადებული პოლიტიკური განზრახვები, როგორც „ქართული ოცნების”, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რეალურად გვხვდება უკვე ის ბარიერები, რომელიც თავის დროზე ჩადებული იქნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მმართველი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. შესაბამისად, ეს ბარიერები, დაწყებული თუნდაც იქედან, რომ ფინანსური შეზღუდვები დაიწყო პოლიტიკური, საარჩევნო სუბიექტების, დამთავრებული იმით, რომ 90 დღემდე გააგრძელეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ყველა ეს მეთოდი უკვე გამოყენებულია და აშკარად ჩართულია წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულად „ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

ნებისმიერი თანხის შემომწირველი ჯარიმდებოდა უმკაცრესად, ხოლო ძალიან ბევრი სიუჟეტი გვინახავს ტელევიზიით, როდესაც მუშები, ხელოსნები, მძღოლები 100 ათასობით ლარს წირავენ „ნაციონალურ მოძრაობას” და მათზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ჩაიკეტა „ქართული ოცნება”. რაც შეეხება აქტიურ ადამიანებს, მოგეხსენებათ ბოლო დროს მასიური დაპატიმრებები ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერების იზოლაცია ხდება. ძირითადად მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი პარტიის დაპირისპირებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. არსებობს სხვა სუბიექტებიც, მაგრამ მათ მიმართ ასეთი რეპრესიები ნამდვილად არ ხორციელდება.

ჩვენ ბოლომდე ვცდილობთ, რომ ის მწირი რესურსები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნია გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ ჯერ კიდევ გადავარჩინოთ ქართული არჩევნების შელახული იმიჯი, რომელსაც ვფიქრობ, დიდი ალბათობით, საერთაშორისო საზოგადოება მინიმუმ ნაკლის მქონე არჩევნებს უწოდებს.”
XS
SM
MD
LG