ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიურპრიზები კონფლიქტის ზონაში


ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ დიცთან რუსი მესაზღვრეები კვლავ აქტიურობენ

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში, ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ დიცთან რუსი მესაზღვრეები კვლავ აქტიურობენ. აქ არა მხოლოდ მავთულხლართებია გაბმული, არამედ ლითონის მესერიც დაამონტაჟეს. რამდენიმე თვის წინ დაწყებული საზღვრის დემარკაციის პროცესი დღესაც გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს ხმა მიაწვდინოს ყველა უწყებას, რომელთაც დემარკაციის პროცესზე უფრო ხმამაღალი განცხადების გაკეთების შესაძლებლობა ექნება.
დიცის მოვლენების პარალელურად, დღევანდელი დღიდან უნდა აკრძალულიყო ტვირთების გადატანა ახალგორის გამშვები პუნქტიდან ახალგორის მიმართულებით. ამის თაობაზე დე-ფაქტო ადმინისტრაციამ საგანგებო ბრძანება გამოსცა. აკრძალვა ეხება ნებისმიერი სახის ტვირთს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტებს. უკანასკნელი ცნობებით აკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიხედოს. ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ აღნიშნული რეგულაცია უმძიმეს პირობებში ჩააყენებს ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს. დავით ზალკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დიცში საზღვრის დემარკაციისა და ახალგორიდან ტვირთების რეგულაციის საკითხი ერთ კონტექსტში უნდა იყოს განხილული, რადგან ამით ირღვევა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. „ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა არის დარღვევა, რომელიც მე შევაფასე, როგორც საერთაშორისო ნორმების დარღვევა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა. ჩვენ ეს ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სწორედ ამ ორივე მიმართულებით. როგორც დიცში არსებული ვითარების, ისე ახალგორის მიმართულებით შეზღუდვის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას,“- ამბობდ დავით ზალკალიანი.
რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დემარკაციის პროცესს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. „შეშფოთებული ვარ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის განახლების შეტყობით. ეს კიდევ ერთხელ არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინსვლას. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება", - ნათქვამია აპატურაის განცხადებაში.
დღეს რუსმა მესაზღვრეებმა ლითონის ღობე დიცთან ჯერ დაამონტაჟეს, შემდეგ კი საკუთარი ხელით აჭრეს. ამერიკის ხმა დიცის გამგებელს ზაქარია ვატიტაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების ქმედებებით ადგილობრივებს ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა ახლადგამოყვანილ სარწყავ წყალზე, ღობეებს მიღმა რჩება სოფლის ერთ-ერთი გზა და კარგავენ მისასვლელს სასაფლაოზე. „გუშინ რაც შემოღეობეს, მას შემდეგ, დღეს დილით გააგრძელეს მუშაობა სხვა მიმართულებით. 150 მეტრზე შემოღობეს, შემდეგ ბოძები ამოყარეს და წაიღეს. რას აკეთებენ, რა პროვოკაციას ეწევიან, ვერ ვიგებთ. ერთი გზა დაგვიკეტეს, რომელიც დიცს ეკუთვნის. სარწყავი წყალთან დაყენებული გვყავდა მუშაკი, რომლის დახმარებით წყლის მიმართულებას ვარეგულირებდით. ახლა მას რაღაც შემოვლითი გზებით, ჩუმად მოუწევს გადაპარვა. სასაფლაოზე მისვლას ვერ ვახერხებთ ამ დროისთვის, მაგრამ ვნახოთ, იქნებ გამოგვივიდეს რაიმის შეცვლა,“- აცხადებს ჩვენთან საუბრისას ზაქარია ვატიტაძე.
რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველო გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში იყოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე. „სრულიად გასაგებია სოფლის მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი. ქართველი სამართალდამცავები დღეს ადგილზე იმყოფებიან იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი და პირველ რიგში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე ადგილზე იქნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მათ გაავრცელეს გუშინ განცხადება და მხარეებს მოუწოდეს პრიორიტეტულად განიხილონ მოსახლეობის საჭიროებები. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. კიდევ ერთხელ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე“,- ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.
ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის. აბაშიძე აცხადებს, რომ ვითარების დაძაბვა მათი შეხვედრის წინ რთული დასაჯერებელია, საგანგებოდ არ ხდებოდეს.
XS
SM
MD
LG