ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი საერთაშორისო რეაგირებას ელის


უსუფაშვილმა და ფანჯიკიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დიცში არსებული ვითარება გააცნეს

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან კლოდ მინიონს შეხვდა. მან სტუმართან სოფელ დიცთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

"შესაძლოა, ეს იყო მცდელობა რუსეთის ხელისუფლებაში გარკვეული ძალების მხრიდან, რომ დიალოგის პირველ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დაიწყო, ხელი შეეშალოს. ეს არის პირველი და საწყისი ნაბიჯები, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს კრემლში ეს ნაბიჯებიც კი აღიზიანებს. ამ დროს, ასეთ ვითარებაში ადმინისტრციული საზღვრის გადმოწევა და დამატებითი პრობლემების შექმნა, ჩანს, რომ ამ მიზანსაც ემსახურება," - განუცხადა ჟურნალუსტებს დავით უსუფაშვილმა.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, ჟან კლოდ მინიონმა სიტუაცია უნდა შეისწავლოს. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ფაქტების შესწავლის შემდეგ ევროსაბჭო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.
XS
SM
MD
LG