ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

58 გარდაცვლილი ერთ დღეში - საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი მატულობს


საველე ჰოსპიტალი თბილისში
საველე ჰოსპიტალი თბილისში

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გართულებებით 58 ადამიანი გარდაიცვალა, რაც კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 6 590 პირი ემსხვერპლა.

მომდევნო დღეებში ჯანდაცვის სამინისტროში გარდაცვალების მონაცემების ზრდას არ გამორიცხავენ. მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან დღეს თქვა, რომ მათი გამოცდილებით, "გარდაცვალება არის შემთხვევების 1 პროცენტში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად თუ 5 000 ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის 50. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“.

ვაქცინაცია ავადობის და სიკვდილობის პრევენციის საუკეთესო საშუალებად რჩება. გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2021 წლის მარტიდან აგვისტოს თვეებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი კოვიდ-19-ზე ვაქცინირებული არ იყო. რეანიმაციაში მოხვედრილ პირთა შორის კი ერთხელ აცრილი იყო 1% და ორჯერ ვაქცინირებული - 0.3%.

საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი ქვეყანაში ნახევარ მილიონს გადაცდა და კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 501 297 შეადგინა. ტესტებში დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეისთვის არის არის 9.95%, ბოლო 7 დღის მანძილზე - 11.01%.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG