ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი ელჩის რჩევები საქართველოს მთავრობას


უილიამ კორტნი: „პრემიერ ივანიშვილის გახსნილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ძალიან პოზიტიურია“

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე "ამერიკის ხმა" საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნის ესაუბრა.

ბატონო ელჩო, საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ერთერთი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებულია. მას ბრალად ედება კორუფციულ სქემებში მონაწილეობა. შესაძლოა ვიხილოთ სხვა ბრალდებებიც. ოპონენტები აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

მე არ ვარ იმ ბრალდებების საქმის კურსში, რომელსაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უყენებენ. თუმცა, დასავლეთში ამ პროცესებს კვლავ აღიქვამენ, როგორც შერჩევით მართლმსაჯულებად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, რასაც ივანიშვილის მთავრობა ახორციელებს. მე არ ვიცი ეს სწორია თუ არა, მაგრამ ეს იმდენად ძლიერი აღქმაა, რომ ივანიშვილის მთავრობამ უფრო მეტი გამჭვირვალობა უნდა აჩვენოს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ბრალდება წაეყენოს პრეზიდენტ სააკაშვილსაც. პოლიტიკურ კონტექსტში ბრალდების წაყენება მოქმედი პრეზიდენტისთვის, არაპროფესიონალურია. რადგან ამას სჭირდება კონსტიტუციის დაძლევა რაც სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა და არა პრემიერ-მინისტრის.

თუკი ეს ბრალდებები გამართლდება, შეიცვლება თუ არა დასავლეთის პოლიტიკური წრეების აღქმა და მოიხსნება თუ არა შეკითხვები ივანიშვილის მთავრობის მიმართ?

თუკი გაიმართება სასამართლო პროცესები, ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, დასწრება უნდა შეეძლოთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე უცხოელ დიპლომატებს. ამდენად, დასავლეთში არსებული აღქმის მოხსნა დამოკიდებული იქნება სწორედ ამ ხალხზე, თუ როგორ შეაფასებენ ისინი სასამართლო პროცესების ხარისხს.

17 მაისს ჩვენ თბილისში ვიხილეთ ორი ჯგუფის დაპირისპირება. ერთ მხარეს იდგა მცირე ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ჰომოფობიას და მეორე მხარეს ათასობით ადამიანი, რომელიც ამ მცირე ჯგუფის წინააღმდეგ გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, რასთან გაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დასავლეთში ლგბტ-ს უფლებების დაცვა ახალი მოვლენაა. ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა. მე ამას შევადარებდი ამერიკაში სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, რომელიც შავკანიანთა უფლებებს შეეხებოდა. გარკვეული აზრით, ლგბტ მოძრაობა ამ ადამიანთა უფლებების დაცვისთვის, რეალურად პოზიტიური მოვლენაა, რამაც სწრაფად მოიცვა დასავლეთი, რის შედეგადაც ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ დემოკრატიულობის ნიშნები აჩვენა. ადამიანთა ტოლერანტობა დასავლურ დემოკრატიაში უფრო და უფრო ძლიერი ხდება. რაც შეეხება საქართველოს, მე ვნახე პრემიერ ივანიშვილის ძალიან პოზიტიური განცხადება ლგბტ ჯგუფის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა, მთავრობამ არასკმარისად იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად დემონსტრაციის დროს. ეს კი საქართველოს სამართალდამცავთა სერიოზულ ნაკლად უნდა ჩაითვალოს. საუკეთესო გზა იქნება, თუ მოხდება ამ მოვლენის დამოუკიდებელი შეფასება საზოგადოების გამორჩეული წევრების მიერ. ასევე, რაც შეიძლება მოკლედ დროში უნდა მომზადდეს დამოუკიდებელი ანგარიში მომხდართან დაკავშირებით.

ოქტომბერში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ჯერჯერობით, ორი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი - გიორგი მარგველაშვილი მმართველი კოალიციიდან და ნინო ბურჯანაძე არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრიდან. როგორ ფიქრობთ, გავხდებით მწვავე საარჩევნო ბრძოლის მოწმენი, თუ ეს არჩევნები შედარებით მშვიდი იქნება?

ვერ გეტყვით, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი კონსტიტუციის შესაბამისი, თავისუფალი და სამართლიანი იყოს. პროცესი ღიად უნდა წარიმართოს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამკვირვებლებისთვის. მათ უნდა მიეცეთ დაკვირვების და გაშუქების სრული საშულება. რაც შეეხება პროგნოზს, ჯერჯერობით ეს რთული საქმეა.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან შვიდ თვეზე მეტი გავიდა. როგორ აფასებთ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობას და რა რეკომენდაციებს მისცემდით მას?

ზოგ სფეროში ვხედავ პოზიტიურ ნაბიჯებს, ზოგან კი ნეგატიურს. პრემიერ ივანიშვილის გახსნილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ძალიან პოზიტიურია. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დადებითი მოვლენაა. დასავლეთში შეშფოთებას იწვევს შერჩევითი სამართალი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ასეთი მიდგომის მაგალითია უკრაინა, სადაც ტიმოშენკოს საქმე დასავლეთის და უკრაინის ურთიერთობების მრავალ ასპექტში დომინანტური გახდა. სირცხვილი იქნება, თუ ეს საქართველოში მოხდება. ამდენად, ეს მოსაგვარებელი საკითხია. და ბოლოს, საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობის მაღალი დონეა. უმუშევრობა კი არასაკმარისი ეკონომიკური რეფორმების შედეგია. ამდენად, უმუშევრობის მოგვარება და შესაბამისი ბიზნესგარემოს შექმნა, ივანიშვილის დღის წესრიგში მთავარი საკითხი უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს. ყოფილი მთავრობის წევრები კი ამ ნაბიჯს ეროვნული ინტერესების ღალატად თვლიან და ამბობენ, რომ საქართველომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ოლიმპიადას. თქვენი აზრით, რომელია გონივრული ნაბიჯი?

პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი მართალია. საქართველო ოლიმპიადაში უნდა ჩაერთოს. თუ გავიხსენებთ 1980 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა, შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. ასევე ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმაც უარი თქვა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. ამ ნაბიჯებით მაშინ დაპირისპირებულმა მხარეებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ბოიკოტის შემთხვევაში საქართველო რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწევს. საქართველოსთვის და რუსეთისთვის ურთიერთობების დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში. რუსეთი საქართველოს მეზობელია და მუდამ იქნება. ასევე, როგორც ქართველებმა იციან რუსეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა. ამდენად, რუსეთთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარებით საქართველო მხოლოდ მოიგებს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უნდა შეეგუოს რუსეთის ქმედებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობას დასავლეთიც არ აღიარებს. თუმცა, რუსეთს და საქართველოს თანამშრომლობა ბევრ სფეროში სჭირდებათ.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG