ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი საკადრო შეცდომა


დარჩება თუ არა ოთარ ფაცხალაძე (მარჯვნივ) საჯარო სამსახურში, უცნობია

ოთარ ფარცხალაძემ 1991 წლის „ანტირეკორდი“ გააუმჯობესა

კვირაზე მეტია საქართველოს მთავარი პროკურორი არ ჰყავს. 2013 წლის 23 ნოემბერს დანიშნულმა ოთარ ფარცხალაძემ ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვე და 7 დღე გაძლო და საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე წარუმატებელი მთავარი პროკურორი.

ფარცხალაძემ „გააუმჯობესა“ შორეული 1991 წლის „ანტირეკორდი“. მაშინ ვაჟა აბაკელიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 1 თვე და 15 დღე იმუშავა. შემდეგ კი პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლებასთან ერთად, სამხედრო პუტჩის შედეგად იქნა გადაყენებული.

პარადოქსია, მაგრამ ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა ისე დატოვა, მედიასთან და საზოგადოებასთან მხოლოდ ეპისტოლარული ურთიერთობა ჰქონდა. ფარცხალაძის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დააკმაყოფილა, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს

„ფარცხალაძე უნდა გადამდგარიყო. ვინ გადაწყვიტა თვითონ ფარცხალაძემ, ღარიბაშვილმა თუ ივანიშვილმა, პირადად ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

როცა ადამიანს ნიშნავ, მის ბიოგრაფიას უნდა გადახედო. ეს ხომ ფაქტია, არა? მაგრამ, როცა ამ საკადრო შეცდომას ნაციონალები აკრიტიკებენ ვერ მივიღებ, იმიტომ რომ თუ ყაჩაღი და ბანდიტი იყო, იმათაც ჩაეხედათ ბიოგრაფიაში და რატომ დაკიდეს მაშინ ღირსების ორდენი?

მერე რა, რომ მთავარ პროკუროტად არ დაუნიშნავთ, იმხელა თანამდებობაზე იყო, ბევრი რამ მოეკითხებოდა და რაც მთავარია სხვას სჯიდა.“

მთავარი პროკურორი გადადგა მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიაში „ყაჩაღური ქურდობისთვის“ იყო ნასამართლევი. როგორ დაიწყო ნასამართლეობის მქონე ფაცხალაძემ 2000-იან წლებში მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე გაუგებარი რჩება.

სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით, „ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში“ ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პოლიციის კანონის მე-20 მუხლში კი პირდაპირ წერია, რომ „პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლეობა არ არის მოხსნილი“.

მეორეს მხრივ, ასევე უცნობია როგორ აღმოჩნდა, აუგსბურგის პროკურატურის მიერ გერმანელი ადვოკატის გერჰარდ შტრატესთვის გადაგზავნილი საქმის მასალები გიგი უგულავას ხელში? ან ვისი თხოვნით და რა მიზნით გამოითხოვა შტრატემ 2000 წლის „ფარცხალაძის საქმე“ 2013 წლის ბოლოს?

დოქტორმა გერჰარდ შტრატემ (http://www.strate.net/index.php), რომელიც გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისხლის სამართლის ადვოკატია, „ამერიკის ხმასთან“ „საკითხის კონფიდენციალურობიდან“ გამომდინარე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მთავარი პროკურორის გადაყენება, 2012 წლის ოქტომბერში ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ ალბათ, ყველაზე დიდი გამარჯვება იყო. უდავოა, რომ ოპოზიცია ამ წარმატების განვრცობას ეცდება.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამჯერად იმ ფირების განსაჯაროებას ითხოვს, რომლითაც მისი აზრით, დადასტურდება, რომ ოთარ ფარცხალაძემ მართლაც გაიყვანა ციხიდან ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ღიად დაემუქრა.

„ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული და ჩვენ უნდა ვიხილოთ ფირი, რომელიც არსებობს და რომელსაც დღემდე არ გვაჩვენებენ.

მეორე - რაც უფრო მნიშვნელოვანია: პრემიერ-მინისტრს და მთელ მათ გუნდს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ერთი ფარცხალაძის მეორე ფარცხალაძით ჩანაცვლებით, რაიმე შეიცვლება.

ეს უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, რომ უნდა შეცვალონ პოლიტიკა. დაიწყონ ქვეყნის მართვა, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე ზრუნვა, გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლა და თავი დაანებონ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას.“

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ კვირაზე მეტია ფიქრობს, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ეს მარტივი საკითხი სულაც არ არის. პრემიერ ღარიბაშვილის პირველი მძიმე საკადრო შეცდომის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში ერთგვარი ქაოსია.

უცნობია ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობებს ის კადრები, რომლებიც უწყებაში ოთარ ფარცხალაძეს ერთი თვის წინ მიყვნენ?

ის პროკურორები კი, რომლებიც ფარცხალაძის საკადრო წმენდაში მოყვნენ თანამდებობებზე დაბრუნებას ითხოვენ და სერიოზულ ზეწოლაზე საუბრობენ, განსაკუთრებით, ფარცხალაძისა და მისი მოადგილეების: ირაკლი შოთაძისა და გიორგი გაბიტაშვილის მხრიდან.

სისტემიდან დათხოვნილი პროკურორების მიერ, პრემიერ ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, გუშინ გაგზავნილ წერილში, კერძოდ ვკითხულობთ:

„პროკურატურა პრაქტიკულად პროკურორების გარეშე დარჩა, ხოლო „წმენდას“ გადარჩენილი პროკურორების ნაწილი „განაჩენის“ მოლოდინშია. სამუშაო პროცესი მოშლილი და პარალიზებულია....

ათეულობით დათხოვნილი პროკურატურის მუშაკის ადგილას დაინიშნენ ძირითადად, ფინანსური პოლიციიდან გადმოყვანილი კადრები.... ეს ყველაფერი შორსაა იმისგან, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა...“


საქართველოს გენერალური პროკურორები 1990-2013

ვახტანგ რაზმაძე 1990-1991
ვაჟა აბაკელია 1991
ვახტანგ რაზმაძე 1992
თედო ნინიძე 1992-1993
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1994-2000
გია მეფარიშვილი 2001
ნუგზარ გაბრიჩიძე 2001-2004
ირაკლი ოქრუაშვილი 2004
ზურაბ ადეიშვილი 2004-2008
ეკა ტყეშელაშვილი 2008
ზურაბ ადეიშვილი 2008-12
თეა წულუკიანი 2012

მთავარი პროკურორები

მამუკა გვარამია 2008-2009
მურთაზ ზოდელავა 2009-2012
არჩილ კბილაშვილი 2012-13
ოთარ ფარცხალაძე 2013

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG