ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბახმაროს რეაბილიტაცია კითხვებს ბადებს


ბახმაროს რეაბილიტაცია კითხვებს ბადებს

ევროპაში ყველაზე მაღალმა კურორტმა ბახმარომ, (http://ka.wikipedia.org/wiki/ბახმარო) რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, დამსვენებელს წელიწადის ოთხივე დროს უნდა უმასპინძლოს. ასეთია ახალი ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებას საქართველოს მთავრობა 2012 წლის მაისიდან აპირებს. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, როცა ბახმაროში პირველი დასახლება გაჩნდა, დღემდე, აქ საკურორტო სეზონი, მხოლოდ ორი თვე, ივნისიდან - სექტემბრამდე გრძელდება. ამის მიზეზი ძალიან მაღალი ნალექი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა, ბახმაროში ხუთიდან ათ მეტრამდე თოვლი მოდის, რომელიც ექვსი თვის მანძილზე არ დნება. არ არსებობს წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგებაშიც სერიოზული პრობლემებია. ამის მიუხედავად მთავრობამ პირობა დადო, რომ ფერიცვალების დღესასწაულისთვის ბახმაროში პირველი დიდი სასტუმრო, კინოთეატრი, აფთიაქები და სუპერმარკეტები აშენდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და კომპანია „გეოგრაფიკის“ დირექტორმა გიორგი გოცირიძემ კერძოდ აღნიშნეს

რამაზ ნიკოლაიშვილი: „იცით რომ საირმე გავაკეთეთ, იცით რამხელა ინფრასტრუქტურული პროექტები განვარხორციელეთ მესტიაში, კახეთში ვახორციელებთ. ყველაფერს თავის დრო აქვს. ყველაეფრი გათვლილია ხალხის კონკრეტულ რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში მოვიდა ბახმაროს დროც. დარწმუნებული ვარ ყველა გურული გახარებულია, იმიტომ, რომ ყველას ეგონა, ეს კურორტი დავიწყებული იყო, ყურადღებას არავინ აქცევდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პროექტი დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ ბევრი ინვესტორი გამოჩნდება, შევეცდებით ბევრი დავაინტერესოთ, თუმცა ბიუჯეტში არის გათვალისწინებული კონკრეტული თანხები, რომელიც პირველ ეტაპს ეყოფა და გავაგრძელებთ ალბათ.“

გიორგი გოცირიძე: „საქართველოს მთავრობის დაკვეთით ავსტრიულმა კომპანიამ კვლევა ჩაატარა. ახლა უნდა განვსაზღვროთ ყველაზე დაცული და საინტერესო ადგილები, სადაც საბაგიროების დაყენება შეიძლება. კვლევების ფრონტი გაშლილია ისე, რომ მაქსიმალურად განვსაზღვროთ რა პოტენციალი აქვს ბახმაროს. კურორტის ახალი კონცეფცია არის ასეთი: ზაფხული, შემოდგომა, გაზაფხული და ახალი მიმართულება - ზამთარი.“

აქამდე ბახმარო ცნობილი მხოლოდ ბუნებრივი სამკურნალი თვისებებით იყო. ახალი გეგმის მიხედვით კი გურიაში თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება იგეგმება. თავდაპირველად აშენდება ორ კილომეტრიანი სათხილამურო ტრასები. შესაბამისი კვლევა ცნობილმა ავსტრიულმა კომპანია Austrian Tourism Consultants-მა (www.atc-consultants.com) 2008 წელს ჩაატარა. ეს კომპანია საქართველოში ჯერ კიდევ 1988 წელს შემოვიდა და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის კურორტ გუდაურის განვითარებაში მონაწილეობდა. კვლევაში კერძოდ აღნიშნულია, რომ ბახმაროში მთელ წელზე გათვლილი საერთაშორისო სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ამასთან ავსტრიელები მიუთითებენ, რომ ტურისტული ბაზარი ბახმაროს დასატვირთად მზად არ არის. Austrian Tourism Consultants ასევე ყურადღებას ამახვილებს უნებართვო მშენებლობებზე, რომელმაც თითქმის მთელი კურორტი მოიცვა. რას უპირებს მთავრობა იმ კერძო მესაკუთრეებს, რომლებიც ბახმაროში უკვე ათწლეულებია სააგარაკე ტიპის სახლებს ფლობენ ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოა, რომ ასეთი ტიპის სახლებს სახელმწიფო დაანგრევს. ბახმაროში უკვე იმყოფებოდნენ კომპანია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები. ამ კომპანიამ ახლახანს დაასრულა მძიმე მოლაპარაკებები იმ მოსახლეობასთან, რომელსაც თბილისის რკინიგზის შემოვლითი ხაზის მშენებლობის გამო განსახლება შეეხო. (იხილეთ http://www.geographic.ge/article.php?lang=ge&cat=4&id=84&pro=1). უფლებადამცველტა განცხადებებით, ეს პროცესი კერძო პირთა უფლებების უხეში დარღვევით აღინიშნა. მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ამ თემაზე საუბრისას მხოლოდ ის თქვა, რომ ბახმაროში ძველ ხის კოტეჯებს ახალი კოტეჯებით ჩაანაცვლებენ.

„ბახმაროს მოსახლეობა არ ჰყავს. იქ მოდის ხუთი მეტრი თოვლი და ბახმაროში რჩება ორი ოჯახი, რომლებიც ამ სახლებს იცავენ. ზამთრის განმავლობაში იქ რეალურად არავინ არის. ასე რომ ბახმაროს მოსახლეობა არ არსებობს. 90 პროცენტი ბახმაროში არსებული შენობების არის ხის. ჩვენ ზამთარში დავიწყებთ ამ კოტეჯების დამზადებას და იქ დაიწყება ამ ყველაფრის აწყობა. გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან, ამხელა თოვლის გამო იქ ხე უფრო მუშაობს. შესაბამისად გეგმა უკვე გვაქვს. რამდენი ტურისტიც არ უნდა ავიდეს ბახმაროში, აბსოლუტურად ყველა დარჩება.“

ბახმაროში არასოდეს არსებულა თვითმმართველობის ორგანო და არც მიწის პრივატიზება მომხდარა. შესაბამისად, სააგარაკე სახლების მეპატრონეებს ეშინიათ, რომ ქონებას ისევე დაკარგავენ, როგორც ეს სხვა ტურისტული ზონების (მესტია, ბათუმი, გონიო, ანაკლია, სიღნაღი) განვითარებისას მოხდა (იხილეთ http://www.osgf.ge/files/publications/2011/Report_Mestia(Final-1).pdf, http://www.osgf.ge/files/publications/2011/Gonio_GEO_WEB.pdf). ამჟამად, ბახმაროს კუთვნილი 199 ჰექტარი მიწიდან, 20 ჰექტარი სწორედ ასეთი ტიპის შენობებს უჭირავს. გაზეთ „გურია ნიუსის“ ცნობით, ჩოხატაურის რაიონის შესაბამისი სამსახურებში, ბახმაროში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება უკვე წლებია შეუძლებელია. კურორტზე უძრავ ქონებას მხოლოდ იმ უმცირეს კერძო პირებს ურეგისტრირებენ, ვინც ქონება აუქციონის წესით იყიდა. ამ პრობლემის არსებობის შესახებ, როგორც საჯარო რეესტრის, ისე იუსტიციის სამინისტროსთვის, ბახმაროს რეაბილიტაციის გამოცხადებამდე იყო ცნობილი, ამის მიუხედავად, ამ უწყებებში კომენტარზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG