ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წელი


ვილნიუსი, 2018 წლის 16 თებერვალი

ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა - ლიტვა 2018 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს. ლიტვის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა დედაქალაქ ვილნიუსში 16 თებერვალს აიღო სტარტი. 100 წლის უკან, 1918 წელს სწორედ ამ დღეს, ლიტვის ტარიბამ (Lietuvos Taryba) ანუ ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად, 20 ხმით, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ამ ისტორიულ სხდომას იონას ბასანავიჩიუსი თავჯდომარეობდა, ლიტვის ეროვნული აღორძინების მოძრაობის ყველაზე დიდი ფიგურა, რომელსაც ლიტვაში „ერის მამად“ მოიხსენიებენ.

ლიტვის ტარიბა 1918 წლის 16 თებერვალს, შუაში - იონას ბასანავიჩიუსი
ლიტვის ტარიბა 1918 წლის 16 თებერვალს, შუაში - იონას ბასანავიჩიუსი

ტარიბამ დამოუკიდებლობა ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში გამოაცხადა, როცა ლიტვის მიწები ერთის მხრივ გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, მეორეს მხრივ კი მასზე პრეტენზიას საბჭოთა რუსეთი აცხადებდა.

ლიტვის დამოუკიდებლობის აქტი პირველად „ლეტუვოს აიდასში“ გამოქვეყნდა, ვინაიდან გერმანიის მთავრობამ პუბლიკაცია აკრძალა, ტიპოგრაფია კი სადაც გაზეთი დაიბეჭდა დახურა, ლიტვაში ისტორიული დოკუმენტი იატაკქვეშეთში საიდუმლოდ ვრცელდებოდა.

ლიტვის, გერმანიის და საქართველოს პრეზიდენტები ვილნიუსში
ლიტვის, გერმანიის და საქართველოს პრეზიდენტები ვილნიუსში

100 წლის შემდეგ, ლიტვისთვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის მისალოცად, ვილნიუსში, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩავიდა. ლიტველ ხალხს დიდი ისტორიული თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიულოცა:

ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ - ლიტველ ხალხთან ერთად, იმ მომენტში, როდესაც ლიტვა რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობდა“
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

"ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ - ლიტველ ხალხთან ერთად და ვყოფილიყავი ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და საქართველოს მხარდამჭერთან - დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად იმ მომენტში, როდესაც ის რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობდა.“

გერმანიისა და საქართველოს პრეზიდენტების გარდა, ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისის აღმნიშვნელ ღონისძიებებს ვილნიუსში ასევე დაესწრნენ: ევროკომისიის პრეზიდენტი იუნკერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ტუსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, ლატვიის პრეზიდენტი ვეიონისი, ესტონეთის პრეზიდენტი კალიულაიდი, ფინეთის პრეზიდენტი ნინისტო, ისლანდიის პრეზიდენტი თორლასიუსი და უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო.

ევროპელი ლიდერებისათვის ოფიციალური დახვედრის საზეიმო ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შემდეგ კი მოვლენებმა წმინდა დიუკის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფო დროშების აღიმართა და ნატო-ს საჰაერო - საპოლიციო მისიის საბრძოლო თვითმფრინავების ავიაშოუ შედგა.

საღამოს, გიადიმინოს პროსპექტზე სიმბოლურად 100 კოცონი დაინთო, ვილნიუსის კათედრალურ ტაძარში კი საზეიმო მესა აღევლინა, ლიტვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი ქვეყნის მასშტაბით, საეკლესიო ზარების რეკვით დასრულდა.

ლიტვაში სიმბოლურად 100 კოცონი აინთო
ლიტვაში სიმბოლურად 100 კოცონი აინთო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ვილნიუსში აღნიშნა:

ზუსტად 100 წლის წინ ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ეს თავისუფალი არჩევანის ტალღა გაგრძელდა ევროპაში და გაგრძელდა საქართველოში. რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველომაც პირველად მისი არსებობის ისტორიაში გამოაცხადა რესპუბლიკა"
დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი

„ზუსტად 100 წლის წინ ვილნიუსში ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ეს თავისუფალი არჩევანის ტალღა გაგრძელდა ევროპაში და გაგრძელდა საქართველოში. რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველომაც პირველად მისი არსებობის ისტორიაში გამოაცხადა რესპუბლიკა და აირჩია ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიის გზით.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ საქართველოს, ლიტვის, ბალტიისპირეთის და მთელი ევროპის ბრძოლა თავისუფლებისთის გრძელდება. ეს არის ერთიანი ევროპული უსაფრთხოებისთვის ბრძოლა, სადაც საქართველოს დიდი და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.“

100 წლის წინ ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის აქტის მიღება საქართველოდანაც მიულოცეს. იმ დროისთვის საქართველოში რამდენიმე ათასი ლიტველი ცხოვრობდა. თბილისში 1917 წლიდან არსებულმა „ლიტველთა ეროვნულმა საბჭომ“ (შემდეგ „კომიტეტმა“), რომელსაც ტიფლისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, შემდეგ დიპლომატი პრანას დაილიდე ხელმძღვანელობდა ვილნიუსში მისალოცი ტელეგრამა გააგზავნა.

1918 წლის 2 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე, დაილიდე თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი გეგეჭკორს შეხვდა და „კომიტეტის“ სურვილი გაააცნო, ამიერკავკასიაში ლიტვის ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნილიყო.

ევგენი გეგეჭკორი, პრანას დაილიდე და ანტანას სმეტონა
ევგენი გეგეჭკორი, პრანას დაილიდე და ანტანას სმეტონა

ერთი თვის შემდეგ კი დაილიდეს უკვე ვილნიუსში ოფიციალური აუდიენცია ჰქონდა ლიტვის ტარიბას წევრთან ანტანას სმეტონასთან (1919 წელს სმეტონა ლიტვის პირველი პრეზიდენტი გახდა), რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური პირების მოკითხვა გადასცა. ტარიბამ პრანას დაილიდე ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლად საქართველოში ოფიციალურად დაამტკიცა და მიანიჭა უფლება „კავკასიაში მყოფ ყველა ლიტველზე ეზრუნა“.

ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ხელი საბჭოთა ოკუპაციამ შეუშალა, 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, თბილისში ლიტვის წარმომადგენელობა დაიხურა. 1940 წელს, ბალტიისპირეთის ანექსიის შემდეგ, ლიტვაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

საქართველოსა და ლიტვას შორის დიპლომატიური ურთიერთობა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი წლის თავზე, 1994 წელს დამყარდა, მას შემდეგ, ვილნიუსი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლობისტი და მხარდამჭერია.

ვილნიუსის მერიის მილოცვა საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის მარტი
ვილნიუსის მერიის მილოცვა საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის მარტი

ლიტვიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს თელავიდან დაიწყო კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავს საქართველო 2018 წლის 26 მაისს იზეიმებს და ცერემონიალზე ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ლიტვის პრეზიდენტი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG