ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოოპერაციული მეურნეობის პრაქტიკა ყველაზე მისაღებია


თბილისში ჭადრაკის სასახლეში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა

თბილისში ჭადრაკის სასახლეში გლეხების, ფერმერების, მეცნიერების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა აგრარულ სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ აგრარულ სფეროში არსებული პრობლეემების მოგვარების თაობაზე შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს ხედვა და გეგმები გააცნო :

”ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივები. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი, რომ ქართულ ბაზარზე იყოს დიდი რაოდენობით ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ იმ პროდუქციის წარმოებას, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნია”.

ბიოსასუქის მწარმოებელი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ეკო სტანდარტის” ხელმძღვანელის გურამ ბრეგვაძის თქმით 3 წლის წინ ”ეკო სტანდარტმა” მოიგო გრანტი სახელწოდებით ”ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების საფუძვლები”. ბიოსასუქი, გურამ ბრეგვაძის თქმით, ”სოფლის მეურნეობის დარგში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ტექნოლოგია საქართველოში ჯერჯერობით არის ახალი, ისეთი რეკლამა არ გვაქვს, რომ ცნობადი იყოს. მაგრამ ასე თუ ისე შედეგი მივიღეთ, ყველა კმაყოფილია ამ პროდუქციით, გასაღება არ გვიჭირს. უბრალოდ გვინდა სახელმწიფო, ან რომელიმე კერძო ფონდი დაგვეხმაროს , რომ ინდუსტრიული სახე მივცეთ. ჩვენ თუ ახლა დღეში რაღაც ”x” ოდენობას ვაწარმოებთ, ამ ოდენობას გავზარდით. იმიტომ რომ ჩვენი პროდუქცია მოთხოვნადია, თანამედროვეა, ეს არის 21 საუკუნის ტექნოლოგია. მას არაფერი საერთო არ აქვს გენმოდიფიცირებულ ტექნოლოგიებთან. გენმოდიფიცირებული პროდუქცია საერთოდ უნდა ამოვარდეს, თუ უნდა საქართველოს თავისი პროდუქციის ექსპორტზე იფიქროს. ექსპორტი დაკავშირებულია პროდუქციის ხარისხთან, მის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. ჩვენი სასუქი არის პირველი წამალი ამ ყველაფრის”.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის თქმით, კომიტეტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე ”ფერმერთა ჯგუფების შესახებ”, რომელიც ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანებას შეეხება.
გიგლა აგულაშვილმა ჭადრაკის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის სახელით მხარდაჭერა და თანადგომა აღუქვა:

” უნდა დაიწყოს დიალოგი ფერმერებთან. უნდა დაიწყოს მათთან საუბარი იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არსებობდა წლების განმავლობაში. პირადად მე მათ მადლობას გადავუხდიდი, დარგის გადარჩენის პროცესში რომ არა ისინი.. სახელმწიფოსგან ისინი, მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ დატოვებულნი. რაც შეეხება ინიციატივებს, ჩვენ გვექნება ინიციატივები. მაგალითად ”ფერმერთა ჯგუფების შესახებ” კანონზე, ვგულისხმობ ნებაყოფლობით გაერთიანებებს, კოოპერატივებს”.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით აგრარული კომიტეტი ოსი და აფხაზი ფერმერების სხვადასხვა პროექტებში ჩართვაზე იზრუნებს:

” ვფიქრობთ ასევე, რომ აგრარული კომიტეტი ერთ-ერთ მიმართულებად ალბათ აიღებს კონფლიქტური რეგიონებისთვის სხვადასხვა პროექტების შემოთავაზებაზე ზრუნვას. რომ ჩვენ ოს და აფხაზ თანამემამულეებთან საინტერესო პროექტებთან იყოს მუშაობა, ამის მზაობა არის”.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის თამაზ გეგეშიძის თქმით, საქართველომ მსოფლიოში დამკვიდრებული კოოპერაციული მეურნეობების პრაქტიკა უნდა გადმოიღოს:

” საერთაშორისო კოოპერაციული ალიანსი განთავსებულია ჟენევაში, მას თავისი ისტორია აქვს. მის საფუძვლებზე და ძირითად პრინციპებზე უნდა ააწყოს საქართველომ კოოპერაციული გაერთიანებები. ებრაელმა ხალხმა ქვიშაში ოაზისები ააშენა. მათ კიბუცების სახით კოოპერაციის ფორმა გამოიყენეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია, არ გვჭირდება კიბუცები, მაგრამ თვითონ ისრაელის კოოპერატორები ამბობენ, რომ ”ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ კოოპერაციაზე”.

თამაზ გეგეშიძის აზრით, კოოპერაციული მეურნეობის გარეშე სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარება შეუძლებელია:

” უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან უნდა შეიქმნას მუშა აპარატი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, რომელშიც ყველა სამინისტრო მოექცევა”.

შეგახსენებთ, ახალი მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დაფინანსება 148 მლნ.ლარიდან 218,9 მლნ. ლარამდე იზრდება. ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG