ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანი


2 მარტის აქცია თბილისში, "რადიო თავისუფლების" ფოტო.
2 მარტის აქცია თბილისში, "რადიო თავისუფლების" ფოტო.

გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 29 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. როგორც "რადიო თავისუფლებას" მათ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში განუცხადეს, სასამართლო პროცესები ჯერ არ დანიშნულა.

საქართველოს პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად რეგისტრაციას დაავალდებულებს, მეორე მსგავს კანონპროექტთან ერთად, გუშინ განიხილეს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. სწორედ ამ პროცესის გასაპროტესტებლად შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტების ნაწილი.

პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. მათგან 7 იმავე საღამოს გაათავისუფლეს.

დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას, ინიციირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის მიღების შემთხვევაში, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.

კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

გამოძიება პოლიციელთა უფლებების შესაძლო გადამეტებაზე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, 2 მარტს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართული აქციის 2 მონაწილის მიმართ.

„საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ. გ-ს და ნ. ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

განმარტება მმართველი პარტიის წარმომადგენლისგან

კანონპროექტების მიზანი იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ - ამბობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე მომზადებულ 2 კანონპროექტთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კანონპროექტთან მიმართებაში აცხადებენ, რომ ის ამერიკული კანონის ანალოგია.

„გამჭვირვალობის კანონს დავარქმევდი. მგონია, რომ ეს არის კანონპროექტის შინაარსი, არსი, მიზანი და დანიშნულება. ჩვენ ისეთ კაზუსებთან გვაქვს საქმე, როცა სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი მაინც რუსული კანონია. ქართულ კანონპროექტს არანაირი საერთო და კავშირი არც ერთ სხვა კანონთან არა აქვს, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს ამერიკულ კანონპროექტთან და მისი დასახელება, სადაც სიტყვა “აგენტი“ ფიგურირებს, ამერიკული კანონპროექტიდან არის გადმოტანილი" - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG