ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაჰინი: უცხოელ აგენტებზე კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის მსგავსი


ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო. განხილვა საკანონმდებლო ორგანში ხმაურის ფონზე წარიმართა, რამდენიმე საათის შემდეგ კი პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო.

"ამერიკის ხმა" რამდენიმე საათით ადრე ამერიკის სენატორ ჯინ შაჰინს ესაუბრა. ინტერვიუს ერთ-ერთი თემა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების კანონპროექტიც იყო, რომელზეც ინტერიუდან მოკლე ამონარიდს გთავაზობთ. სენატორ შაჰინს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

სად ჯდება ეს კანონპოროექტი საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში? რა შეხედულება გაქვთ მასთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის.

რა არის ამერიკული კანონის არსი? საქართველოში ეს განხილვის დიდი თემაა. კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია აცხადებენ, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია და კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე - "ფარა". თქვენი აზრით, რა არის უმთავრესი განსხვავებები ამერიკულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის?

ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ. იგივე ხდება მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, როცა "არ-თის" [ყოფილი „რაშა თუდეი“] თუ ჩინურ ტელევიზიას მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ, რათა მაყურებელმა იცოდეს ვინ უხდის მათ ფულს და ვის წარმოადგენენ ისინი. როგორც მე მესმის, კანონპროექტი საქართველოში, საერთოდ არ არის "ფარას" მსგავსი.

ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს რეალური შეშფოთება მათი ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც რიგით ადამიანებს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად მუშაობენ. როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას, ამას რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე.

სენატორ შაჰინთან სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შაბათს, საღამოს 5:30-ზე, "ამერიკის ხმის" ყოველკვირეულ გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან".

XS
SM
MD
LG