ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები თბილისში და შავი ზღვის უსაფრთხოება - ფოკუსში


აშშ ელჩი კელი დეგნანი, აშშ სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
აშშ ელჩი კელი დეგნანი, აშშ სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-ის სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი თბილისში პოლიტიკურ აქტორებთან საუბრისთვის ჩამოვიდნენ. 20 თებერვალს მათ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ის ძირითადი მესიჯები გააჟღერეს, რაც მოცემული მომენტისთვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაში მნიშვნელოვან დღის წესრიგს შექმნის.

შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი მუშავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსგან უფრო მეტი მოლოდინია საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში მონაწილეობაზე. თავის მხრივ, 20 თებერვალსვე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააჟღერა წინადადება, რაც უსაფრთხოებასთან პირდაპირაა დაკავშირებული - ესაა ანაკლიაში პორტის მშენებლობა. ამ დრომდე გაყინული პროექტი ახლა, სწრაფი წესით დაიძვრება - ასეთია ღარიბაშვილის განაცხადი.

საქართველოს პრემიერი აშშ სენატორებთან
საქართველოს პრემიერი აშშ სენატორებთან

სენატორებმა საქართველოში შეხვედრები 19 თებერვალს, გვიან საღამოს დაიწყეს. არაფორმალურ ვითარებაში ისინი შეხვდნენ პოლიტიკოსებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ შეხვედრას მხოლოდ სამი ქალი დაესწრო. 20 თებერვალს შეხვედრები გაგრძელდა პრეზიდენთან, პრემიერთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00

სენატორების შეხვედრების პარალელურად, საქართველოში აქციები იმართებოდა. ჟურნალისტები პარლამენტში აპროტესტებდნენ კანონს „უცხოეთის აგენტების თაობაზე“, რომელიც „ხალხის ძალამ“ დაარეგისტრირა. ქუჩებში კი გამოსვლები იყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები მეგაფონებითა და ტრანსფარანტებით მოძრაობდნენ სახელმწიფო კანცელარიიდან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. ანალოგიური შინაარსის მიტინგი გაიმართა ბათუმშიც.

პოლიტიკური აქტივობებით ამგვარად დატვირთულ დღეს, სენატორებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში საქართველოს ერთგული მხარდამჭერია და ასე გაგრძელდება მომავალშიც. „რამდენიმე დღეში ერთი წელი შესრულდება რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში. ამ დროს, მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა, რადგან საქართველომაც იგივე გამოსცადა 2008 წელს,“- განაცხადეს სენატორებმა და ხაზი გაუსვეს რუსეთის ძალმომრეობის წინააღმდეგ აშშ-ის მხარდაჭერას როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის. 20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის კიევში ვიზიტი, ასევე მხარდაჭერის მძლავრი მესიჯია.

„ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ შეხვედრებზე საქართველოს მთავრობას, გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპასთან დაახლოებაში,“ - ამბობს ჯინ შაჰინი.

აშშ სენატორები მესამე სექტორთან არაფორმალურ შეხვედრაზე
აშშ სენატორები მესამე სექტორთან არაფორმალურ შეხვედრაზე

„რუსეთის უსამართლო შეჭრამ უკრაინაში და უკრაინელების სიმამაცემ და წინააღმდეგობის უნარმა გააერთიანა ევროპის ერები, რასაც უერთდება საქართველოც. მისი აპლიკაცია და ძალისხმევა ევროკავშირის წევრობაზე, არის ნაწილი ამ ძალისხმევისა, ჩვენც, ჩვენის მხრივ, პირობას ვდებთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას. მესამედ ვიმყოფები საქართველოში და იმედი მაქვს, მომავალშიც დავბრუნდები აქ. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხალხი, რომელიც მედგრად დგას მტრისა და პროვოკაციების წინააღმდეგ“,- ამბობს დიკ დურბინი.

სენატორებთან კითხვები დაისვა მმართველი გუნდის მიერ დასავლური კურსისგან გადახვევის თაობაზე და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებითაც. სენატორები საქმის კურსში არიან იმ კანონპროექტზეც, რომლის ინიციატორია „ხალხის ძალა“ და რომელიც „უცხოეთის გავლენის აგენტების“ იდენტიფიცირებას ითვალისწინებს.

„მედია თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია და საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უნდა აპატიმრებდნენ. რა ბრალდებაც არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი უფლებები უნდა იყოს დაცული,“- მიიჩნევს ჯინ შაჰინი.

სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და სადავო კანონპროექტის შესახებ საკითხები პერმიერ მინისტრთან და პრეზიდენტთან განიხილეს. „არ გვინდა ვნახოთ საქართველო იმ მიმართულებით, რაც აქვს რუსეთსა და ვენესუელას,“- ამბობს დიკ დურბინი.

საქართველოს პრემიერი აშშ სენატორებთან
საქართველოს პრემიერი აშშ სენატორებთან

„უფლება მომეცით ძალიან ნათლად, ძალიან გასაგებად ვთქვა, რომ პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი საერთოდ არაა იგივე კანონი, რაც არის აშშ-ში. ესაა რუსული კანონი. ასეთი კანონი მიიღეს უნგრეთში, რაზეც ითქვა, რომ არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, ადამიანის უფლებებთან. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე, ასეთი კანონის წარდგენაც იგულისხმება,“- ამბობს ჯინ შაჰინი.

„ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა „პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს, კორნელი კაკაჩიას, რომელიც ერთ-ერთი იყო მათგან, ვინც სენატორებთან შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, შეხვედრის მთავარ მიზანს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გაცნობა წარმოადგენდა. სენატორებს აინტერესებდათ, რა მდგომარეობაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეგიონში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით და რა შეხედულებები არსებობს ამის თაობაზე ლოკალურად.

"ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც იძლევა ეგრეთ წოდებული „შუა კორიდორი,“ სატრანსპორტო თვალსაზრისით - ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ. ახალი გამოწვევები, რაც დაკავშირებულია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და მის მომავალთან, მის როლთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. აქამდე ევროკავშირი თვლიდა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება არ იყო მისი პრიორიტეტი, თუმცა უკრაინის ომმა ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება უნდა გახდეს ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი. ამ კუთხით ბევრია სამუშაო, რადგან ევროკავშირს, აშშ-სგან განსხვავებით, გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად არ შეუძლია“- გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

აშშ სენატორები მესამე სექტორთან არაფორმალურ შეხვედრაზე
აშშ სენატორები მესამე სექტორთან არაფორმალურ შეხვედრაზე

ის აღნიშნავს, რომ 20 თებერვალს საქართველოს პრემიერის მიერ ანაკლიის პორტის საკითხის დაძვრა დადებითად განიხილება დასავლელ პარტნიორებთან და გზას უხსნის რეგიონულ პროექტებს. „თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პროექტი განახორციელა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავადვე დაბლოკა, ეს აჩვენებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის დასავლური დისკურსის ნაწილი, თუმცა მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გარკვეულ დისონანსშია. დემოკრატიის უკუსვლა, დაპირისპირება დიპლომატებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან - ეს ყველაფერი ერთად არ ჯდება. ჩვენი ხელისუფლება ერთ ნაბიჯს დგამს სწორი მიმართულებით და ორ ნაბიჯს არასწორი მიმართულებით - უკან“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.

20 თებერვალსვე, როდესაც ერთის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი კიევს სტუმრობდა, მეორეს მხირვ კი აშშ-ის სენატორები - თბილისს, კრემლის პოზიციაც დაფიქსირდა. მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. მისი თქმით, „შოუ „შუშის მიღმა სააკაშვილთან“ სულ უფრო გასართობი ხდება. მსოფლიო შემოიარა კადრებმა, როგორ ვერ მიდის მიშიკო საწოლამდე... ყველამ იცის, რომ სააკაშვილი დასავლეთის მიერ დამუშავებული მასალაა. როდესაც დღევანდელ კადრებს ნახავენ, ბაიდენისა და მისი ქვეშევდრომი ზელენსკის თანხლებით, არ დაავიწყდეთ წინა ამერიკული პროექტების ბედი“, - წერს ზახაროვა.

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი თბილისში
სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი თბილისში

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოფიციალურ განცხადებაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ აღნიშნავენ და ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG