ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპატიანის განცხადებით, ქვეყანა ახალ არჩევნებს ჩაატარებს თუ ამაზე ყველა მხარე შეთანხმდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთში დემონსტრაციები გრძელდება. ქუჩის გამოსვლები პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერის თანამდებობაზე გადასვლას მოჰყვა. ერევნის საპროტესტო ტალღა მიმომხილველებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში აქამდე ნანახ დემონსტრაციებს ახსენებს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ განსხვავება მათ შორის დიდია.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნა დააყენა, ერევნის ქუჩებში მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში. „ჩვენ ახლა რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ გამოვდივართ, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს“, განაცხადა პაშინიანმა.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად პრემიერ-მინისტრი სერჯ სარქისიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დანიშვნამდე ქვეყანას ორი ვადის განმავლობაში მართავდა, გადადგა.

გუშინ, კარაპატიანმა განაცხადა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებაზე ყველა მხარემ უნდა მოილაპარაკოს. „თუ ისინი ამას გადაწყვეტენ, ჩვენ [გადაწყვეტილებას] დავემორჩილებით“, თქვა კარაპატიანმა.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში საპროტესტო მოძრაობებს შორის ზოგადი პარალელების გავლება შესაძლებელია, იქნება ეს უკრაინაში 2014 წლის გამოსვლები თუ საქართველოში 2003 წლის რევოლუცია. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ მათ შორის განსხვავებები დიდია.

„სომხეთში სიტუაცია არ უკავშირდება დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ ორიენტირებას, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ. აქ საქმე გვაქვს დაღლასთან, რომელიც ხელისუფლებაში არაეფექტური და კონტრპროდუქტიული მთავრობის ყოფნას უკავშირდება“, ამბობს კარინ გევორგიანი, პოლიტოლოგი მოსკოვიდან.

ორგანიზაცია "ჩათჰამ ჰაუსის" მკვლევარის, ანაჰიტ შირინიანის თქმით, სარქისიანი მოსკოვის მარიონეტი არ ყოფილა. „უკანასკნელ პერიოდამდე, დასავლეთისთვის ის [სარქისიანი] მისაღები იყო, რადგან ის ცდილობდა სომხეთის საგარეო პოლიტიკის მრავალმხრივ განვითარებას. მან 2008 წელს თურქეთთან დიპლომატიური "დაახლოების" ძალზედ გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, 2013 წელს ის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერას შეეცადა“, - ამბობს შირინიანი.

საბოლოო ჯამში, მოსკოვის ზეწოლის შედეგად ასოცირების შეთანხმებაზე სარქისიანმა უარი თქვა და რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ „ევრაზიის კავშირს“ შეუერთდა. თუმცა რუსეთი ვერ ახერხებს სომხეთზე სრული გავლენის მოპოვებას", ამბობს გევორგიანი.

„ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა სომხეთში პოლიტიკური სივრცე მიატოვა. ამავდროულად, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, შეერთებული შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ამ სივრცის შესავსებად ბევრი გააკეთეს, გულმოდგინედ და ფრთხილად“, დასძენს გევორგიანი.

ახლა სომხეთი გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზეა.

„მას აქვს შესაძლებლობა დასავლეთს, ევროკავშირს დაუახლოვდეს. მე ვფიქრობ ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის რეფორმირების შემდეგ ეტაპზე, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება“, მიაჩნია შირინიანს.

ოფიციალურად მოსკოვმა ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე განცხადება გააკეთა. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს. მიმომხილველები ამბობენ, რომ ყველა მხარე პროტესტის მიმდინარეობის ფონზე ფრთხილად იმოქმედებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG