ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის სხეულის ტემპერატურის ნორმა უნდა შეიცვალოს - უახლესი კვლევა რუბრიკაში „გალილეო“


სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ფიქრობენ, რომ დროა, ადამიანის სხეულის ტემპერატურის ნორმა შეიცვალოს. მათი აზრით, ადამიანის ორგანიზმი 21-ე საუკუნეში ოდნავ უფრო გაგრილდა, რაც სავარაუდოდ, უმეტესად ნივთიერებათა ცვლას უკავშირდება.

იანვარში გამოქვეყნებულ კვლევაში, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურის სტანდარტი ახლა უნდა იყოს ცელსიუსით 36.3° (97.5F) და არა 37°C (98.6 F), რაც საყოველთაო სტანდარტად 1.5 საუკუნის ხნის წინ იქნა აღიარებული. საუბარია სიცხის პირის ღრუში გაზომვით დაწესებულ სტანდარტებზე, რომელიც იღლიასთან შედარებით, ოდნავ უფრო მაღალია.

სტანდარტის დამკვიდრება მართლაც დიდი ხნით ადრე მოხდა, 1.5 საუკუნის წინ. მედიცინის ისტორია ადამიანის სხეულის ტემპერატურის ნორმის შემუშავებას უკავშირებს გერმანელი მეცნიერის, კარლ ვუნდერლიჩის სახელს. მან 1868 წელს, ქ. ლაიფციგში, დაახლოებით 25 000 ადამიანის მრავალჯერ გასინჯვით, დაადგინა, რომ სხეულის საშუალო ტემპერატურა 37° C-ს უდრის. ეს ტემპერატურა მაშინ მისაღებ ნორმად ჩაითვალა. აქვე უნდა ითქვას, რომ სიცხეს მე-19 საუკუნეში ვერცხლისწყლის თერმომეტრით, იღლიაში ზომავდნენ.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და შეიცვალა ადამიანის ფიზიოლოგიაც. მონაცემთა ბაზის შესწავლამ აჩვენა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ყოველ ათ წელში დაახლოებით 0.03°C-ით იკლებდა.

ეს შესაძლოა მეტად განვითარებულ ქვეყნებში ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) დონის შეცვლას უკავშირდებოდეს, რაც ეკონომიკურმა განვითარებამ და ცხოვრების სტანდარტების მკვეთრმა ამაღლებამ მოიტანა. ბოლო ორი საუკუნის მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის, რაც კაცობრიობამ განიცადა, ასახელებენ გაუმჯობესებულ სანიტარიას, ჰიგიენას (მათ შორის, კბილის უკეთეს ჰიგიენას), ტუბერკულოზის და მალარიის დამარცხებას და ა.შ.

ადამიანის ცხოვრების წესი ბოლო 2 საუკუნის მანძილზე, მართლაც მკვეთრად შეიცვალა. თანამედროვე ადამიანი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს (საუბარია საშუალო სტატისტიკურ ერთეულზე). დრამატულად იკლო ადამიანის ორგანიზმში ანთებითმა პროცესებმა, რაც ძველ დროში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას იწვევდა და სხეულის ტემპერატურას მაღლა წევდა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ადრე სახლები არათანაბრად და არარეგულარულად თბებოდა, თან არასდროს გრილდებოდა. ეს გარემოება ორგანიზმს სისტემატურად სხვადასხვა ტემპერატურასთან ადაპტაციას აიძულებდა. ცენტრალური გათბობის და კონდიცირების პირობებში, ადამიანის ორგანიზმის შეგუება გარემოსთან სხვაგვარად ხდება.

ეს ყოველივე მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კაცობრიობის ევოლუცია სხვა ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად, ადამიანის ფიზიოლოგიაც შეიცვალა და ზუსტად ისეთივე ვეღარ იქნება, რაც 200 წლის წინ იყო.

შესაძლოა, ტემპერატურის ცვლილებაზე გავლენა იქონია ახალმა, გაუმჯობესებულმა თერმომეტრებმაც, რომელიც სხეულის ტემპერატურას უფრო ზუსტად აფიქსირებს. მკვლევარები არც გაზომვის მეთოდის შეცვლის გავლენას გამორიცხავენ: თუ ადრე ტემპერატურას იღლიაში ზომავდნენ, ახლა თერმომეტრს პაციენტს პირის ღრუში უდებენ. მაგრამ, ამ ფაქტორების მიუხედავად, ამერიკის მოქალაქეთა მონაცემთა ბაზის შესწავლამ დაადასტურა, რომ ტემპერატურის კლება მაინც სტაბილურად და თანდათანობით ხდებოდა, თითქმის ყოველი 10 წლის ინტერვალით.

თანამედროვე მეცნიერები 37° C-მდე ტემპერატურის სტანდარტს, სულ ცოტა, 27 კვლევაზე დაყრდნობით, ეჭვქვეშ აყენებენ და ფიქრობენ, რომ ეს ტემპერატურა დღეისთვის საკმაოდ მაღალია. ამ ტიპის კვლევა ბოლოს, 2017 წელს, ბრიტანეთში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა 35 500-მდე ადამიანი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბრიტანელების სხეულის საშუალო ტემპერატურა 36.6° C-ს არ აღემატება (პირის ღრუს ტემპერატურა).

გასინჯულების 99%-ში ბრიტანელმა მკვლევარებმა (ინფექციის და ანტიბიოტიკების გარეშე), 35.3-დან 37.7 გრადუსამდე ტემპერატურა დააფიქსირეს. მათი კვლევის მიხედვით, სხეულის საშუალო ტემპერატურა სხვადასხვა დემოგრაფიულ ფაქტორებსაც უკავშირდება. მაგალითად, ყველაზე გრილები იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, ყველაზე ცხელები - აფრო-ამერიკელი ქალები.

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელია მიროსლავა პროცივი, თანაავტორები: ჯული პარსონეტი, კეტრინ ლეი, ჯოანა ლანკასტერი და ტრევორ ჰასტი. ის ძირითადად დააფინანსა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა და ნაწილობრივ - სტენფორდის მედიცინის და ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტმა. ნაშრომის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის "ი-ლაიფ" (eLife) იანვრის გამოცემაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG