ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავის ტვინის კიბოს პირველი ვაქცინა იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს


სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“ გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ, შესაძლოა გარდატეხა მოახდინოს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის საქმეში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ადამიანებზე მიმდინარე კლინიკური გამოცდის პირველი ფაზა გერმანიაში, იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს. პირველადი მონაცემებით, ვაქცინა უსაფრთხოა.

ახალი დიზაინით შექმნილი ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ეხმარება იმუნური სისტემის სტიმულირებაში და თავის ტვინის კიბოს პროგრესის შენელებაში. უკვე იგეგმება კლინიკური კვლევის მე-2 ფაზა, რომელიც თავის ტვინის პირველი ვაქცინის კანდიდატზე მიმდინარე საეტაპო მნიშვნელობის ექსპერიმენტში გაცილებით მეტ სიცხადეს შეიტანს.

საუბარია თავის ტვინის სიმსივნის სახეობაზე, რომელსაც დიფუზური გლიომა ჰქვია. დიფუზური გლიომები პრაქტიკულად უკურნებელ სენად ითვლება. სიმსივნური უჯრედები თავის ტვინში იოლად ვრცელდება და მათი სრულად ამოღება ქირურგიული ჩარევით შეუძლებელია. ტრადიციული ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპიაც ძალზე ლიმიტირებულ შედეგს იძლევა.

მართალია, თავად დიფუზური გლიომაც ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ მათ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ. 70%-ზე მეტში ერთი გენის მუტაცია ხდება, რომელიც გავლენას ახდენს ფერმენტზე სახელად იზოციტრატი დეჰიდროგენეზი 1 (IDH1). სწორედ ეს IDH1 მუტაციაა უნიკალური გლიომებისთვის და იწვევს ნეო-ეპიტოპის ცილების წარმოქმნას. თავის ტვინის კიბოს ვაქცინის მიზანია, დაეხმაროს ადამიანის ორგანიზმს ამოიცნოს IDH1 მუტაციის მქონე უჯრედები და ებრძოლოს მათ.

თავის ტვინის კიბოს პირველი ვაქცინის კლინიკური გამოცდა გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრში ტარდება. ეს გერმანიაში ყველაზე დიდი ბიოსამედიცინო კვლევითი ინსტიტუტია. ცენტრის 3 000-ზე მეტი თანამშრომლიდან 1 200 მეცნიერია, რომლებიც სწავლობენ კიბოს მექანიზმებს, ამოიცნობენ დაავადების რისკ-ფაქტორებს და იკვლევენ კიბოს პრევენციის სტრატეგიებს.

კვლევის ხელმძღვანელია ექიმი მაიკლ პლატენი, რომელიც წლებია ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. ის მენჰაიმის სამედიცინო უნივერსიტეტში ნევროლოგიის დეპარტამენტის დირექტორია და ასევე ხელმძღვანელობს ერთ-ერთ დივიზიას გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრში.

„ჩვენი ამოცანა იყო პაციენტის იმუნური სისტემის ხელშეწყობა და ვაქცინის გამიზნულად გამოყენება, რათა მიზანში ამოგვეღო ამ კიბოსთვის სპეციფიკური ნეო-ეპიტოპი“ - ამბობს ის პრესრელიზში, რომელიც გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრმა მარტის ბოლოს გამოაქვეყნა. ექიმ პლატენის განმარტებით, IDH1 მუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანდიდატი იყო, რადგან ის გლიომებისთვის ძალზე სპეციფიკურია და ჯანმრთელ ქსოვილში არ გვხვდება. სწორედ ეს მუტაციები აგებს პასუხს გლიომების განვითარებაზე, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინა, რომელიც მოქმედებს მუტირებული ცილების წინააღმდეგ, საშუალებას გვაძლევს, პრობლემას საფუძველშივე შევუტიოთ“ - ამბობს ექიმი პლატენი.

პლატენის გუნდმა IDH1 ცილის სეგმენტის ხელოვნური ვერსია წლების წინ შექმნა. ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ვირთხებზე ჩატარებულ ცდებში დადებითი შედეგები აჩვენა. 2019 წელს მაიკლ პლატენმა აღმოჩენისთვის გერმანიის კიბოს კვლევის პრიზიც კი მიიღო.

შემდეგ გადაწყდა, ექსპერიმენტი ადამიანებზეც ჩაეტარებინათ. კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში 33 მოხალისე ჩაეწერა. სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, მათზე თავის ტვინის კიბოს ვაქცინის კანდიდატიც გამოსცადეს. იმუნურ რეაქციაზე დაკვირვების შესაძლებლობა მეცნიერებს 30 პაციენტზე მიეცათ.

ექიმებმა აცრილებში ვერანაირი სერიოზული გვერდითი მოვლენა ვერ დააფიქსირეს. პაციენტების 93 პროცენტში იმუნურმა სისტემამ ვაქცინაზე სპეციფიკური პასუხი გამოიწვია და ეს პაციენტის გენეტიკური მონაცემების მიუხედავად მოხდა. სრულად აცრილებს შორის 82 პროცენტში კიბოს პროგრესირება სამი წლის მანძილზე აღარ დაფიქსირებულა. ჯერჯერობით, კლინიკური კვლევის მეორე ფაზამდე და საკონტროლო ჯგუფის ჩართვამდე, სხვა დასკვნების გამოტანისგან მეცნიერები თავს იკავებენ.

ნაშრომის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის „ნეიჩერ“ 24 მარტის გამოშვებაში. ექიმ მაიკლ პლატენთან ერთად მისი ავტორები არიან მეცნიერები ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან, მენჰაიმის სამედიცინო უნივერსიტიდან, ასევე - გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრიდან და ჰაიდელბერგის სიმსივნურ დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG