ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონები, ხელოვნური ინტელექტი და მომავლის ომები


უკრაინელი მესაზღვრე დრონს დაზვერვაზე უშვებს. უკრაინა, 26 სექტემბერი, 2023 წ.
უკრაინელი მესაზღვრე დრონს დაზვერვაზე უშვებს. უკრაინა, 26 სექტემბერი, 2023 წ.

ომის წარმოების ხასიათი იცვლება. უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებმა, სადაც დრონების - უპილოტო საფრენი აპარატების - უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით გამოყენება ხდება, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაპირისპირებული მხარეები თანამედროვე ომების წარმოებისას, თანდათან უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ ლეტალური ავტონომიური შეიარაღების სისტემებს (LAWS - Lethal Autonomous Weapons Systems). საუბარია სამხედრო იარაღის კლასზე, რომელიც კომპიუტერული ალგორითმებითაა დაპროგრამებული და შეუძლია დამოუკიდებლად, მინიმალური ჩარევით ამოიცნოს და გაანადგუროს სამიზნე. ეს შეიძლება იყოს სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო უპილოტო აპარატები, სხვადასხვა ტიპის რობოტული დანადგარები.

მსგავს სისტემებზე პირველი დირექტივა შეერთებულ შტატებში 2012 წლის ნოემბერში გამოიცა, თავდაცვის მაშინდელი მდივნის, ეშტონ კარტერის მიერ. მას შემდეგ ის რამდენჯერმე გადაიხედა და განახლდა, ბოლოს, 2023 წელს.

ამ წლის სექტემბერში კი, თავდაცვის მდივნის მოადგილე კეტლინ ჰიქსმა პენტაგონის ახალი ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაში ამ მიმართულებით სერიოზულ ცვლილებაზე საუბრობს და ავტონომიური შეიარაღების სისტემების მთელი არმიის მომზადებაზე მიანიშნებს.

რამდენად იცვლება სამომავლოდ ომის წარმართვის მეთოდები? რა როლს ითამაშებს მასში დრონები, ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად, ლეტალური ავტონომიური შეიარაღების სისტემები? რუბრიკაში "გალილეო", ამ საკითხებზე ვესაუბრებით ამერიკელ პოლკოვნიკს, მარკ ჯეიკობსენს. ის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში სტრატეგიის და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილეა. პოლკოვნიკი ჯეიკობსენი საჰაერო ომის კოლეჯის პროფესორია და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარიც არის. ინტერვიუ „სკაიპის“ საშუალებით შედგა.

როდის დაიწყო პირველად ბრძოლის ველზე დრონების გამოყენება, როგორ და რომელი უპილოტო საფრენი აპარატები იყო ეს?

იარაღად დრონებს ჯერ კიდევ თანამედროვე ეპოქამდე, დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ... უპილოტო საფრენი აპარატების იარაღად გამოყენების მიზნით, ექსპერიმენტებს მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი ატარებდნენ. იყო მცდელობები მეორე მსოფლიო ომშიც, როდესაც ადამიანები პილოტირებული თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტებოდნენ, ცდილობდნენ რადიოს საშუალებით დიდი თვითმფრინავების მართვას და მათ იარაღად გამოყენებას.

მარკ ჯეიკობსენი - პოლკოვნიკი, აშშ-ის საჰაერო ძალებში სტრატეგიის და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე, საჰაერო ომის კოლეჯის პროფესორი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი
მარკ ჯეიკობსენი - პოლკოვნიკი, აშშ-ის საჰაერო ძალებში სტრატეგიის და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე, საჰაერო ომის კოლეჯის პროფესორი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი

თუმცა, რეალურად, დრონების თანამედროვე ეპოქამ ორი დიდი ეტაპი გაიარა. პირველი იყო 1990-იანი წლების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში, დიდი სამხედრო დრონების გამოყენებით, როგორიცაა „პრედატორი“. დაახლოებით 2010 წელს მართლაც გარდატეხის დრო დადგა, მასიურად გამოვიდა სამოყვარულო დრონები, რომლებიც იმავე ტექნოლოგიებს იყენებს, რასაც მობილური ტელეფონები, მცირე ზომის კომპიუტერები, კარგი ბატარეები, გლობალური ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემა (GPS) და ინერციული ნავიგაციის სისტემა (INS). ამან დიდი გასაქანი მისცა სამოყვარულო კომერციული დრონების წარმოებას და სახელმწიფოებმა თუ არასახელმწიფო აქტორებმა დაიწყეს ექსპერიმენტები ამ პატარა თვითმფრინავების იარაღად გამოყენების მიმართულებით.

მაგრამ, რეალურად უკრაინა იყო, სადაც პირველად გავხდით მოწმე დრონებით წარმართული, ლამის სრულმასშტაბიანი ომის. უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მათი მასიური წარმოება ან შესყიდვა და ბრძოლაში დიდი რაოდენობით გამოყენება.

დიახ, უკრაინის კონფლიქტის მასშტაბები უპრეცედენტოა დრონების გამოყენების თვალსაზრისით. ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრისას ვნახეთ. დრონებს სხვადასხვა კონფლიქტებში იყენებდნენ, მათ შორის, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“ ცდიდა მათ სირიასა და ერაყში. მაგრამ, ეს მცირე მასშტაბით, ექსპერიმენტის სახით ხდებოდა. „ისლამური სახელმწიფო“ ნამდვილად იწყებდა დრონების დიდი პროგრამის შემუშავებას, მაგრამ კოალიციურმა ძალებმა მანამდე გაანადგურა ის, ვიდრე პროგრამის მასშტაბი გაიზრდებოდა. უკრაინაში მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავების ომის მოწმე გავხდით. მარტო უკრაინის მხარე თვეში 5-დან 10 ათასამდე დრონს იყენებს.

უკრაინელი ჯარისკაცი დრონს გასაშვებად ამზადებს. უკრაინა, 30 ოქტომბერი, 2023 წ.
უკრაინელი ჯარისკაცი დრონს გასაშვებად ამზადებს. უკრაინა, 30 ოქტომბერი, 2023 წ.

გასულ თვეშიპოლიტიკოიუწყებოდა, რომ უკრაინა დრონების მართვაში წვრთნის რუსეთის მეზობელი ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს. მართალია?

ეს არ ვიცი, მაგრამ არც გამიკვირდებოდა. ინოვაცია ასე ხდება - ბრძოლის ველზე, ფრონტის ხაზზე მყოფებს სხვებზე უკეთ ესმით, რა მუშაობს და რა - არა. ასე რომ, ახლა უკრაინელი უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები მომცრო ზომის დრონებით ომის წარმოების ნამდვილი ექსპერტები არიან და ყველა ჩვენგანს სხვა ქვეყნებში ბევრი რამ გვაქვს სასწავლი მათგან. მაგალითად, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რას აკეთებენ უკრაინელები, არამარტო მათი მხარდაჭერისთვის, არამედ იმის გასაგებადაც, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საკუთარი ტექნოლოგიები, რათა ვიცოდეთ, თუ რა იმუშავებს მომავლის ბრძოლის ველზე.

რას გვეტყვით ჩინეთის ფაქტორზე? დრონებისთვის აუცილებელი მიკროჩიპების და სხვა კრიტიკული ნაწილების ექსპორტი ხომ ჩინეთიდან ხდება? პეკინმა კი შეზღუდვები დაუწესა რუსეთს და უკრაინას კომერციული დრონების ექსპორტზე, რადგან მათი გამოყენება შეიძლება ბრძოლაში მოხდეს. რამდენად სერიოზულია ეს გამოწვევა?

ჩინეთი უზარმაზარი ფაქტორია უკრაინაში მიმდინარე ომის ორივე მხარეს, რადგან მცირე ზომის დრონების საწარმო ჩინეთში მდებარეობს. ყველაზე პოპულარული „დი-ჯეი-აის“ დრონია, „მევიკი“ (DJI Mavic). „დი-ჯეი-აი“ ჩინური კომპანიაა და მისი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მცირე ზომის დრონების 70-90 პროცენტს შეადგენს. როგორც კი „დი-ჯეი-აიმ“ ემბარგო დააწესა, ორივე მხარემ დაიწყო გამოსავლის ძებნა. ისე ჩანს, რომ შუამავლების დახმარებით, მათი შეძენა მაინც ხდება, თუმცა ყველა ხვდება, რომ აუცილებელია ამ მონოპოლიისგან თავის დაღწევა და ალტერნატიული წყაროების მოძებნა. კიდევ ერთი გამოწვევაა ის, რომ დრონების ბევრი სხვა კომპონენტიც ჩინეთში მზადდება. თქვენ რომ დღეს უკრაინული სტარტაფი იყოთ, რომელიც დრონების წარმოებას ცდილობს, მაინც ძლიერ იქნებით ჩინური კომპონენტების მიწოდებაზე დამოკიდებული.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს - თავდაცვის მდივნის მოადგილე კეტლინ ჰიქსმა სექტემბერში პენტაგონის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაში სერიოზულ გარდატეხაზე მიანიშნებს. არ მინდა ძალიან გადავაჭარბო, მაგრამ შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ პენტაგონი რობოტული ტექნოლოგიების მთელ არმიებს ქმნის?

რუსმა ჯარისკაცებმა დრონების ახლი პარტია მიიღეს. ყირიმი, რუსების მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორია. 9 ნოემბერი, 2023 წ.
რუსმა ჯარისკაცებმა დრონების ახლი პარტია მიიღეს. ყირიმი, რუსების მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორია. 9 ნოემბერი, 2023 წ.

ვფიქრობ, უკრაინის ამბავმა გამოგვაფხიზლა. პატარა დრონები ბრძოლის ველის შემადგენელი ნაწილი იქნება და ამ იაფი სისტემების მნიშვნელოვნად გამოყენება ძალიან დიდი რაოდენობით მოხდება. თავდაცვის დეპარტამენტის ტრადიციული სტრუქტურა არ არის მორგებული ბევრი და იაფი სისტემების შექმნას, ის უპირატესობას აქამდე უფრო მცირე რაოდენობით და ძვირ სისტემებს ანიჭებდა. თავდაცვის მდივნის მოადგილე ჰიქსმა ძალიან კარგი ინიციატივა წარმოადგინა და ეს საკუთარ პრიორიტეტად აქცია. დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს დრონების მასშტაბების გაზრდა.

თუმცა, ამ გეგმის აღსრულება რთული იქნება. ჰიქსი ცდილობს დიდი რაოდენობით დრონების ძალზე მჭიდრო ვადებში მომზადებას. ჩემი აზრით, მიწოდების ჯაჭვი და სამრეწველო შეფერხება გამოწვევად დარჩება, რადგან არც ამერიკის წარმოება და არც მოკავშირე ქვეყნების, არ არის სათანადოდ აღჭურვილი ძალიან დიდი რაოდენობით დრონების სწრაფად მისაწოდებლად... ასე რომ, დიდი სამუშაოა გასაწევი აღსრულების მხრივ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ხედვა სწორ მომენტში.

ჩემი შემდეგი კითხვაც სწორედ გამოწვევებს უკავშირდებოდა, ოღონდ, ცოტა სხვა კუთხით. ეს სფერო ნაკლებად რეგულირებულია. თქვენი აზრით, რა არის მთავარი რისკები და როგორ შეიძლება მათი მართვა?

მცირე ზომის დრონების გამოყენებას თან რამდენიმე სახის რისკი ახლავს. პირველ რიგში, რთულია მათი ეფექტიანობის განსაზღვრა. ბევრი არაჩვეულებრივი თავდასხმა ვიხილეთ, რომლებიც ძალიან წარმატებული ჩანს, მაგრამ ზოგადად, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენად დიდი უპირატესობა აქვს მათ ტრადიციული შეიარაღების სისტემებზე. ასე რომ, ეფექტიანობის დაზუსტება მნიშვნელოვანია.

უკრაინელი დრონის ოპერატორი. უკრაინა, რუმინეთის საზღვარი. 26 სექტემბერი, 2023 წ.
უკრაინელი დრონის ოპერატორი. უკრაინა, რუმინეთის საზღვარი. 26 სექტემბერი, 2023 წ.

ამას გარდა, უკრაინის მსგავს თანამედროვე ბრძოლის ველზე, სადაც ელექტრონული გარემო ძალზე დიდ როლს თამაშობს, ზოგჯერ სიგნალებს ისე ახშობენ, რომ დრონების გაშვება ფერხდება. ისინი მონაცემებს სწრაფად კარგავენ. ასე რომ, ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება ისეთი დრონების შექმნა, რომლებიც მსგავს ელექტრონულ თავდასხმებს გაუძლებს და მათამი უფრო მედეგი გახდება. შეერთებულ შტატებს მოუწევს საკუთარი დრონების შექმნისას ამის გათვალისწინება.

თანამედროვე გარემოში იმდენად ძნელია მონაცემთა ბმულების შენარჩუნება, რომ ეს მეტი ავტონომიისკენ გვიბიძგებს. თუ დრონებმა თავად უნდა იფრინონ და თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაშინ მყისიერად ჩნდება ეთიკური დილემა: საბოლოო ჯამში, რა გვინდა რომ დრონმა გააკეთოს? თუ ის კონტაქტში აღარაა ოპერატორ ადამიანთან, მაშინ უნდა მივცეთ თუ არა მას სამიზნის დამოუკიდებლად შერჩევის უფლება? ან რა ეტაპზე უნდა ჩაერთოს ადამიანი კინეტიკურ შეტევაში?

საბოლოო ჯამში, თქვენი აზრით, იცვლება თუ არა სამომავლო ომის ხასიათი გლობალურად, უფრო დრონების, ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად, ლეტალური ავტონომიური შეიარაღების სისტემების მეტად გამოყენებისკენ?

დიახ, ვფიქრობ, მცირე ზომის დრონები აქ, ჩვენთან რჩება. ჩემი აზრით, ვიხილავთ უფრო და უფრო მეტ ავტონომიურ სისტემას, რომლებიც თანდათან ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. პატარა დრონები არსებითად ნიშნავს იმას, რომ ზუსტი დამიზნების საბრძოლო აღჭურვილობის დემოკრატიზაცია მოხდება. სულ რამდენიმე ათასი დოლარით, ნებისმიერს შეეძლება შექმნას უკიდურესად ძლიერი და ზუსტი იარაღი, რომელზე წვდომაც ადრე მხოლოდ ძლიერ ქვეყნებს ჰქონდათ.

ასე რომ, დიახ. ვფიქრობ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლებში მათზე თვალის დევნებას. ამას გარდა, კომერციული სექტორიდან დიდი წნეხია, ხელოვნური ინტელექტის მეტად დანერგვაზე, თუნდაც იმავე კომერციული დრონების ბორტზე. ამ ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად, მოველით, რომ მათი რიცხვი ბრძოლის ველზე კიდევ უფრო გაიზრდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG