ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეული: ახალი სანქციები რუსეთს და ჩინეთის საკითხი


დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიაში. 19 მაისი, 2023 წ.
დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიაში. 19 მაისი, 2023 წ.

მსოფლიოს უმდიდრესი დემოკრატიული ქვეყნები დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. განცხადება იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში შვიდეულის უმაღლესმა წარმომადგენლებმა 19 მაისს გააკეთეს. სამიტზე ასევე ისაუბრეს ჩინეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულების შემცირების საჭიროებაზე.

იაპონიაში შეკრებილმა შვიდეულის ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ისეთი მსოფლიოს მიღწევის გზაზე, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი იქნება. თუმცა, ეს უნდა მოხდეს "რეალისტური, პრაგმატული და პასუხისმგებლობის მქონე მიდგომით" - ნათქვამია დიდი შვიდეულის ქვეყნების ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

რუსეთი

სამიტმა სტარტი პარასკევს, 19 მაისს აიღო და კვირას, 21 მაისს დასრულდება. მასში მონაწილე ქვეყნები - ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა - სამდღიანი შეხვედრების მანძილზე დიდ დროს დაუთმობენ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის დასრულების საკითხს, რომელსაც ჯერჯერობით საიმედო პირი არ უჩანს.

შვიდეულის ლიდერებმა, რომელთაც უქმეებზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება, პირობა დადეს, რომ შეზღუდავენ ნებისმიერი სახის ექსპორტს, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული 15-თვიანი სრულმასშტაბიანი ომის ხელშეწყობა შეუძლია.

"ეს მოიცავს სამრეწველო მანქანებს, ხელსაწყო-დანადგარებს და სხვა ტექნოლოგიებს, რომელთაც რუსეთი საკუთარი ომის მანქანის გასაძლიერებლად იყენებს" - ნათქვამია დიდი შვიდეულის ერთობლივ განცხადებაში. ის ასევე უსვამს ხაზს, რომ შეიზღუდება რუსეთიდან სხვადასხვა მეტალის და ალმასის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს რუსეთზე ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც წარსულში დაწესებული სანქციების ხარვეზების გამოსწორებას და მასზე თავის არიდების გართულებას ისახავს მიზნად. სანქციების მორიგი ტალღა ასევე მოიცავს ახალ სექტორებს. მხოლოდ შეერთებული შტატების სანქციები შავ სიაში შეიტანს დაახლოებით 70 რუსეთის და მესამე ქვეყნის სუბიექტს, რომლებიც თანამშრომლობენ მოსკოვის თავდაცვის ინდუსტრიასთან. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა 300-ზე მეტ პირს, იურიდიულ ერთეულს, თვითმფრინავსა და გემს.

ჩინეთი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა პეკინს მოუწოდეს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა მოსკოვმა დაასრულოს აგრესია უკრაინაში. რაც შეეხება თავად ჩინეთს, ჯგუფის წევრები ჩინეთის მხრიდან ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებს უსვამენ ხაზს. ჩინეთს მთელ მსოფლიოში სიდიდით მე-2 ეკონომიკა აქვს. ამას გარდა, ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტაივანის სრუტეში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა.

"ჩვენი პოლიტიკის მიდგომა არ არის ჩინეთის საზიანოდ შექმნილი, ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთის ეკონომიკური პროგრესის და განვითარების შეფერხებას" - ნათქვამია კომუნიკეს მონახაზში, რომლის ტექსტიც ჯერ საბოლოო არ არის და შესაძლოა შეიცვალოს. კომუნიკე წევრ ქვეყნებს დაბეჯითებით მოუწოდებს, "შეამცირონ აქტიური დამოკიდებულება" ჩინეთის ეკონომიკაზე და წინ აღუდგნენ ტექნოლოგიების და მონაცემთა ბაზების ტრანსფერის "მავნე პრაქტიკას". ის ასევე მოუწოდებს პეკინთან "სტაბილური და კონსტრუქციული" კავშირების დამყარებისკენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG