ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირი, შუა აზიის საკითხებში პრაგმატიზმისკენ მოუწოდებს


იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ყოველწლიურ, უმაღლესი დონის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთი შუა აზიის ლიდერების პირველ პირისპირ სამიტს მასპინძლობს.

მოელიან, რომ ჩინეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ სიენში ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს, ჩინეთის პრეზიდენტი ყაზახეთთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან და თურქმენეთთან ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერების და უსაფრთხოების დარგში კავშირების გაზრდის საკითხებს წამოწევს.

ამ ქვეყნებთან პეკინის პირველი სამიტი გასულ წელს, ვირტუალურად ჩატარდა და იმ დროს მოხდა, როდესაც ჩინეთი თავისი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ შენებას აგრძელებს. ინფრასტრუქტურაში მასიურ ინვესტირებას, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის და ენერგეტიკული ხაზების გასაძლიერებლადაა გამიზნული.

ყაზახეთთან და უზბეკეთთან, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, კავშირების გაღრმავების ძლიერი ინტერესი ვაშინგტონსაც აქვს.

წლის დასაწყისში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ინვესტიციების წასახალისებლად ორივე ქვეყნის დედაქალაქს ეწვია და დაჟინებით მოუწოდა პოლიტიკური რეფორმები განახორციელონ. უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირობა დადეს, რომ თავის ქვეყნებს ძირფესვიანი რეფორმებით გარდაქმნიან, რასაც ვაშინგტონი მიესალმება.

ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ კროლი, რომელიც ორივე ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, დაჟინებით მოუწოდებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მათ ან სხვა ქვეყნებს არ მოსთხოვოს, როგორც თვითონ უწოდებს, „სახელმძღვანელოდან გადმოღებული დემოკრატია“ იმის გათვალისწინებით, თუ რეგიონის ზოგიერთმა ნაწილმა როგორი სიძნელეები გამოიარა.

"არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ პოლიტიკური ძალაუფლება გაურკვეველი შედეგების მისაღებად დათმონ,“ თქვა კროლმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ისეთი მეზობლებით, როგორიც ჩინეთი და რუსეთია და აღქმით, რომ დემოკრატიული სისტემები დაცული არ არის, „ისინი უყურებენ ყირგიზეთს, ავღანეთს ან პაკისტანს... [და] არ სურთ მათ კვალს გაჰყვნენ.“

კროლი ამბიბს, რომ უზბეკმა და ყაზახმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ სურთ იმდენი თავისუფლება მიანიჭონ, რამდენიც კონტროლის დაკარგვის გარეშეა დასაშვები.

კროლს არ აოცებს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის პროდუქტი ლიდერები ხელისუფლებას ებღაუჭებიან. კროლი 1994 წელს, ბელარუსში, დიპლომატის რანგში აკვირდებოდა ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევას, რომელიც დღემდე ქვეყნის სათავეშია

კროლს ეჭვი ეპარება იმაში, რომ აშშ „ნამდვილად ოპტიმისტურადაა განწყობილი რომ ცვლილებები მოხდება“ იმ ქვეყნებში, მაგრამ ხედავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია „ცარიელ სიტყვებს აჟღერებს... გამოსცემს ყველა ბგერას, რასაც შეიძლება ელოდე.“

XS
SM
MD
LG