ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეული – ვინ ვინ არის?


დიდი ოცეულის შეხვედრა ავსტრალიაში. 2014 წლის 15 ნოემბერი.

მსოფლიოს წამყვანი 20 ეკონომიკის ლიდერები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები დიდი ოცეულის ორდღიან სამიტზე იკრიბებიან.

დიდი ოცეულის მორიგი სამიტი თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში კვირას დაიწყება და ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის ლიდერთა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის იქნება ეკონომიკის საკითხები, მიგრაციის კრიზისი, კლიმატური ცვლილებები და რამდენიმე სხვა პრობლემა.

რა არის დიდი ოცეული, ვინ ერთიანდება მასში და რა ნიშნით შეირჩა ფორუმში შემავალი ქვეყნები?

დიდი ოცეული საერთაშორისო ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ინდივიდუალური ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცეა ევროპის კავშირი, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი. მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 85 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.

ვინ ესწრება წლევანდელ სამიტს?

ანტალიაში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე ჩადიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა; რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი; გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი; საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი; ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და დანარჩენი ქვეყნების პირველი პირები. დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების გარდა, მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის მიწვევით, სამიტს დაესწრებიან ესპანეთის, მალაიზიის, აზერბაიჯანის, სენეგალის, სინგაპურის და ზიმბაბვეს ლიდერები.

რატომ თურქეთი?

თურქეთმა დიდი ოცეულის პრეზიდენტობა ავსტრალიისგან 2014 წლის პირველ დეკემბერს გადაიბარა. ოცეულს მუდმივი ადმინისტრაცია და საშტატო ერთეული არ გააჩნია. ლიდერს ერთი წლის ვადით რეგიონულ ჯგუფებად დაყოფილ წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპით ირჩევენ. მომავალი წლის პრეზიდენტი და შესაბამისად 2016 წლის სამიტის მასპინძელი ჩინეთი იქნება. ცნობილია შემდეგი ორი წლის მასპინძელი ქვეყნებიც. 2017 წელს ფორუმს უხელმძღვანელებს გერმანია, 2018 წელს კი – ინდოეთი.

განხილვის თემები

სამიტზე რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის საკითხზე იმსჯელებენ. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დომინანტური შემდეგი თემები იქნება: გლობალური ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მიგრანტთა კრიზისი და კლიმატური ცვლილებები.

ეკონომიკური პრობლემები ბევრ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შეექმნა. ენდრიუ კანინგემის, ლონდონში მდებარე ორგანიზაციის “კაპიტალ ეკონომიკსის” კონსულტანტის აზრით, ყველაზე დიდ განსაცდელში რუსეთის ეკონომიკა ჩავარდა. მისი აზრით რუსეთის ეკონომიკა წელს დამატებით 5 პროცენტით შეიკვეცება, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული: ნავთობზე ფასების ვარდნით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით და სუსტი მართვით. ბოლო ფაქტორი განსაკუთრებით, “ექსტრემალურად ართულებს იქ ბიზნესების განვითარებას” - ამბობს ენდრიუ კანინგემი.

არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა ჩინეთში, სადაც ეკონომიკის ზრდის ოფიციალური მაჩვენებელი 7 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. ჩინეთმა ამ კვირაში განაცხადა, რომ წლევანდელ სამიტზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კენჭისყრის უფლებების გადახედვას მოითხოვს. პეკინს 188-წევრიან ფონდში საკუთარი როლის გაზრდა სურს.

მიგრანტთა კრიზისი მთავარი თემა იყო ხუთშაბათს, 12 ნოემბერს გამართულ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზეც. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების მეთაურებმა მალტის დედაქალაქ ვალეტაში მოწყობილ არაფორმალურ შეხვედრაზე მიგრანტთა კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელეს. ევროკავშირის სახელმწიფოებს წლის დასაწყისიდან ნახევარ მილიონზე მეტ დევნილთან გამკლავება უწევთ. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ არ არის გამორიცხული ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებული სასაზღვრო შეთანხმების გადახედვა მოხდეს.

დისკუსია თურქეთშიც გაგრძელდება და ევროპელი ლიდერები სავარაუდოდ, პრობლემასთან გამკლავების მიზნით, დახმარებისთვის სხვა ქვეყნებსაც მიმართავენ. მიგრანთა უმეტესობა სირიიდან, ერაყიდან და აფრიკის კონტინენტის სუბ-საჰარული ნაწილიდანაა. მათი უდიდესი ნაწილი თურქეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან საბერძნეთში და იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით შედის. არასათანადოდ აღჭურვილი და დატვირთული ნავები ზღვაში ხშირად იღუპებიან.

კლიმატური ცვლილებები დიდი ოცეულის ქვეყნებისთვის ასევე მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამ თემას წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა 2013-14 წლებში 78 მილიარდი დოლარის ოდენობის ეროვნული სუბსიდიები გამოუყვეს, როგორც პირდაპირი დანახარჯების, ისე საგადასახადო შეღავათების გზით. ამას გარდა, 286 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდა სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ იმ საწარმოებში, რომლებიც წიაღისეული საწვავის წარმოებაზე მუშაობენ.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2013 წელს განახლებადი ენერგიის წყაროების სუბსიდიებმა 121 მილიარდი დოლარი შეადგინა. ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორის, ოლივია გიპნერის აზრით, კლიმატური ცვლილებები სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა კიდევ იმ მიზეზით იქნება, რომ ნოემბერ-დეკემბერში პარიზის კლიმატის სამიტი ახლოვდება. მისი თქმით, “ეს წლის განმავლობაში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრაა, რომელზეც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და კლიმატური ცვლილებების სფეროში დაკავებული მთავარი ორგანიზაციები თავს ერთად მოიყრიან”.


XS
SM
MD
LG