ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგები რეფორმების წინააღმდეგ


ფრანგები რეფორმების წინააღმდეგ
ფრანგები რეფორმების წინააღმდეგ

საფრანგეთი საყოველთაო დემონსტრაციებისთვის ემზადება მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო პენსიაზე გასვლის წესების შეცვლასთან დაკავშირებულ სადავო კანონმდებლობის პროექტს დაამტკიცებს. გასულ კვირას პროტესტის ნიშნად მილიონზე მეტი ფრანგი ქუჩებში გამოვიდა და ქვეყანაში გაფიცვები კვლავინდებურად გრძელდება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი პარიზიდან იუწყება, პენსიაზე გასვლის წესების შეცვლასთან დაკავშირებულ საპროტესტო დემონსტრაციებში აისახება მოსახლეობის შეშფოთება საფრანგეთში მიმდინარე სხვა ცვლილებების მიმართ.

დემონსტრანტები პარიზში ფულს აგროვებენ გაფიცული მუშების დასახმარებლად, რომლებიც მთავრობის მიერ პენსიაზე გასვლის კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებიან. ხსენებული ცვლილებების შედეგად პენსიაზე გასვლის ასაკი 62 წლამდე გაიზრდება.

მოსახლეობაში პენსიაზე გასვლის კანონის რეფორმა უაღრესად არაპოპულარული თემა გახლავთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფრანგების 70 პროცენტი ამ რეფორმას ეწინააღმდეგება და ბევრი პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

დემონსტრანტი ნატალი ჯელოვიზაკი აღნიშნავს, რომ ხალხის უკმაყოფილება მხოლოდ ერთ საკანონმდებლო პროექტს არ უკავშირდება.

„ვფიქრობ პენსიაზე გასვლის წესების რეფორმა უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ერთ ასპექტს ასახავს რადგან ჩვენ სულ სხვა სახის საზოგადოების შენარჩუნებას ვცდილობთ,“ აღნიშნა ნატალიმ.

ფილიპე ბორგალეი ფრანგულ კვლევით ორგანიზაცია Association Dialogue-ში მუშაობს. მას მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ ინიციირებული რეფორმები ფრანგული ცხოვრების წესს ძირს უთხრის.

„ფრანგებისთვის პენსია დაზღვევის უმთავრეს ფორმას წარმოადგენს. ისინი ამ სოციალურ სისტემას მიჩვეულები არიან, რაც თავის მხრივ დაზღვევას, სოციალურ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და საპენსიო შეღავათების მიღებას ითვალისწინებს,“ აღნიშნა ბორგალეიმ.

მისი თქმით, გასულ კვირას პროტესტის ნიშნად ერთ მილიონზე მეტი ფრანგი ქუჩებში გამოვიდა რადგან ისინი გრძნობენ, რომ მთავრობა მოსახლეობის ინტერესებს უგულვებელყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, საკანონმდებლო პროექტი მალე ძალაში შევა, საფრანგეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მუშები კვლავინდებურად გაფიცულები არიან და დემონსტრანტები ნავთობსადგურების მისადგომებსა და პორტებს ბლოკავენ, რამაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია და საპროტესტო მოძრაობის უმთავრესი ნაწილი გახდა.

მაგრამ მთავრობის ყველაზე დიდი სადარდებელი ალბათ სტუდენტების დემონსტრაციები გახდა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა გასულ კვირას უნივერსიტეტებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვიტეს. თუმცა მიმდინარე კვირის მანძილზე სასკოლო არდადეგების გამო სტუდენტების დემონსტრაციები ნაკლებად ხალხმრავალი იყო.

ფრანსუა მიკე-მარტი ფრანგული საზოგადოებრივი გამოკითხვის კომპანია Via Voice-ის თანამშრომელია. მისი თქმით, ფრანგ ახალგაზრდებს რამდენიმე საკითხი ადარდებს.

ფრანსუა მიკე-მარტის მიაჩნია, რომ ახალგაზრდები სარკოზის არ ეთანხმებიან რადგან მის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმების კონტექსტში ისინი ნაკლებად დაცულები აღმოჩნდებიან. ამას გარდა ახლო მომავალში სამუშაო ადგილის შოვნა უაღრესად გართულებულია და მათ ჰგონიათ, რომ მთავრობა მათ სურვილებს არ ითვალისწინებს.

ფრანგული კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი პატრის ბესაკი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის მიუხედავად პროფკავშირები უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებენ. მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

„ბატონ სარკოზის ერთი არჩევანიღა დარჩა - კანონმდებლობა გააუქმოს და ფრანგი ხალხის უმრავლესობას მოუსმინოს რადგან ისინი ამ კანონს ეწინააღმდეგებიან. ბატონო სარკოზი, მოუსმინეთ ფრანგ ხალხს. მათ თქვენი კანონი არ სურთ. თქვენ ეს კანონი უნდა გაიწვიოთ,“ დასძინა ბესაკმა.

ბატონმა სარკოზიმ აღნიშნა, რომ რეფორმების მიღება აუცილებელია საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. იგი რეფორმების მიღებას დაჟინებით მოითხოვს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სარკოზისთვის რეფორმების ჩატარება საკმაოდ სარისკო პოლიტიკურ სტრატეგიას წარმოადგენს რადგან მოსახლეობაში მისი პოპულარობის რეიტინგი ისედაც ძალიან დაბალია.

XS
SM
MD
LG