ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგულ-ბერძნული აპერკოტი ქართულ მაფიას


ლაშა შუშანაშვილი, რომელსაც ქართული მაფიის ბოსად მიიჩნევენ სალონიკთან ახლოს დააპატიმრეს

ქართულმა მაფიამ ევროპაში მძლავრი დარტყმა მიიღო. 16-17 აპრილს საბერძნეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ერთდროულად ჩატარებული ოპერაცია „კავკასია-ნორმანდიის“ ფარგლებში, ქართული მაფიის "ბოსად" წოდებული, რუსთაველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა შუშანაშვილი, მისი კრიმინალური დაჯგუფების 40-მდე წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს.

შუშანაშვილის აყვანის ოპერაციაში, რომელიც საბერძნეთში, სალონიკთან ახლოს, პატარა ქალაქ პილაიაში ჩატარდა, სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფის Ε.Κ.Α.Μ-ის 100-მდე მებრძოლი და საპოლიციო ვერტმფრენი იყო ჩართული.

ლაშა შუშანაშვილი დაკავების დროს, პილაია, 16.04.2018
ლაშა შუშანაშვილი დაკავების დროს, პილაია, 16.04.2018

ბერძნული მედიის ცნობით, ქართველმა კრიმინალებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლებისას ორი ადამიანი დაიჭრა. ამ დრომდე უცნობია დაჭრილთა შორის არის თუ არა თავად შუშანაშვილი. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ასევე დააკავეს კანონიერი ქურდები ნოდარ შუკაკიძე („ნოდო გლდანსკი“), მერაბ ასანიძე („ჩიკორა“) და ქართულ მაფიასთან დაკავშირებული, საქართველოს კიდევ 23 მოქალაქე.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა ბინების ჩხრეკის შემდეგ, 25 000 ევრო, მოპარული ოქროულობა, ელექტრონული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ამ ჯუფმა მხოლოდ სალონიკში 56 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ლომბარდი გაქურდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთო ზარალმა 1 მილიონ ევროს გადააჭარბა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაქურდალი ნივთების ნაწილი
ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაქურდალი ნივთების ნაწილი

ქართული დაჯგუფება საბერძნეთში საფრანგეთის პროკურატურის მიერ გაცემული ევროპული ორდერის (EAW) საფუძველზე აიყვანეს. საფრანგეთი ლაშა შუშანაშვილისა და კიდევ რამდენიმე დაკავებულების ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ ქალაქ რენის პროკურორმა ნიკოლას ჟაკემ განაცხადა:

ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგად. ჩატარებულმა ჩხეკამ საშუალება მოგვცა გვეპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ მაფიოზური სტრუქტურის წინააღმდეგ.“
ნიკოლას ჟაკე, საფრანგეთის ქალაქ რენის პროკურორი

„ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგად. რენის საგამოძიებო ორგანოში JIRS-ში სპეციალური ჯგუფი 2017 წლის იანვარში შეიქმნა. საფრანგეთსა და საბერძნეთში შედგა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო შეხვედრები ევროპოლის, ევროიუსტის, ეროვნული ჟანდარმერიის OCLDI-ის ოფისის ეგიდით, რის შედეგადაც სექტემბერში პირველი ფრანგულ-ბერძნული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფორმირება მოხდა. ჩატარებულმა ჩხეკამ საშუალება მოგვცა გვეპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ მაფიოზური სტრუქტურის წინააღმდეგ.“

საფრანგეთის ტერიტორიაზე „კავკასია-ნორმანდიის“ საპოლიციო ოპერაციაში, 300-მდე ჟანდარმი იყო ჩართული. მათ კაენში, მონტობანსა და რენში საქართველოს 14 და სომხეთის ერთი მოქალაქე აიყვანეს. მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ ალექსანდრე კობალაძე („სიუ“), „ქურდული საერთოს“ „მაყურებლები“ - პაატა ახალაძე, ელგუჯა შუკაკიძე და ლევან გოჩიაშვილი.

რეპერი "კაბუ" და ნოდარ შუკაკიძე
რეპერი "კაბუ" და ნოდარ შუკაკიძე

დაკავებულია რეპერი და მსახიობი „კაბუც“, კახა აბუაშვილი, რომელიც პაატა ახალაძის ახლო მეგობარია და საფრანგეთში სამკუნალოდ იმუოფებოდა. დაპატიმრებულთა შორის ოთხი ქალია.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ევროპაში ქართული მაფიის ამ განშტოებას ბოლო წლებში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბინისა და მაღაზიის გაძარცვაში ედება ბრალი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შსს აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ოპერაციაში:

ისინი ქურდავდნენ ბინებს, მაღაზიებს, შემდეგ ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და ფულის გათეთრებას..ბრალდებულები საფრანგეთის და საბერძნეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან. სამმხრივი ოპერაცია გრძელდება სხვა დამნაშავეების დადგენის მიზნით“
მამუკა ჭელიძე, შსს-ს კრიმპოლი

„ისინი ქურდავდნენ ბინებს, მაღაზიებს, შემდეგ ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და ფულის გათეთრებას. სხვადასხვა ქალაქში გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არაერთი ნივთმტკიცება იქნა ამოღებული. ბრალდებულები საფრანგეთის და საბერძნეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან. სამმხრივი ოპერაცია, სადაც საქართველოს შსს აქტიურად არის ჩართული გრძელდება სხვა დამნაშავეების დადგენის მიზნით“

56 წლის ლაშა შუშანაშვილი ქართული მაფიის ბოსი, არაერთ უმძიმეს დანაშაულშია ბრალდებული. ბოლო პერიოდში, პოსტსაბჭოთა სივრცის „ქურდული სამყაროს“ აღიარებული ლიდერებიდან იგი პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც თავისუფლებას ინარჩუნებდა. ეს იმ ფონზე, როცა „ლაშა რუსთავსკიზე“ ძებნა იყო გამოცხადებული და მის ექსტრადირებას რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, ესპანეთი და საქართველოც მოითხოვდა.

ლაშა შუშანაშვილი მოსკოვში დაკავებისას, 2008 წელი
ლაშა შუშანაშვილი მოსკოვში დაკავებისას, 2008 წელი

საბერძნეთში, სადაც შუშანაშვილი 10 წელზე მეტია ცხოვრობს, მას „კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერობისთვის“ 2013 წელს, 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა დიავატის ციხეში, სადაც კონდიციონერით აღჭურვილ საკანში იჯდა და პირადი მზარეული ემსახურებოდა, შუშანაშვილმა მცირე დრო დაჰყო და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2015 წლის ბოლოს გირაოთი გათავისუფლდა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში შუშანაშვილი ორჯერ მოხვდა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქცირებულთა „შავ სიაში“, პირველად 2012 წელს, ძმასთან, ასევე „კანონიერ ქურდ“ კახა შუშანაშვილთან ერთად, რომელიც ამჟამად ესპანეთში 20 წლიან სასჯელს იხდის.

და, მეორედ 2017 წელს, უკვე როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. თავად შუშანაშვილი აცხადებს, რომ „კეთილსინდისიერი ბიზნესმენია და მაფიასთან არაფერი აკავშირებს“.

ლაშა შუშანაშვილი

იგივე "ლაშა რუსტავსკი", "ტოლსტი", "შანაში", "ესკობარი"

დაიბადა 1961 წლის 25 ივლისს რუსთავში, პირველი სასჯელი 18 წლის ასაკში მოიხადა. საქართველოს ტერიტორიაზე 1979-1991 წლებში სხვადასხვა დანაშაულის გამო რამდენჯერმე იქნა გასამართლებული. „კანონიერ ქურდად“ კრიმინალურ სამყაროში გავლენიანმა „ქურდმა“ გოგი ჩიქოვანმა „მონათლა“.

ლაშა შუშანაშვილი და გოგი ჩიქოვანი, 1990-იანი წლების დასაწყისი
ლაშა შუშანაშვილი და გოგი ჩიქოვანი, 1990-იანი წლების დასაწყისი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გადავიდა, მალევე პოსტ-საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ბოსის, თბილისელი „ქურდის“ ასლან უსოიანის იგივე „ბაბუა ჰასანის“ მარჯვენა ხელი გახდა. 2002 წელს რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ, საქართველოს მოქალაქობაზე უარი თქვა.

2006 წელს, ქურდული სამყაროს კიდევ ერთი ლიდერის, თბილისელი იეზიდის ზაქარია კალაშოვის („შაქრო მოლოდოი“) დაპატიმრების შემდეგ, შუშანაშვილისა და მისი ძმის კახა შუშანაშვილის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა, 2008 წელს როცა რუსეთი ორივეს დაატოვებინეს, ძმები ევროპაში გადაბარგდნენ და ესპანეთ-საბერძნეთის "მიმართულებას" აკონტროლებდნენ.

კახა შუშანაშვილი
კახა შუშანაშვილი

ლაშა შუშანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ერთის მხრივ, „ქუთაისელებისა“ (ტარიელ ონიანი) და „სოხუმელების“ (მერაბ ჯანგველაძე) და მეორეს მხრივ, „თბილისელების“ (უსოიანი, კალაშოვი) და „რუსთაველების“ (შუშანაშვილები) მრავალწლიან განგსტერულ ომში, რომელსაც ორივე მხრიდან არაერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის, „ბაბუა ჰასანიც“ შეეწირა.

ავსტრიის პოლიციისა და ევროპოლის ცნობით, 2009-10 წლებში შუშანაშვილი საქართველოში მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ცდილობდა. მაშინ ოფიციალური თბილისი შუშანაშვილს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. მოგვიანებით მან ეს ბრალდებები უარყო.

2013 წლიდან, ასლან უსოიანის მკვლელობის შემდეგ, მისი ქურდული იმპერიის რამდენიმე მილიარდიან ფინანსურ აქტივებს სწორედ შუშანაშვილი განაგებდა და პოსტ-საბჭოთა „ქურდული ოფისის“ დროებით მმართველად მიიჩნეოდა.

ლაშა შუშანაშვილი და ვიაჩესლავ ივანკოვი
ლაშა შუშანაშვილი და ვიაჩესლავ ივანკოვი

სწორედ ლაშა შუშანაშვილის ინიატივით მოაწერა ხელი 40-მდე "კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანის სასიკვდილო განაჩენს, რომელიც „ქურდული სამყაროს“ ორი „გენერალსიმუსის“ ვიაჩესლავ ივანკოვისა („იაპონჩიკი“) და ასლან უსოიანის მკლელობაშია ეჭვმიტანილი. შუშანაშვილის მთავარი კონკურენტი და დაუძინებელი მტერი ონიანი 10 წლიანი სასჯელის მოხდას ასრულებს და ციხეს აპრილის ბოლომდე დატოვებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG