ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუკიის ნაცვლად ხოვანსკის სასაფლაოზე


მარჯვნიდან მესამე - ასლან უსოიანი

რუსული მაფიის თბილისელმა მეფემ საქართველოში საბოლოო განსასვენებელი ვერ ნახა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:11 0:00
ბმული


რუსული მაფიის მეფედ წოდებული, ასლან უსოიანის ცხედარი, თბილისის, კუკიის სასაფლაოს ნაცვლად, გუშინ მოსკოვში ხოვანსკის სასაფლაოზე დამარხეს. ორდღიანი მცდელობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი მშობლიურ ქალაქში გადმოესვენებინათ უშედეგოდ დასრულდა.

75 წლის თბილისელი ასლან უსოიანი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „ბაბუა ჰასანის“ მეტსახელით იცნობდნენ, 16 იანვარს, მოსკოვის ცენტრში ქილერმა მოკლა. მალევე გახდა ცნობილი მოკლულის ანდერძი, რომ კუკიის სასაფლაოზე მისი მშობლების გვერდით დაემარხათ.

18 იანვარს, კანონიერი ქურდის ცხედარი მოსკოვიდან სპეცრეისით დონეცკში აღმოჩნდა. იქედან ლაინერი უკვე საქართველოში უნდა გამოფრენილიყო. ამ დროს, თბილისში, ლოტკინზე, წერონისის ქუჩაზე, სადაც უსოიანის მეუღლე დულში ავდოევა და ქალიშვილი ნუნუ უსოიანი ცხოვრობენ უკვე პანაშვიდი მიმდინარეობდა.

თუმცა, თითქმის ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მაფიოზის ცხედარი დონეცკიდან ისევ უკან მოსკოვში დააბრუნეს და გუშინ პრესისგან მალულად ხოვანსკის სასაფლასოზე დაკრძალეს. თბილისში მცხოვრებმა, უსოიანის ახლო ნათესავმა მამიშახ სალიმმა ამაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა

„ცხედრის მიღებაზე უარი თქვა საქართველოს მთავრობამ. მეტი ჩვენ არაფერი ვიცით. მამა და დედა აქ არის დასაფლავებული და ეგეც აქ უნდა დაკრძალულიყო.“

ბოლო ექვსი წელია საქართველოში ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსს სპეციალურად დაემატა ორი მუხლი, რომლითაც ქურდული სამყაროს წევრობა - 8 წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა - 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

2006 წლიდან საქართველოს ციხეებში 200-მდე კანონიერი ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი მოხვდა, ხოლო დანარჩენებმა ქვეყანა დატოვეს. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამბობს ახალი მთავრობა ძველ კურსს გააგრძელებს

„ამ მხრივ, ხისტი, ძალიან ხისტი დამოკიდებულება გვაქვს. ეს არის მონაპოვარი. ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრა, რომელიც ხორციელდებოდა უნდა იქნეს გაგრძელებული.

უშუალოდ რასაც ჰქვია კანონიერი ქურდები, ქურდული სამყარო, კანონიერი ქურდობა - ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს აღკვეთილი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ.“

ეთნიკური ქურთი და აღმსარებლობით იეზიდი ასლან უსოიანი თბილისში 1937 წელს დაიბადა. პირველი სასჯელი მან 19 წლის ასაკში, ჯიბის ქურდობისთვის მოიხადა. უსოიანი კანონიერ ქურდად 29 წლის ასაკში აკურთხეს.

საბჭოთა პერიოდში უსოიანის მთავარი სამიზნე ე.წ ცეხავშიკები, კოოპერატივები და ჩრდილოვანი ბიზნესი იყო. მისი ექსკლუზიური გავლენის სფეროებად, რუსეთის სამხრეთი, განსაკუთრებით, კრასნოდარის მხარე და კავკასიის რესპუბლიკები ითვლებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ასლან უსოიანი ე.წ თბილისური კლანის ლიდერად იქცა. მისი გავლენა და სიმდიდრე რუსეთში ჩრდილოვან ეკონომიკასთან ერთად იზრდებოდა. მაგალითისთვის, თუ, 1991 წელს, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 10 პროცენტი იყო; უკვე 1998 წელს თითქმის 70 პროცენტს მიაღწია; 2012 წელს კი 40 პროცენტი შეადგინა.

უსოიანის კლანი გავლენის სფეროების მოპოვების მიზნით წარმოებულ, ყველა მაფიოზურ ომში მონაწილეობდა. ამ „ომებს“ შეეწირნენ ისეთი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ: ამირან და ოთარ კვანტრიშვილები; სერგეი ტიმოფეევი; სერგეი მიხაილოვი, უსოიანის მოკავშირე, ვიაჩესლავ ივანკოვი იგივე იაპონჩიკი და სხვები;

თავად ასლან უსოიანზე ათამდე უშედეგო თავდასხმა განხორციელდა. 2010 წელს, ქილერმა უსოიანი მუცელშიც კი დაჭრა, თუმცა იგი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა.

ასლან უსოიანს რუსული მაფიის მეფედ და ნათლიმამად რუსულ პრესაში, 2009 წლის ზაფხულიდან მოიხსენიებდნენ. სწორედ მაშინ დააპატიმრეს მისი დაუძინებელი მტერი, ქუთაისის კლანის ლიდერი, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი.

ომი უსოიანსა და ონიანს შორის, კიდევ ერთი ქართულ-იეზიდურო წარმოშობის კანონიერი ქურდის, 2006 წელს, ესპანეთში გასამართლებული, ზაქარია კალაშოვის, იგივე, შაქრო მალადოის ბიზნესის გაკონტროლების მიზნით დაიწყო.

მოსკოვის ყოფილ მერ იური ლუჟკოვთან, სხვა გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან თუ სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებთან მეგობრობამ ასლან უსოიანი კრიმინალური იერარქიის უმაღლესს საფეხურზე აიყვანა.

რუსეთში დღეს ყველაზე გავრცელებული ვერსიით, უსოიანის შეკვეთილი მკვლელობა შესაძლოა, ტარიელ ონიანის სახელს უკავშირდებოდეს. 2010 წელს, უსოიანმა სწორედ ონიანს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, რომელსაც ხელს კიდევ 35 კანონიერი ქურდი აწერდა. ჟურნალისტი ოლეგ ლურე, რომელიც წლებია რუსეთში ორგანიზებული დანაშაულის შესახებ წერს, ამბობს

„ის, ალბათ ერთადერთი იყო რომელიც ახერხებდა დღეს მიმდინარე კლანური ომში ერთგვარი პარიტეტის, წონასწორობის შენარჩუნებას. და, ახლა როცა იგი მოკლეს დაიწყება ომი და გავლენის სფეროების მასობრივი გადანაწილება.“

ჯერჯერობით, უცნობია, საქართველოში ასლან უსოიანის დამარხვაზე უარის თქმა, გამონაკლისი შემთხვევაა, თუ ეს აკრძალვა მომავალშიც გაგრძელდება. კანონიერი ქურდების ჭირისუფალს აქამდე ასეთი პრობლემა არ შექმნიათ.

მაგალითად, 2010 წლის შემოდგომაზე, მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს, ასლან უსოიანის დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, კანონიერი ქურდის ანდრო თოფურიას ცხედარი. რუსეთში პოპულარული მომღერლის ქეთა თოფურიას მამას წესი ვაკის ეკლესიაში აუგეს, შემდეგ კი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ასლანს უსოიანის დაკრძალვის უჩვეულო ისტორია - პირველი გახმაურებული შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ცნობილი კანონიერი ქურდის ცხედარი ქვეყნის ტერიტორიაზე დაემარხათ.

P.S ასლან უსოიანის მკვლელობას პირველი შურისძიება უკვე მოჰყვა. 19 იანვარს ოკუპირებულ სოხუმში სასიკვდილოდ დაჭრეს კანონიერი ქურდი ასტამურ გულია, იგივე ასტიკ სუხიმსკი. იგი კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის დაჯგუფების წევრი იყო.

თავად, ონიანმა, რომელიც მოსკოვის ციხეში ათწლიან სასჯელს იხდის, ადვოკატის მეშვეობით, გაავრცელა განცხადება,რომ უსოიანის მკვლელობასთან არაფერი აკავშირებს

XS
SM
MD
LG