ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიაში თავშესაფარი მოითხოვა


ანდრეი მედვედევი, რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის ჯგუფის" ყოფილი მეთაური. 15 იანვარი, 2023 წ. ნორვეგია.
ანდრეი მედვედევი, რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის ჯგუფის" ყოფილი მეთაური. 15 იანვარი, 2023 წ. ნორვეგია.

ანდრეი მედვედევი, "ვაგნერის ჯგუფის" მეთაური, რომელიც უკრაინაში რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფებაში იბრძოდა, ნორვეგიაში გაიქცა და ოსლოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ის რუსეთის მიერ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნილი რუსი პატიმრებისადმი მოპყრობას და მათ მკვლელობას შეესწრო, შიშობს, რომ რუსები აღარ აცოცხლებენ.

მედვედევი ამბობს, რომ ჯგუფში 4-თვიანი კონტრაქტით გასულ წელს, 6 ივლისს გაწევრიანდა. მისი ვიდეო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Gulagu.net გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, ის ნორვეგიის პოლიციამ ხუთშაბათს გვიან ღამით, არქტიკის მხარეს, საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემდეგ დააკავა. მედვედევის თქმით, ის მავთულხლართებზე გადაძვრა, გაექცა სასაზღვრო ძაღლებს და აიცილა პატრულის ნასროლი ტყვიებიც.

მედვედევი ყვება, რომ ის ბავშვთა სახლში გაიზარდა, ახალგაზრდამ იმსახურა რუსეთის არმიაში და შემდეგ "ვაგნერის ჯგუფში" გაწევრიანდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც იხილა, თუ როგორ კლავდნენ ჯგუფში დეზერტირებს, გაქცევა გადაწყვიტა.

მისი მონათხრობის მიხედვით, რუსეთის ძალებში დანაკარგები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოსკოვმა პატიმრების ფრონტის წინა ხაზზე გაშვება დაიწყო. ეს მედვედევის თქმით, 2022 წლის მეორე ნახევარში მოხდა. დაჯფუფების შიდა უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით დაუნდობელი იყო დეზერტირების მიმართ, რომელთა მძიმე ჩაქუჩით მოკვლის სავარაუდო ვიდეო მათ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის Gulagu.net დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი ამბობს, რომ ის მედვედევს რუსეთის დატოვებაში დაეხმარა, მას შემდეგ, რაც "ვაგნერის ჯგუფის" წევრმა მათ საშველად მიმართა. უფლებადამცველებთან მედვედევმა თქვა, რომ ჯგუფი კონტრაქტს მისი ნებართვის გარეშე ახანგრძლივებდა.

მედვედევის ადვოკატი აცხადებს, რომ ის "ოსლოს მიდამოებში" იმყოფება, თუმცა ზუსტ ადგილს უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, არ ასახელებს. ახლა "მისთვის (მედვედევისთვის) მნიშვნელოვანია, რომ საიმიგრაციო სამსახურებმა მისი სტატუსი რაც შეიძლება მალე გაარკვიონ" - აღნიშნავს ადვოკატი ბრინიულფ რისნესი სააგენტო "როიტერთან" საუბარში. მან უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, თუ უკრაინის რა ნაწილში იბრძოდა მისი კლიენტი.

ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის ჯგუფის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მედვედევი მუშაობდა მათ ნორვეგიის ქვედანაყოფში, თუმცა ტყვეებს "არასათანადოდ" ეპყრობოდა. პრიგოჟინის პრესსპიკერი ნორვეგიელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "ფრთხილად იყავით, ის ძალიან საშიშია". პრიგოჟინის წარმომადგენელი დანარჩენ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG