ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორტნი: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი. საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.

კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ მანდატით აკვირდებოდა, ამბობს, რომ არჩევნებს ჰქონდა დადებითი და ამასთან, უარყოფითი ნაწილები. იალოვიცი ფიქრობს, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მოქალაქეობრივი ვალი სრული სერიოზულობითა და კანდიდატებისა თუ საარჩევნო პროცედურების ცოდნით გაეკეთებინა. არჩევნების შედეგები კი ყველაზე სანდო და ძირითადი გამოკითხვების შედეგებს/პროგნოზებს დაემთხვა.

კენეტ იალოვიცი
კენეტ იალოვიცი

კენეტ იალოვიცის აზრით, მიღებული შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის მოსახლეობის მიერ გაგზავნილი სერიოზული შეტყობინება იყო.​​

„არჩევნების წინ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა და სანდო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ მოქალაქეები აპათიურად არიან განწყობილნი და არ არიან კმაყოფილნი ქვეყნის მიმართულებით. ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა 15 ნიშნულით იმაზე ნაკლები აიღო, ვიდრე ისინი ელოდნენ, ხაზს უსვამს მათ გზავნილს მთავრობის მიმართ, თან ეს ყველაფერი მოხდა იმ დიდი ფინანსური უპირატესობისა და დახმარების მიუხედავად, რასაც მას პარტია უწევდა", - ამბობს იალოვიცი.

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა კამპანიის „ყველაზე უარყოფითი ფაქტორი იყო უპრეცედენტო, აგრესიული და პერსონიფიცირებული თავდასხმები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.”

კენეტ იალოვიცის აზრით, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთ პარტიის ხელში და სასამართლო არ არის სრულად დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და თავისუფალი მედია არის ერთადერთი გარანტი და პრევენცია ფართო საზოგადოებისთვის, რომ არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ლიდერებმა დაამკვიდრონ შესაბამისი და პატივისცემის გამომხატველი ტონი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოკრატიის დაცვაში.

იალოვიცი განმარტავს, რომ ოპოზიციური მედიის კრიტიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების "ფაშისტებად" მოხსენიება შესაძლოა საფრთხე იყოს ქართული დემოკრატიისთვის. ყოფილი ელჩი საქართველოს სხვა გამოწვევებზეც საუბრობს:

“არსებობს შეკითხვები სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ, მედიის დამოუკიდებლობისა და ფინანსური კეთილდღეობის მიმართ საფრთხეების შესახებ, მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჭვირვალობისა და ძალაუფლების კონცენტრაციის შესახებ”, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში. თუმცა ყოფილი ელჩი განმარტავს, რომ მთლიანობაში ეს არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. “ნაბიჯი წინ და ასევე შეხსენება იმისა, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა დავძლიოთ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე”.​

ყველაზე უარყოფითი ფაქტორი იყო უპრეცედენტო, აგრესიული და პერსონიფიცირებული თავდასხმები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.
კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის აზრით, ის ფაქტი, რომ მმართველი ძალა მიყოლებით, თანმიმდევრობით ვერ იგებს ყველა არჩევნებს ხშირად ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია და მეორე ტურიც ჩვეულებრივი და ნორმალური რამაა მრავალპარტიული დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვის. თუმცა კორტნი ამბობს, რომ იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, და თუ ეს მეორე ტურშიც განმეორდება “ამან შეიძლება ძალიან გაანაწყენოს საქართველოს უცხოელი მეგობრები”.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ მთავრობის თავდასხმებს კორტნიც უარყოფითად აფასებს და მისი თქმით, "იმედისგამაცრუებელია ის, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ჩირქი მისცხოს მის ოპოზიციას ტყუილი და შოვინისტური იარლიყების მიწებებით. უცხოელი მეგობრები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ის თუ რამდენად ძლიერია ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მახასიათებელია. ოპოზიციურ მედიაზე ოფიციალურმა წნეხმა კი შეიძლება საქართველოს დემოკრატიული იმიჯი შეასუსტოს", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში უილიამ კორტნი.

ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში ტელეკომპანია “იმედის” განცხადებასაც აფასებენ იმის შესახებ, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელის შესაშლელად საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

“დემოკრატიულ სახელმწიფოში ამომრჩევლის გადასაწყვეტია ის, თუ რომელმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს, და არა მედიის”, - ამბობს უილიამ კორტნი და ხაზს უსვამს მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობას. “მაღალი მონაწილეობა არის საუკეთესო გზა იმისა, რომ შედეგის პოლიტიკური ლეგიტიმურობა გაიზარდოს. მაგრამ, თუკი აქტივობა დაბალი იქნება, მისი თქმით, შეიძლება გაჩნდეს კითხვები არჩევნების სამართლიანობის თაობაზე და საქართველოს მიმართაც მეტი კრიტიკა იყოს.

კენეტ იალოვიციც ამბობს, რომ მას აშფოთებს ყველა ის ფაქტორი, რაც საფრთხეს უქმნის ან ასუსტებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას. "მესმის, რომ არჩევნები ბევრ რამეს ამწვავებს, მაგრამ მე არ მინდა ვნახო უკან გადადგმული ნაბიჯები, უკან - კონტროლირებული პრესისკენ", - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG