ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა: ნატოს გარდაქმნა და ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა


უცხოური პრესის მიმოხილვა: ნატოს გარდაქმნა და ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა
უცხოური პრესის მიმოხილვა: ნატოს გარდაქმნა და ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა

ნატომ აღმოსავლეთ ევროპის წევრ-სახელმწიფოების დაცვაზე დაიწყო ზრუნვა ("ეკონომისტი"); ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნა თანდათან რეალობას უახლოვდება ("ვაშინგტონ პოსტი")

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჟურნალ „ეკონომისტში“ 29 ივლისს გამოქვეყნებული სტატიით სათაურით „ენდე, მაგრამ მოამზადე სამხედრო გეგმები,“ რომელშიც ვკითხულობთ:

„ნატოს ალიანსის სამხედრო მთავარსარდლობის შტაბ-ბინაში, რომელიც ბელგიის ქალაქ მონსთან ახლოს მდებარეობს, უსიტყვო რევოლუცია დაიწყო. სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტები ფიქრობენ იმაზე თუ როგორ უნდა დაიცვას ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპის წევრი-სახელმწიფოები რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან. ცივი ომის დასრულების შემდეგ წლების მანძილზე ალიანსში გამეფებული იყო შეხედულება, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ამდენად ნატოს არ სჭირდება სამხედრო გეგმების შედგენა ახალი წევრი სახელმწიფოების დასაცავად, ბალტიის პირეთის ქვეყნების ჩათვლით.

ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს დამოკიდებულება ახლა შეიცვალა. თუმცა არავის სურს ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: ‘ჩვენ გაგვაჩნია ყველა საჭირო სამოქმედო გეგმა ყველა ჩვენი წევრის დასაცავად. მე ვფიქრობ, რომ რუსებს გაუკვირდებოდათ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო. სწორედ ეს არის ჩვენი ალიანსის არსებობის მთავარი მიზანი.’

ხსენებული ცვლილების ფონზე ნატოს როლი გარდაქმნის პროცესს განიცდის. აღსანიშნავია, რომ ბატონი რასმუსენი ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეპციის პროექტს წევრი-სახელმწიფოების მინისტრთა სხდომას მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარადგენს. ხოლო ამ დოკუმენტის საბოლოო ვერსია ლისაბონში ნოემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე უნდა დამტკიცდეს.

მაშინ როცა ავღანეთი თანდათან მხოლოდ ამერიკის სადარდებელი ხდება, ნატოში სულ უფრო ხშირია საუბრები ალიანსის ახალი როლის შესახებ. ამ კითხვაზე ერთი პასუხი ის გახლავთ, რომ აუცილებელია ახალი გამოწვევებისთვის, მაგალითად, კიბერ თავდაცვისთვის მომზადება. ამას გარდა, ზოგიერთ დამკვირებელს მიაჩნია, რომ ალიანსმა ინდოეთსა და ჩინეთთან უნდა განავითაროს ურთიერთობები. არსებობს ის მოსაზრებაც, რომ ნატო წესდებაში განსაზღვრული ამოცანების შესრულებას უნდა დაუბრუნდეს, რაც უწინარეს ყოვლისა წევრი-სახელმწიფოების თავდაცვის უზრუნველყოფას ნიშნავს. არ არის დასამალი ის, რომ პოსტ-კომუნისტური ქვეყნების უმრავლესობა ისევე როგორც ნორვეგია შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ყურადღების გამახვილებამ ეგრეთწოდებულ ‘საექსპედიციო’ სამხედრო ოპერაციებზე, მათ შორის ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, საგრძნობლად დაასუსტა ნატოს წესდების მეხუთე სტატიის მოქმედება, რომელიც კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფას ეთმობა. ამ მხრივ კრემლის ქცევამ მათ სადარდებელი მისცა. აქ იგულისხმება 2007 წელს რუსეთის კიბერ თავდასხმა ესტონეთზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2009 წელს დასავლეთ რუსეთში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელიც ვარშავაზე ბირთვული დარტყმის სიმულაციას შეიცავდა.

სამხედრო დაგეგმარების მიმართ უფრო ენერგიული მიდგომა მოკავშირე სახელმწიფოებს უდავოდ გაამხნევებს. შედეგად ბატონ რასმუსენს უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რასაც აგრეთვე ხელს უწყობს ამერიკის ‘გადატვირთვის’ პოლიტიკა. კონტაქტები რუსეთსა და ნატოს შორის, რომელიც გაყინული იყო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ახლა აღსდგა და ორივე მხარე ’XXI საუკუნის გამოწვევების’ ერთობლივი შეფასების განხორციელებაზე დათანხმდა.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ კრეგ ვითლოკის სტატიით სათაურით „შეერთებული შტატები მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნისკენ ირანის რაკეტებისგან დასაცავად,“ რომელიც გუშინ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„შეერთებული შტატების სამხედროები სულ ცოტა ხანში სამხრეთ ევროპაში ნაწილობრივ ანტი-სარაკეტო სისტემას აამოქმედებენ, რაც წარმოადგენს იმ გლობალური ძალისხმევის ნაწილს, რომელიც თეირანის მზარდი ბირთვული ამბიციების ფონზე ირანული რაკეტებისგან თავდაცვითი სისტემის შექმნისკენ არის მიმართული.

პენტაგონის ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა ხანში თურქეთსა ან ბულგარეთში მძლავრი სარადარო სადგური ამოქმედდება. სარადარო სადგურის გახსნა შესაძლებელს გახდის მომავალ წელს ანტი-სარაკეტო სისტემის პირველი ფაზის ამოქმედებას.

იმავდროულად შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად მუშაობენ ისრაელთან და სპარსეთის ყურის მოკავშირე ქვეყნებთან რეგიონში მძლავრი ანტი-სარაკეტო პლატფორმების შესაქმნელად. ამ მიზნით 2008 წელს შეერთებულმა შტატებმა ისრაელში ახალი სარადარო სადგური გახსნა. ამას გარდა, იგეგმება კიდევ ერთი სარადარო სადგურის აშენება სპარსეთის ყურის ერთ-ერთ მოკავშირე არაბულ სახელმწიფოში. რადარების ამოქმედება შესაძლებელს გახდის ირანიდან რაკეტების გაშვების ადრინდელ ამოცნობას, რაც, თავის მხრივ, მათ ჩამოგდების შანსებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში, ისრაელსა და სპარსეთის ყურეში განლაგებული სარადარო სადგურები ტექნიკური თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისგან ისევე როგორც განსხავდება მათი მწყობრში შეყვანის ტემპები. მაგალითად, ისრაელში მოქმედ რადარს ამერიკელი სამხედროები მართავენ და ის სრულად ფუნქციონირებს და აწვდის ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვაში მყოფ შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს.

ობამას ადმინისტრაციის მიერ ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის გეგმა ეფუძნება ეგრეთწოდებულ მოქნილ მიდგომას, რომელიც რამდენიმე სტადიას შეიცავს. პირველი სტადია ოფიციალურად მომავალ წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. ის ითვალისწინებს ‘აეჯისის’ სისტემით შეიარაღებული სამხედრო გემების მიერ ხმელთაშუა და შავი ზღვის პატრულირებას. ისინი დაკავშირებული იქნება მძლავრ სარადარო სადგურთან, რომელიც სამხრეთ ევროპის დასაცავად იგეგმება.

2015 წელს დაიწყება მეორე სტადია, რომელიც ითვალისწინებს რუმინეთში ‘აეჯისის’ ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო პლატფორმის განლაგებას.

ხოლო 2018 წლისათვის იგეგმება ანტი-სარაკეტო სისტემის შემდგომი გაფართოება. ამ მიზნით პოლონეთში განლაგდება ‘აეჯისის’ ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო პლატფორმა, რომელსაც დამატებითი სენსორები მოემსახურება. ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა მთლიანად მწყობრში 2020 წელს შევა.

პენტაგონის განცხადებით, ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა სამ მიზანს ემსახურება: ევროპის დაცვას, ევროპაში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დაცვასა, და ირანის შეკავებას რაკეტების შემდგომი განვითარებისგან.“

XS
SM
MD
LG