ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან ობამას ადმინისტრაციის ახალი ანტი-სარაკეტო სისტემის პროგრამის შესახებ


ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი გეგმა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეიცვალა ახალი მიდგომით. ეს ახალი მიდგომა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, „უფრო სწრაფად უზრუნველყოფს შესაბამის თავდაცვით უნარიანობას, დაეფუძნება უკვე შემოწმებულ სისტემებსა და უფრო საიმედოდ დაიცავს სარაკეტო თავდასხმისაგან ვიდრე ამას 2007 წელს შემუშავებული ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამა ითვალისწინებდა.“

პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ორ მთავარ ფაქტორს. პირველი ეს არის ის, რომ ირანის სარაკეტო პროგრამების შესახებ ახალი სადაზვერვო ინფორმაციის შეფასება ცხადყოფს, რომ ევროპას საშიშროებას უქმნის ირანის მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტები. ხოლო მეორე ფაქტორს წარმოადგენს ის წარმატებები, რომელიც ანტი-სარაკეტო ტექნოლოგიის სფეროში იქნა მიღწეული ამ ბოლო დროს. ლაპარაკია გამანადგურებელი რაკეტების განთავსებაზე მიწასა და ზღვაზე და მათი დამხმარე სენსორების ქსელის შექმაზე. პრეზიდენტ ობამას განცხადების თანახმად, ამ ახალი ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნას დასჭირდება უფრო ნაკლები დრო და იგი ბევრად უფრო ეფექტური და ნაკლებად ძვირი იქნება. რაც შეეხება პოლონეთსა და ჩეხეთს, სადაც ძველი ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტები უნდა განლაგებულიყო, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა:

„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენ ახლო მეგობრებსა და მოკავშირეებთან - ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთთან - რომლებიც დათანხმდნენ ძველი ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებაზე. მე ველაპარაკე ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის პრემიერ მინისტრებთან ამ გადაწყვეტილების შესახებ და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები. ჩვენი ერთობლივი ვალდებულება არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის განმტკიცება და ნატოს მეხუთე სტატია გვაიძულებს იმას, რომ თავდასხმა ალიანსის ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე.“

იმავე დღეს პენტაგონში გამართულ პრეს ბრიფინგზე, რომელიც ერთობლივად გამართეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ გენერალმა ჯეიმს კართრაიტმა უფრო დაწვრილებით ისაუბრებს ობამას ადმინისტრაციის ანტი-სარაკეტო სისტემის სტრატეგიის შეცვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, რაც შეეხება ახალი ანტი-სარაკეტო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტის - რადარის - შესაძლო განლაგებას, გენერალმა კართრაიტმა აღნიშნა: „უფრო შესაძლებელია, რომ რადარი კავკასიაში იქნება განლაგებული რადგან ჩვენ რაკეტების სროლის ნაადრევად დაფიქსირებას შევძლებთ იქ. ამიტომ სავსებით შესაძლებელია რომ სწორედ კავკასიაში განლაგდება ის.“

თეთრი სახლისა და პენტაგონის ევროპული უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის სტრატეგიის ამ მნიშვნელოვან ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მონტერეის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტთან არსებული ჯეიმს მარტინის სახელობის არაგამავრცელებლობის კვლევათა ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ლეონარდ სპექტორს.

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას ახალი ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში, ბატონმა სპექტორმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვინაიდან, თუ დავუშვებთ იმას, რომ ადმინისტრაცია სხვა მიზეზებით ხელმძღვანელობდა, როცა გადაწყვიტა ძველი ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნის გეგმაზე უარის თქმა, ეს შეცვლის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო რუსეთისთვის და ახლა მოხდა მისი მოცილება. შეიძლება ამას მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, თუმცა ჩვენ მას არ ველით. მაგრამ უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შედეგად ორმხრივ ურთიერთობებში შეიქმნება ურფო მშვიდი ატმოსფერო სხვა საკითხების განსახილველად.“

სპექტორს მიაჩნია, რომ ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რუსეთის გეოპოლიტიკური შეკავება, რაც იმ დროს ხორციელდებოდა მხოლოდ ირიბად პირდაპირი დაპირისპირების გარეშე. ამის ერთი მაგალითი იყო სამხედრო ბაზების გახსნა შუა აზიის სახელმწიფოებში. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო გარანტირება იმისა, რომ რუსეთი არასოდეს გახდებოდა შეერთებული შტატების პოტენციალური მოწინააღმდეგე. ამ მხრივ ანტი-სარაკეტო სისტემას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა რადგან შეერთებული შტატების სამხედრო ძალები განლაგდებოდნენ ჩეხეთსა და პოლონეთში, რაც სპექტორის აზრით არ იქნებოდა კარგად გათვლილი და წინდახედული ნაბიჯი ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან. სპექტორმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბუშის ადმინისტრაციისთვის ისევე როგორც რესპუბლიკური პარტიისთვის ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნას ენიჭებოდა და ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხოლო ობამას ადმინისტრაცია და დემოკრატები ნაკლებად იზიარებენ ამ შეხედულებას. სპექტორის თქმით: „ამდენად ჩვენ ავირჩიეთ სხვა, ბევრად უფრო შესაბამისი მიდგომა ირანის სარაკეტო საშიშროების მიმართ. ეს მიდგომა ეყრდნობა საშუალო რადიუსის გამანადგურებელი რაკეტების გამოყენებას შორი რადიუსის რაკეტების სანაცვლოდ, რომელთა განთავსება იგეგმებოდა პოლონეთში ძველი გეგმის თანახმად.“

სპექტორს მიაჩნია, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ვალდებულება მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა: „ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულება აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მიმართ სხვა საშუალებებით. ხოლო ამის განხორციელება შესაძლოა მოხერხდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ფარგლებში ან სხვა მეთოდებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთავარია არ შეიქმნას უსაფრთხოების ვაკუუმი.“

ინტერვიუს ბოლოს კითხვაზე თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ვაშინგტონის ანტი-სარაკეტო სისტემასთან მიმართებაში დათმობაზე წასვლა მოსკოვთან მაშინ, როცა რუსეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 2.2 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფა ვენესუელისთვის რომლითაც ჰუგო ჩავესი რუსული შეიარაღების შესყიდვას აპირებს, ბატონმა სპექტორმა დასძინა:

„ეს წარმოადგენს იმ რამოდენიმე განვითარების მაგალითს რუსეთში, რომელიც ნამდვილად არა არის პოზიტიური. ამის გარდა, რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს ირანზე ახალი სანქციების დაწესებას. ეს რასაკვირველია ხელს არ უწყობს შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს ირანთან მოლაპარაკების დაწყებამდე.“

XS
SM
MD
LG