ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთმა რუსეთთან, ერთის გარდა, ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა


ქვეყანაში მიგრანტების შედინების უჩვეულოდ მაღალი დონის გამო, ფინეთმა რუსეთთან საზღვრის რვა სამგზავრო გამშვები პუნქტიდან, ერთის გარდა, დროებით ყველა ჩაკეტა.

გასულ რამდენიმე კვირაში, რუსეთის გავლით, ფინეთში 700-ზე მეტი მიგრანტი შევიდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იემენი, ავღანეთი, კენია, მაროკო, პაკისტანი, სომალი და სირია. ჰელსინკი ამბობს, რომ მოსკოვს ისინი საზღვართან მიჰყავს. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

გასულ კვირაში ოთხი სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, ფინეთმა ღამით უკიდურესი ჩრდილოეთის რაჯა-ჯუუსეპის გარდა, ყველა სხვა პუნქტი ერთი თვით ჩაკეტა. ეს პუნქტი ჩრდილოეთ არქტიკულ რეგიონში მდებარეობს.

ფინეთის საზღვრის დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რაჯა-ჯუუსეპმა კარები პარასკევს, გრინვიჩის დროით 8:00 გააღო და თავშესაფრის თხოვნით განაცხადებს დღეში ოთხი სამუშაო საათის განმავლობაში მიიღებს.

ხუთშაბათს, სალლას და ვარტიუსის სასაზღვრო პუნქტებში, დაკეტვამდე, 92 არალეგალური მიგრანტი მივიდა. მაგრამ, ღამის საათებში, როდესაც პუნქტი არ მუშაობდა, მიგრანტები არ მისულან.

საზღვრის დაცვის უწყებამ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსისგან“ (Frontex) ათობით ოფიცერს ელის, რომლებიც რუსეთთან 1340 კილომეტრიანი საზღვრის პატრულირებაში დაეხმარებიან.

ნორვეგიას, რომელიც რუსეთს ფინეთის ჩრდილოეთით ესაზღვრება, ჯერჯერობით „უჩვეულო ვითარება არ განუცდია“, განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერმა პარასკევს, ესტონეთის დედაქალაქში ვიზიტისას.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ნორვეგია ფინეთ-რუსეთის საზღვარზე ვითარებას აკვირდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ჰელსინკისთან და ტალინთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.

ესტონეთმა, ფინეთის მსგავსად, მოსკოვს ბრალი დასდო რომ მიგრანტებს მის საზღვართან გზავნის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსეთის ქმედებას „ჰიბრიდული თავდასხმის ოპერაცია“ უწოდა.

XS
SM
MD
LG