ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში გამოქვაბულიდან ამ დროისთვის 8 ბავშვია გამოყვანილი


დღეს ტაილანდში გამოქვაბულიდან კიდევ 4 ბავშვი ამოიყვანეს. ნღვიმეში 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამაშველო ოპერაციების შემდეგ ამ დროისთვის სულ 8 მოზარდია გამოყვანილი.

პირველი ოთხი მოზარდი მყვინთავებმა და მაშველებმა კვირას ამოიყვანეს მიწის ზედაპირზე და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

ოჯახებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელი ბავშვები გამოიყვანეს მაშველებმა. თუმცა ტაილანდის საზღვაო ძალების ის დანაყოფი, რომელიც სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობს, ადასტურებს, რომ ამ დროისთვის 8 მოზარდია გამოყვანილი.

გამოქვაბულში მოზარდი ფეხბურელები და მათი მწვრთნელი 23 ივნისს შევიდნენ. გამოქვაბულის შესასვლელი კი ძლიერი წვიმის გამო წყლით დაიფარა და მათი გამოყვანა ამ დორმდე ვერ ხერხდებოდა. სამაშველო ოპერაციების დროულად დასრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან სინოპტიკოსების ცნობით, რამდენიმე დღეში ძლიერი წვიმები დაიწყება, რის შედეგადაც მათი გამოყვანა შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი გახდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ორშაბათს სამაშველო ოპერაციებში იგივე მყვინთავები მონაწილეობდნენ, რომლებიც კვირას, რადგან ისინი უკვე კარგად იცნობენ გამოქვაბულს.

მოზარდები და მწვრთნელი შესასვლელიდან დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივი დანაყოფის გარდა 13 საერთაშორისო მყვინთავია ჩართული. ორშაბათს ოპერაცია პირველი წარმატებული ოპერაციიდან 10 საათის შემდეგ განახლდა, ამ დროის მანძილზე მაშველები გამოსასვლელამდე განლაგებულ მოწყობილობებში ჟანგბადის მარაგებს ავსებდნენ.

სამაშველო ოპერაციებისას, პარასკევს ერთი მოხალისე დაიღუპა. მას გამოქვაბულიდან უკან დასაბრუნებელ გზაზე ჟანგბადი გაუთავდა.

12 მოზარდიდან აქამდე არც ერთმა არ იცოდა ყვინთვა, ზოგიერთმა მათგანმა კი ცურვაც არ იცის. თითოეულ ბავშვს გამოსასვლელისკენ ორი მყვინთავი მოაცილებს, ისინი მათ ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გვირაბებში მოძრაობასა და გასვლაში ეხმარებიან. მყვინთავების გამოქვაბულში შესვლას და მოზარდების გამოყვანას, დაახლოებით, 8 საათი სჭირდება.

მყვინთავები მშობლებს ბავშვების დანაბარებსაც ხშირად გადასცემენ. ერთმა მათგანმა შემწვარი ქათამი ინატრა. ერთმა მშობლებს სთხოვა მისი დაბადების დღე არ დაავიწყდეთ, ერთმა კი თქვა, რომ "ბედნიერია", მაგრამ ოჯახი ძალიან ენატრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG