ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო შეხვედრა - ფედერალური მოსამართლეები ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებაზე იმსჯელებენ


იუსტიციის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში
იუსტიციის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში

ოთხშაბათს, ფედერალური მოსამართლეების ეროვნული ასოციაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. მიზეზად ისინი იუსტიციის დეპარტამენტის ქმედებას ასახელებენ. ბრალდების მიხედვით, დეპარტამენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მეგობრის და თანამებრძოლის - როჯერ სტოუნის - სასამართლო პროცესში ჩაერია.

დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე "ამერიკის ხმას" თავად ორგანიზაციის პრეზიდენტმა, მოსამართლე სინტია რუფემ ამცნო. ის შეშფოთებას გამოთქვამს "მოსამართლეებზე ინდივიდუალურად მიტანილი იერიშების" გამო და აცხადებს, რომ ოთხშაბათს, დღის წესრიგში სწორედ ეს საკითხი იდგება. ინფორმაცია საგანგებო შეხვედრის სხვა დეტალებზე "ამერიკის ხმისთვის" ცნობილი არ არის.

იუსტიციის დეპარტამენტის ქმედებამ ვაშინგტონის პოლიტიკური და სამართლებრივი წრეების გაოცება გამოიწვია, როდესაც როჯერ სტოუნის საქმეში, მან განაჩენის შემსუბუქება მოითხოვა. ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის გამოძიების დროს, სტოუნს კონგრესში რამდენიმე ბრალდება დაუმტკიცდა. მათ შორის: ცრუ ჩვენებების მიცემა, მოწმეებზე ზეწოლა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

პროკურორებმა 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს, სასჯელი, რომელიც კანონით მსგავსი დანაშაულისთვისაა განკუთვნილი. იუსტიციის დეპარტამენტმა კი აღნიშნული სასჯელის შემსუბუქება მას შემდეგ მოითხოვა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ 7-9 წელი როჯერ სტოუნისთვის "საშინელი" და "უსამართლო" განაჩენი იქნება.

იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის შემდეგ, სამი პროკურორი როჯერ სტოუნის საქმეს იმ დღეებშივე ჩამოცილდა, მეოთხე კი საერთოდ სამსახურიდან წავიდა. სტოუნის განაჩენის გამოცხადება ხუთშაბათს იგეგმება. საბოლოო სიტყვა ახლა მოსამართლე ემი ბერმან ჯექსონს ეკუთვნის, რომელიც თავის დროზე თანამდებობაზე ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა.

როჯერ სტოუნის საქმემ კონგრესს ახალი თავსატეხი გაუჩინა. კანონმდებლები ცდილობენ გაარკვიონ, ხომ არ აქვთ საქმე პოლიტიკურ ზეწოლასთან ამერიკის ისტორიულად დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ წარმოებულ საქმეებში.

გასულ კვირას, პრეზიდენტმა ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უილიამ ბარი შეაქო იმისთვის, რომ მან როჯერ სტოუნის საქმის "სადავეები ხელში აიღო". დღეს ორივე უარყოფს, რომ ტრამპმა ბარს საქმეში ჩარევა მოსთხოვა. უილიამ ბარი მარტის დასაწყისში კონგრესში უნდა გამოცხადდეს.

როჯერ სტოუნის საქმეში ჩარევის გახმაურების გამო, იუსტიციის დეპარტამენტის 2 ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი უილიამ ბარის გადადგომას ითხოვს. ისინი ამერიკის დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

თავად უილიამ ბარს, ტრამპის განცხადებების შემდეგ, გასულ კვირაში თავის მართლება მოუწია. ტელეკომპანია "ეი-ბი-სისთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ ტრამპის ე.წ. ტვიტები ("ტვიტერის" გზავნილები) მას მუშაობაში ხელს უშლის და "საქმის კეთებას შეუძლებელს ხდის". უილიამ ბარმა ასევე თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას ის "დაჩაგროს, ან ზეწოლა მოახდინოს, იქნება ეს კონგრესი, გაზეთის რედაქცია, თუ პრეზიდენტი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG